ტრამპის ადმინისტრაციამ ხუთშაბათს დაადასტურა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან (WHO) გამოსვლის პროცესი დაასრულა. ეს გადაწყვეტილება ზუსტად ერთი წლის თავზე შევიდა ძალაში მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა.
ტრამპის ადმინისტრაციის არგუმენტები
ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტის (HHS) მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ორგანიზაციამ „თავის ძირითად მისიას გადაუხვია“ და აშშ-ის ინტერესების საზიანოდ არაერთხელ იმოქმედა. ჩინოსნების ძირითადი კრიტიკა COVID-19-ის პანდემიის პერიოდს უკავშირდება.
ადმინისტრაციის კრიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი პანდემიის დასაწყისში ორგანიზაციის დაგვიანებული რეაგირება გახდა. თეთრი სახლი მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალური საგანგებო მდგომარეობა დროულად არ გამოაცხადა, რამაც ვირუსის გავრცელების პრევენცია შეაფერხა. აშშ-ის წარმომადგენლების განცხადებით, პროცესის ამგვარად გაჭიანურებამ მსოფლიო მოსახლეობი მნიშვნელოვნად დააზარალა.
ამასთანავე, აშშ-ის უკმაყოფილება ორგანიზაციის მხრიდან გაჟღერებულმა კრიტიკამ გამოიწვია, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის მიერ მიღებულ პრევენციულ ზომებს მიემართებოდა. ადმინისტრაციისთვის მიუღებელი WHO-ს პოზიცია აღმოჩნდა, როდესაც ორგანიზაციამ გარკვეული ქვეყნებიდან ფრენებისა და მოგზაურობის შეზღუდვის აუცილებლობა ეჭვქვეშ დააყენა, რაც, ვაშინგტონის აზრით, ვირუსის შესაკავებლად გადამწყვეტი ნაბიჯი უნდა ყოფილიყო.
გარდა ამისა, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტი (HHS) სერიოზულ ფინანსურ და მმართველობით გადაცდომებსაც აღნიშნავს. მათი არგუმენტით, მაშინ როცა ამერიკის შეერთებული შტატები ორგანიზაციაში ყველაზე დიდი ფინანსური წვლილ შეჰქონდა, სხვა სახელმწიფოები, მათ შორის ჩინეთი, ბევრად ნაკლებს ხარჯავდნენ. მიუხედავად ასეთი მასშტაბური ინვესტიციისა, ორგანიზაციის არსებობის ისტორიაში გენერალურ პრეზიდენტად ამერიკის წარმომადგენელი არასოდეს ყოფილა არჩეული.
ექსპერტთა შეფასება
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები ამ ნაბიჯს უზარმაზარ შეცდომად და მეცნიერულად გაუაზრებელ გადაწყვეტილებად აფასებენ. ინფექციურ დაავადებათა ამერიკული საზოგადოების პრეზიდენტის, რონალდ ნაჰასის განმარტებით, გლობალური თანამშრომლობა აუცილებელია, რადგან ვირუსები სახელმწიფო საზღვრებს არ ცნობენ.
სპეციალისტები შიშობენ, რომ ორგანიზაციის დატოვება ისეთი საშიში დაავადებების მონიტორინგს საფრთხეს შეუქმნის, როგორიცაა, მაგალითად, ებოლა, და ყოველწლიური გრიპის ვაქცინების შესაბამისობის დადგენას ცირკულირებად შტამებთან მნიშვნელოვნად გაართულებს.
ტრამპის ადმინისტრაციის მიზნები
გაეროს წესების თანახმად, ორგანიზაციის დასატოვებლად ქვეყანამ ერთი წლით ადრე უნდა განაცხადოს და დავალიანება სრულად დაფაროს. გაეროს მონაცემებით, აშშ-ს ამჟამად 2024-2025 წლების პერიოდში WHO-სთვის 270 მილიონ დოლარზე მეტი მართებს. თუმცა, ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ 1948 წელს მიღებული WHO-ს წესდების მიხედვით, მათ ამ თანხის გადახდის ვალდებულება არ აქვთ.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ ორგანიზაციაში დაბრუნებას აღარ აპირებს, ადმინისტრაცია ამბობს, რომ ქვეყანა კვლავ გლობალური ჯანდაცვის ლიდერად დარჩება ორმხრივი შეთანხმებებისა და სხვა პარტნიორული ორგანიზაციების მეშვეობით.
თებერვლის დასაწყისში WHO-ს აღმასრულებელი საბჭოს სხდომაა დაგეგმილი, სადაც აშშ-ის გასვლის საკითხს ოფიციალურად განიხილავენ.
წყარო: ABC

