წინაგულთა ფიბრილაციის გამოვლენის უფრო გონივრული გზა?

გააზიარე

წინაგულთა ფიბრილაცია იშემიური ინსულტის ერთ-ერთი მთავარი პრევენცირებადი მიზეზია, თუმცა წლების განმავლობაში შესაძლოა, სრულიად შეუმჩნეველი დარჩეს – განსაკუთრებით მაშინ, როცა ეპიზოდები პერიოდულია ან არასპეციფიკური სიმპტომებით მიმდინარეობს. 

რუტინულ მეთვალყურეობასთან შედარებით სკრინინგი მისი გამოვლენის მეტ შანსს იძლევა, მაგრამ ყველას ერთდროული მონიტორინგი ძვირადღირებული, მოუხერხებელი და ამავე დროს, ჯანდაცვის რესურსების არაეფექტიანი განაწილებაა.

ახალმა საერთაშორისო კვლევამ აჩვენა, რომ გამოსავალი ელექტრონულ სამედიცინო ჩანაწერებშია. მკვლევრებმა შეიმუშავეს მანქანური სწავლების გამარტივებული მოდელი – FIND-AF 2.0, რომლის ვალიდურობა ხუთ ქვეყანაში შემოწმდა. მოდელმა წარმატებით გაიარა გამოცდა იმის დასადგენად, შეძლებდა თუ არა მოკლევადიანი ეკგ-მონიტორინგის წარმართვას.

მიღებული შედეგები სკრინინგის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად იმედისმომცემია. მიუხედავად ამისა, მონაცემები ჯერჯერობით პირდაპირ არ ამტკიცებს, რომ FIND-AF 2.0-ით წარმართული სკრინინგი ინსულტს თავიდან აგვაცილებს ან გადარჩენის მაჩვენებელს გაზრდის.

რატომ არის მიზნობრივი სკრინინგი მნიშვნელოვანი

წინაგულთა ფიბრილაცია (AF) გულის რიტმის ისეთი დარღვევაა, რომლის დროსაც სისხლი შესაძლოა წინაგულებში დაგუბდეს და თრომბები წარმოქმნას. ტვინში მოხვედრის შემთხვევაში კი ამ თრომბმა შესაძლოა იშემიური ინსულტი გამოიწვიოს.

პრობლემა ისაა, რომ ეს მდგომარეობა ხშირად უსიმპტომოა, ან მხოლოდ სხვა დაავადების გამოკვლევისას ვლინდება. კლინიკაში გადაღებული ნორმალური ელექტროკარდიოგრამა პაროქსიზმულ წინაგულთა ფიბრილაციას ვერ გამორიცხავს, ფართო მასების ხანგრძლივი მონიტორინგი კი დიდ დროსა და რესურსებს მოითხოვს.

სკრინინგისთვის პაციენტების შერჩევის არსებული მიდგომები ძირითადად ასაკს ან CHA₂DS₂-VASc სკალას ეფუძნება. ეს სკალა აფასებს ინსულტის რისკს იმ პირებში, რომლებსაც უკვე დაუდგინდათ წინაგულთა ფიბრილაცია და ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა: გულის უკმარისობა, ჰიპერტენზია, ასაკი, დიაბეტი, გადატანილი ინსულტი ან ტრანზიტორული იშემიური შეტევა, სისხლძარღვთა დაავადებები და სქესი. გარდა ამისა, იგი გვეხმარება იმ პაციენტების გამოვლენაში, რომლებსაც დიაგნოზის დადასტურებისთანავე პერორალური ანტიკოაგულანტები დასჭირდებათ.

თუმცა, ეს ფაქტორები სრულად მაინც ვერ განსაზღვრავს, ვის ემუქრება უახლოეს მომავალში წინაგულთა ფიბრილაციის დადგენის რეალური რისკი. სწორედ ამიტომ, მკვლევრებმა ლოგიკური კითხვა დასვეს: შესაძლებელია თუ არა რუტინულად შეგროვებული ელექტრონული ჩანაწერების გამოყენება მოკლევადიანი რისკების უფრო ზუსტი სტრატიფიკაციისთვის?

უფრო მარტივი მოდელის შექმნა

FIND-AF-ის თავდაპირველი მოდელი, რომელიც 2022 წელს გაერთიანებული სამეფოს პირველადი ჯანდაცვის მონაცემებზე დაყრდნობით შეიქმნა, 75 ცვლადს იყენებდა. მიუხედავად მაღალი სიზუსტისა, პარამეტრების ეს სიმრავლე ართულებდა მის ფართომასშტაბიან დანერგვას – რუტინულ პრაქტიკაში მრავალი მათგანი ხშირად გამოტოვებულია ან არათანმიმდევრულად აღირიცხება.

