„ყოველთვის დაასრულეთ ანტიბიოტიკების კურსი“ — რატომ მიიჩნევა ეს ცნობილი სამედიცინო წესი მოძველებულად

გააზიარე

„ყოველთვის დაასრულეთ ანტიბიოტიკების კურსი“ — ეს ფრაზა წლების განმავლობაში მედიცინის ოქროს სტანდარტად მიიჩნეოდა. თუმცა, უტას უნივერსიტეტის (University of Utah Health) ახალი კვლევის თანახმად, ეს მიდგომა ბევრი დაავადების შემთხვევაში მოძველებულია, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მას კვლავ ბრმად ენდობა.

ჟურნალ Open Forum Infectious Diseases-ში გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა 1 475 ადამიანი გამოკითხეს. აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა თითქმის 90% დღემდე მიიჩნევს, რომ ანტიბიოტიკების სრული კურსის ბოლომდე მიყვანა აუცილებელია, თუნდაც თავს უკვე კარგად გრძნობდნენ. ეს მოსაზრება წარსულში ექიმების მიერ გაცემულ რეკომენდაციებსა და ფართოდ გავრცელებულ ჯანდაცვის კამპანიებს ეფუძნება.

თანამედროვე სამედიცინო მტკიცებულებები კი სულ სხვა რეალობაზე მიუთითებს. მაგალითად, თანამედროვე გაიდლაინების მიხედვით, პნევმონიის დროს ანტიბიოტიკის 3-5 დღიანი მოკლე კურსი ისეთივე ეფექტური და ბევრად უფრო უსაფრთხოა (ნაკლები გვერდითი მოვლენით), ვიდრე ტრადიციული ერთკვირიანი ან უფრო ხანგრძლივი მკურნალობა. მიუხედავად ამისა, ძველი სტერეოტიპების გამო, გამოკითხულთა 60% უპირატესობას მაინც ხანგრძლივ კურსს ანიჭებს.

კვლევის წამყვანი ავტორი, ალისტერ თორპი (Alistair Thorpe) განმარტავს, რომ მეცნიერების განვითარებასთან ერთად გაიდლაინები იცვლება, რაც სრულიად ნორმალური და პოზიტიური პროცესია. ხშირ შემთხვევაში, ანტიბიოტიკების ხანმოკლე მიღება მართლაც უკეთესი ალტერნატივაა. თუმცა, არსებობს გამონაკლისებიც (მაგალითად, ტუბერკულოზი), სადაც ხანგრძლივი მკურნალობა კვლავ კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

მკვლევრები საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებსა და ექიმებს მოუწოდებენ, აარიდონ თავი ზედმეტად გამარტივებულ, უნივერსალურ ფრაზებს და პაციენტებთან კომუნიკაცია გააუმჯობესონ. ექსპერტების მთავარი რეკომენდაციაა — ანტიბიოტიკის დანიშვნისას პაციენტმა უშუალოდ მკურნალ ექიმთან გაიაროს კონსულტაცია იმაზე, თუ კონკრეტულად მისი დიაგნოზისთვის მკურნალობის რა ხანგრძლივობაა ოპტიმალური და როდის არის მედიკამენტის მიღების შეწყვეტისთვის საუკეთესო დრო.

წყარო: Oxford Academic

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები