ეპილეფსიას ხშირად მყისიერად გულყრებს ვუკავშირებთ – სტერეოტიპს, რომლის გამოც ეს ორი განსხვავებული ცნება ხშირად სინონიმად იქცევა.
საზოგადოების თვალში გულყრა სწორედ ერთი, დრამატული ფიზიკური სურათით (კუნთების უნებლიე, უკონტროლო შეტევითი ხასიათის შეკუმშვით) შემოიფარგლება. რეალობა კი ბევრად უფრო კომპლექსური და მოულოდნელია.
ფოკალური ეპილეფსია, რომელიც ტვინის მკაცრად განსაზღვრულ უბანში ან ნეირონულ ქსელში იწყება, ხშირად სრულიად პარადოქსული და უცნაური ფორმებით შეიძლება გამოვლინდეს: უნებლიე მეტყველება, გაუაზრებელი ბგერები, სიმღერის ფრაგმენტების ღიღინიც კი.
ახალმა სისტემურმა მიმოხილვამ ათწლეულების კლინიკური შემთხვევები გააერთიანა, რათა ეპოვნა პასუხი მთავარ კითხვაზე: ეხმარება თუ არა ეს უჩვეულო მანიფესტაცია ექიმებს ტვინის დაზიანებული კერის ლოკალიზაციაში?
მიღებული შედეგები ღირებულ მინიშნებებს გვაძლევს, თუმცა მხოლოდ ერთი რომელიმე ქცევა ტვინის ზუსტ „რუკად“ ვერ გამოდგება. ამ ნიშნების სწორი ინტერპრეტაცია კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს – ის აუცილებლად უნდა შეფასდეს ვიდეო-ეეგ-ს, მრტ-ს, საჭიროების შემთხვევაში ინტრაკრანიალური ეეგ-ისა და სხვა დეტალების ფონზე.
სხვადასხვა ქცევა, სხვადასხვა ტერმინი

ფოკალური გულყრა თავის ტვინის ერთ-ერთ რომელიმე უბანში აღმოცენდება. მისი კლინიკური გამოვლინებები – ანუ გულყრის სემიოლოგია – ნაწილობრივ დამოკიდებულია ტვინის იმ უბნებსა და ქსელებზე, რომლებიც გულყრის პროცესშია ჩართული.
ახალი მიმოხილვა მკაფიოდ მიჯნავს ერთმანეთისგან ერთი შეხედვით მსგავს, მაგრამ არსებითად განსხვავებულ ფენომენებს:
ვერბალური ავტომატიზმები – გულყრის დროს წარმოთქმული, განმეორებადი სტერეოტიპული სიტყვები, ფრაზები ან წინადადებები.
ვოკალური ავტომატიზმები – არალინგვისტური, უსიტყვო ხმოვანი გამოვლინებები: ღრუტუნი, კვნესა ან სხვა ტიპის განმეორებადი ბგერები.
იქტალური სიმღერა და ღიღინი – უშუალოდ გულყრის პროცესში წამოწყებული მუსიკალური ფრაგმენტები (სიმღერა ან ღიღინი).
იქტალური მეტყველება – მდგომარეობა, როდესაც ადამიანს გულყრის დროს ლაპარაკი შეუძლია. თუმცა ავტორები ხაზს უსვამენ: მეტყველება ავტომატიზმი სულაც არ არის. ის მხოლოდ მაშინ იძენს ვერბალური ავტომატიზმის სტატუსს, როდესაც მკაცრად სტერეოტიპული და განმეორებადი ხასიათისაა.
მნიშვნელოვანი ნიუანსი:
მიმოხილვა მკაცრად განასხვავებს ჭეშმარიტ ვოკალურ ავტომატიზმებს მექანიკური თანმხლები ბგერებისგან. ტონური, კლონური თუ ტონურ-კლონური გულყრების, ასევე აპნოეს დროს წარმოქმნილი ხმები ავტომატურად ვოკალურ ავტომატიზმად არ ითვლება.
იძულებითი ამოსუნთქვით, სასუნთქი გზების მექანიკური მოძრაობით ან კუნთების დაძაბვით გამოწვეული ყვირილი თუ კვნესა სრულიად სხვა ფიზიოლოგიური მოვლენაა და მას არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტ გულყრისეულ ვოკალიზაციასთან.
რას მოიცავდა მიმოხილვა
მკვლევრებმა სისტემური მიმოხილვა PRISMA-ს სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად ჩაატარეს. მათ PubMed-ისა და Embase-ის მონაცემთა ბაზებში 2026 წლის 8 თებერვლამდე გამოქვეყნებული მასალები მოიძიეს და ანალიზისთვის ის რეცენზირებული ნაშრომები შეარჩიეს, რომლებსაც რეზიუმე ერთვოდა. საბოლოოდ, მტკიცებულებების სინთეზისთვის 44 კვლევა შეირჩა.
მტკიცებულებათა ბაზა მრავალფეროვანი იყო: იგი მოიცავდა ვიდეო-ეეგ კვლევებს, ქირურგიულ შემთხვევებს, ცალკეული კლინიკური შემთხვევების აღწერასა და კლინიკურ შემთხვევათა სერიებს. ავტორებმა ასევე შეაფასეს მიკერძოების (სელექციური და შეფასებითი) რისკი და განსაზღვრეს, თუ რამდენად სარწმუნოდ ჰქონდა თითოეულ კვლევას დადგენილი ეპილეპტოგენური ზონა.
ეს მიდგომა უმნიშვნელოვანესია, რადგან უშუალოდ გულყრის დროს გამოვლენილი ქცევა თავისთავად არ ადასტურებს იმას, თუ სად დაიწყო შეტევა. გულყრა შესაძლოა სწრაფად გავრცელდეს დაკავშირებულ ნეირონულ ქსელებში და ის არეალი, რომელიც კონკრეტულ ქცევას განაპირობებს – ე.წ სიმპტომატოგენური ზონა – შესაძლოა არ ემთხვეოდეს გულყრის აღმოცენების პირველად კერას.
ვოკალური ავტომატიზმები
ვოკალური ავტომატიზმები (კვნესა, ყვირილი, ხვნეშა და ა.შ) მიმოხილვაში ყველაზე საფუძვლიანად შესწავლილი ფენომენი იყო.
შუბლის წილის ეპილეფსიის ხუთი კვლევის გაერთიანებული მონაცემებით, ვოკალური ავტომატიზმების მქონე პაციენტების წილმა 41% შეადგინა (95%-იანი სანდოობის ინტერვალით 36%-დან 47%-მდე). საფეთქლის წილის ეპილეფსიის რვა კვლევაში კი შესაბამისი გაერთიანებული მაჩვენებელი 30% იყო (95%-იანი სანდოობის ინტერვალით 22%-დან 37%-მდე).
შესაბამისად, ანალიზის საფუძველზე, ვოკალური ავტომატიზმები მნიშვნელოვნად უფრო ხშირია შუბლის წილის ეპილეფსიის დროს, ვიდრე საფეთქლის წილის ეპილეფსიისას. თუმცა, რადგან საფეთქლის წილის კვლევებში მონაცემები საგრძნობლად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან (მაღალი ჰეტეროგენულობა), ეს ციფრები ზოგად ტენდენციას აჩვენებს და არა მზა სადიაგნოსტიკო წესს კონკრეტული პაციენტისთვის.
რა იწვევს ამ ხმებს?
ასეთ ვოკალიზაციაში მთელი განაწილებული ქსელია ჩართული, რომელიც ხორხისა და ვოკალურ-მოტორულ კონტროლზე აგებს პასუხს. კვლევებში გამოვლინდა მთელი რიგი უბნები: დამატებითი მოტორული ზონა, სარტყლის ხვეულის ქერქი (cingulate cortex), მოტორული ქერქი, ორბიტოფრონტალური და ფრონტოპოლარული არეები, ამიგდალა და ჰიპოკამპი.
სწორედ ტვინის სტრუქტურების ეს ფართო განფენილობა ხსნის მთავარ გაფრთხილებას: ვოკალური ავტომატიზმები ზოგად მინიშნებას გვაძლევს, მაგრამ საიმედოდ ვერ მიუთითებს ტვინის რომელიმე კონკრეტულ, პატარა უბანზე.
მარცხენა თუ მარჯვენა მხარე?
ანალიზმა აჩვენა სუსტი ტენდენცია იმისა, რომ ვოკალური ავტომატიზმები უფრო ხშირად მარცხენამხრივი ეპილეფსიის დროს ვლინდება, ვიდრე მარჯვენამხრივისას. თუმცა, სტატისტიკური მაჩვენებლები იმდენად მერყევია, რომ ამის საფუძველზე მკაფიო დასკვნის გამოტანა ჯერჯერობით ნაადრევია.
პრაქტიკული დასკვნა: ვოკალურმა ავტომატიზმებმა შესაძლოა გააჩინოს ეჭვი შუბლის წილის პათოლოგიაზე, თუმცა ის საიმედოდ ვერ ადგენს გულყრის დაწყების მხარეს და ვერც იმის გარჩევაში ეხმარება ექიმებს, თუ ზუსტად რომელი უბანია პროცესში ჩართული.
ვერბალური ავტომატიზმები
ვერბალური ავტომატიზმების შესახებ მტკიცებულებები ბევრად უფრო მწირი აღმოჩნდა და ძირითადად მცირე კვლევებსა თუ ცალკეულ შემთხვევებს ეყრდნობოდა, რის გამოც ფართო სტატისტიკური შეჯამება ვერ მოხერხდა. მიუხედავად ამისა, არსებული მონაცემები საინტერესო სურათს აჩვენებს:
საფეთქლის წილი: აღწერილი შემთხვევების აბსოლუტური უმეტესობა საფეთქლის წილის ეპილეფსიას უკავშირდებოდა (183 პაციენტიდან 31-ს ჰქონდა, მაშინ როცა შუბლის წილის შემთხვევაში მხოლოდ ერთ პაციენტთან დაფიქსირდა).
არადომინანტური ჰემისფერო: მარჯვენამხრივი დაზიანება (როგორც წესი, არადომინანტური ჰემისფერო) უფრო ხშირად ფიქსირდებოდა, ვიდრე მარცხენამხრივი.
ერთ-ერთი ყველაზე პარადოქსული და უჩვეულო აღმოჩენა უცხოენოვანი ვერბალური ავტომატიზმებია. ყველა აღწერილი პაციენტი მემარჯვენე გახლდათ და არადომინანტური საფეთქლის წილის ეპილეფსია ჰქონდა.
როგორც ჩანს, გულყრის აქტივობა დომინანტურ ჰემისფეროში არსებულ მეტყველების ჩვეულ ქსელებს აფერხებს, პარალელურად კი არადომინანტურ ჰემისფეროში ენობრივ რეპრეზენტაციებს ააქტიურებს. თუმცა, რადგან ეს იშვიათი შემთხვევებია, ამ ჰიპოთეზის ზოგად პრაქტიკულ წესად ქცევა ჯერჯერობით ნაადრევია.
პალილალია
მიმოხილვა ასევე მოიცავს პალილალიას – სიტყვის, ფრაზის ან წინადადების უნებლიე, მექანიკურ გამეორებას. ზოგჯერ პაციენტი სრულიად ნებაყოფლობით იწყებს საუბარს, რომელიც გულყრის პროცესში სტერეოტიპულ და განმეორებად მოქმედებად (ავტომატიზმად) გარდაიქმნება. მთავარი განმსაზღვრელი აქაც არა თვითონ მეტყველების ფაქტი, არამედ მისი მკაცრად განმეორებადი ხასიათია.
სიმღერა და ღიღინი
იქტალური (გულყრის დროს) სიმღერა და ღიღინი საკმაოდ იშვიათი ფენომენია. ვინაიდან ამის შესახებ მონაცემები ძირითადად მცირე კვლევებსა და ცალკეულ შემთხვევებს ეყრდნობა, მათი ზუსტი ლოკალიზაციური მნიშვნელობის შეფასება გართულებულია.
რატომ არის სიმღერა რთული პროცესი?
სიმღერა კომპლექსური ქცევაა – ის ერთდროულად მოიცავს მელოდიას, რიტმს, ვოკალურ კონტროლს და ნასწავლი ტექსტის გახსენებას. ეს ფუნქციები ტვინის ფართო, მუსიკალურ ქსელშია გადანაწილებული, რომელიც მოიცავს: საფეთქლის ზედა ქერქს, საფეთქელ-თხემის მიდამოებს, სარტყლის ხვეულის ქერქსა და ორმხრივ პრემოტორულ ზონებს.
ვინაიდან ეს ქსელი ტვინში ფართოდაა განფენილი, იქტალურ სიმღერას შეზღუდული ლოკალიზაციური და ლატერალიზაციური მნიშვნელობა აქვს – ანუ ის მარტივად ვერ მიუთითებს ტვინის კონკრეტულ წილზე ან მხარეზე. ზუსტად იგივე ითქმის ღიღინზეც, რომელიც ასევე მუსიკალური და ვოკალური ქსელების თანაკვეთით იბადება.
ერთ-ერთი შედარებით მასშტაბური კვლევის თანახმად, ღიღინი უფრო ხშირად საფეთქლის წილის ეპილეფსიას ახლდა თან, ხოლო სიმღერა – შუბლის წილისას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პროცესში მარჯვენა პრეფრონტალური ქერქი ერთვოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს დაკვირვებები საინტერესო ჰიპოთეზებისთვის კარგი საწყისია, ისინი ჯერ კიდევ არ არის იმ დონეზე თანმიმდევრული, რომ დამოუკიდებელ სადიაგნოსტიკო მარკერებად იქცეს.
რატომ არის ამ ნიშნების ინტერპრეტაცია რთული
გულყრის სემიოტიკა (კლინიკური ნიშნები) ძალზე ინფორმაციულია, თუმცა თითოეული ქცევა მკაცრად კონტექსტში უნდა შეფასდეს. საქმე ისაა, რომ გულყრის დროს გამოვლენილი კონკრეტული ქცევა შესაძლოა ასახავდეს:
უშუალოდ გულყრის აღმოცენების პირველად ზონას
სიმპტომატოგენურ უბანს, რომელიც აქტიურდება შეტევის გავრცელებისას
ტვინში მანამდე არსებული მოტორული ან ქცევითი პროგრამის შეუკავებლობას (დეზინჰიბირებას)
ფართოდ განფენილი ქსელის ჩართვას და არა რომელიმე ერთ, იზოლირებულ ქერქოვან ზონას
იქტალური და ინტერიქტალური ფაქტორების რთულ კომბინაციას
ამ სირთულეს განსაკუთრებით კარგად ვოკალური ავტომატიზმები აჩვენებს. ისინი ძირითადად მაშინ ირთვება, როდესაც გულყრის აქტივობა არღვევს შემაკავებელ კონტროლს ვოკალიზაციის ფართო ქსელში, რაც ტვინს ათავისუფლებს და სტერეოტიპულ მოტორულ პროგრამას აფრქვევს.
ვინაიდან მსგავსი ვოკალური ქცევის გამოწვევა ტვინის რამდენიმე სხვადასხვა უბანს შეუძლია, ამ ნიშანს უფრო მეტად ზოგადი „ქსელური მინიშნების“ ფასი აქვს და არა მკაცრი, ზუსტი ანატომიური მარკერის.
სწორედ ამიტომ, ერთი და იგივე ქცევა შეიძლება სრულიად განსხვავებული ეპილეფსიური სინდრომების დროს გამოვლინდეს – მისი ნამდვილი დიაგნოსტიკური ღირებულება კი მხოლოდ მაშინ იკვეთება, როდესაც მას სხვა თანმხლებ ნიშნებთან ერთად კომპლექსურად შევისწავლით.
რას ნიშნავს ეს ყველაფერი კლინიკური პრაქტიკისთვის?
მიმოხილვის ძირითადი მიგნებები მოკლედ ასე გამოიყურება:
ვოკალური ავტომატიზმები: საშუალო სანდოობის მტკიცებულებები ადასტურებს მათ კავშირს შუბლის წილის ეპილეფსიასთან (ასევე იკვეთება სუსტი, არამნიშვნელოვანი ტენდენცია მარცხენამხრივი ლოკალიზაციისკენ).
ვერბალური ავტომატიზმები: დაბალი სანდოობის მტკიცებულებები საფეთქლის წილის გულყრებსა და არადომინანტურ ჰემისფეროს მიანიშნებს, თუმცა მონაცემები ჯერ კიდევ მწირია.
უცხოენოვანი ავტომატიზმები: იშვიათი, პარადოქსული შემთხვევებია, რომლებიც ცალკეულ პაციენტებში მარჯვენა ამიგდალას ან არადომინანტური საფეთქლის წილის ჩართულობაზე მიუთითებს.
იქტალური სიმღერა და ღიღინი: დაბალი სანდოობის გამო ლოკალიზაციის დასადგენად ნაკლებად გამოდგება, რადგან მუსიკალური ქსელი ტვინში ძალიან ფართო და ცვალებადია.
სად არის ამ ნიშნების ჭეშმარიტი ადგილი?
ეს მიგნებები ყველაზე ფასეულია ფარმაკორეზისტენტული კეროვანი ეპილეფსიის მქონე პაციენტთა წინასაოპერაციო შეფასებისას. ისინი ეპილეფტოლოგთა გუნდს ეხმარება ჰიპოთეზების ჩამოყალიბებასა და კერის ძიებაში, თუმცა ის კვლევებს (ეეგ, მრტ, ნეიროფსიქოლოგიური ტესტირება) ვერ ჩაანაცვლებს.
თვითმხილველის აღწერილობა ან ოჯახის წევრის მიერ მობილურით გადაღებული ვიდეო შესაძლოა შეასფასებლად გადამწყვეტი აღმოჩნდეს – განსაკუთრებით მაშინ, როცა ქცევა მკაცრად სტერეოტიპულია.
მიუხედავად ამისა, მხოლოდ ღიღინის, სიმღერის, მეტყველების ან ვოკალიზაციის არსებობა ავტომატურად ვერ ადგენს დიაგნოზს, ვერ ამტკიცებს გულყრის ეპილეფსიურ ბუნებას და ვერც დაწყების ზუსტ კერას განსაზღვრავს – ის მხოლოდ ერთი, თუმცა ძალიან საინტერესო ფაზლია იმ დიდ მოზაიკაში, რომელსაც ექიმები ერთად აწყობენ.
მიმოხილვის შეზღუდვები
როგორც ავტორები აღნიშნავენ, ნებისმიერი დასკვნა მკაცრად არის შეზღუდული იმ მტკიცებულებათა ხარისხითა და რაოდენობით, რასაც ეს კვლევები ეფუძნება:
მწირი და იშვიათი მონაცემები: ვერბალური ავტომატიზმები, სიმღერა და ღიღინი ძირითადად ცალკეული შემთხვევების დონეზეა შესწავლილი. მიუხედავად იმისა, რომ ეს იშვიათი ფენომენების გამოსავლენად ძალიან მნიშვნელოვანია, მათ ხშირად ახასიათებთ პუბლიკაციის მიკერძოებულობა, რაც მათ ფართო განზოგადებას ართულებს.
მეთოდოლოგიური ჰეტეროგენულობა: მეტაანალიზმა ზოგიერთ შედარებაში მნიშვნელოვანი ცვალებადობა აჩვენა. ეს განპირობებულია იმით, რომ სხვადასხვა კვლევაში განსხვავებული იყო პაციენტების შერჩევის კრიტერიუმები, ტერმინოლოგია, გულყრის კლასიფიკაცია და კერის დადგენის მეთოდები.
ჰემისფეროების დომინანტობის საკითხი: ზოგიერთ ანალიზში მარცხენამხრივი ეპილეფსია ავტომატურად დომინანტური ჰემისფეროს ეპილეფსიად განიხილებოდა, ხოლო მარჯვენამხრივი – არადომინანტურად. მიუხედავად იმისა, რომ ეს პრაქტიკული გამარტივებაა, ის ყოველთვის ზუსტი ვერ იქნება: მეტყველებისა და მუსიკალური უნარების ორგანიზება ყველა ადამიანში ინდივიდუალურია და მხოლოდ ხელის დომინანტობით (მემარჯვენეობა/მემარცხენეობა) ტვინის რეალური სურათის ბოლომდე პროგნოზირება შეუძლებელია.
წყარო: Epileptic Disorders