ამ გამოწვევის საპასუხოდ, FIND-AF 2.0-ში ცვლადების რაოდენობა 12-მდე შემცირდა:

ასაკი და სქესი

დიაბეტი და ჰიპერტენზია

გულის უკმარისობა და გულის იშემიური დაავადება

გადატანილი ინსულტი ან ტრანზიტორული იშემიური შეტევა (TIA)

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ)

გულის სარქვლოვანი დაავადება

თირკმლის ქრონიკული დაავადება

რევმატოიდული ართრიტი

ჰიპერთირეოზი

განახლებული მოდელი მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში წინაგულთა ფიბრილაციის ან წინაგულთა თრთოლვის ახალი დიაგნოზის ალბათობას აფასებს. ის თავდაპირველად ბრიტანულ მონაცემებზე აიგო, შემდგომ კი მისი საიმედოობა იაპონიის, ისრაელის, კანადისა და ჰონგ-კონგის მონაცემთა ბაზების გამოყენებით შემოწმდა.

მნიშვნელოვანი უპირატესობა: ხუთივე მონაცემთა ბაზაზე ჩატარებულმა რეტროსპექტულმა ანალიზმა თითქმის 13 მილიონი ადამიანი მოიცვა. მოდელი წარმატებით მოერგო ყველა გარე ვალიდაციის კოჰორტას – რაც დიდი უპირატესობაა იმ ტრადიციულ რისკ-ქულებთან შედარებით, რომლებიც ისეთ ცვლადებს მოითხოვს, როგორიცაა წონა, სიმაღლე, მწეველობის სტატუსი ან არტერიული წნევა.

რამდენად ეფექტიანი აღმოჩნდა  FIND-AF 2.0?

სიზუსტის შენარჩუნება: ბრიტანულ კვლევაში მოდელის პროგნოზირების სიზუსტემ (რომელსაც ექსპერტები AUROC-ით ზომავენ) 0,819 შეადგინა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მოდელი თითქმის ისეთივე ზუსტია, როგორც მისი რთული, 75-ცვლადიანი წინამორბედი (რომლის მაჩვენებელიც 0,824 იყო), მიუხედავად იმისა, რომ ახლა გაცილებით ცოტა მონაცემს იყენებს.

საერთაშორისო შედარება: იაპონიაში, კანადასა და ჩინეთში FIND-AF 2.0-მა აჯობა სხვა ტრადიციულ და გავრცელებულ სკრინინგ მეთოდებს (CHA₂DS₂-VASc და C2HEST) ახალი დიაგნოზის მქონე პაციენტების იდენტიფიცირებაში. გამონაკლისი იყო ისრაელი, სადაც ყველა შედარებულმა მოდელმა ერთნაირად მაღალი სიზუსტე აჩვენა და მათ შორის აღსანიშნავი სხვაობა არ დაფიქსირებულა

გამარტივებულ მოდელში ყველაზე გავლენიანი ცვლადები იყო: ასაკი, გულის უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება, გულის სარქვლოვანი დაავადება და ჰიპერტენზია.

მიღებული შედეგები ცხადყოფს, რომ მცირე ზომის მოდელს თავდაპირველი სისტემის პროგნოზირების ძირითადი პოტენციალის შენარჩუნება შეუძლია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ გამარტივება არ ნიშნავს კლინიკური სიზუსტის შემცირებას – ან იმას, რომ მოდელს პაციენტისთვის დიაგნოზის დასმა ეკგ-მონიტორინგის გარეშე შეუძლია.

რას ნიშნავს ეს შედეგები პრაქტიკაში?

FIND-AF 2.0-ის მთავარი მიზანი არ არის დიაგნოზის დასმა, არამედ იმ პაციენტთა იდენტიფიცირება, ვისაც წინაგულთა ფიბრილაციის (AF) განვითარების მაღალი რისკი აქვს და ვისთვისაც ეკგ-მონიტორინგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მოდელის უპირატესობა სიმარტივეა: ის ეყრდნობა მხოლოდ მცირე რაოდენობის მონაცემს, რომელიც ნებისმიერ ელექტრონულ ბაზაში მარტივად მოიძიება.

თუმცა, მნიშვნელოვანია გვესმოდეს შეზღუდვები:

ეს არ არის დიაგნოსტიკური ხელსაწყო: მოდელი მხოლოდ ავლენს იმ ადამიანებს, ვისაც ექიმმა ყურადღება უნდა მიაქციოს.

ინსულტის პრევენცია: კვლევა პირდაპირ არ ამტკიცებს, რომ ამ მოდელის გამოყენება ინსულტს თავიდან აგვაცილებს. წინაგულთა ფიბრილაციის მხოლოდ 51 შემთხვევის გამოვლენა და რანდომიზებული საკონტროლო ჯგუფის არარსებობა მეტ სიფრთხილეს მოითხოვს. გარდა ამისა, ეკგ-მონიტორინგიც კი ვერ იძლევა 100%-იან გარანტიას, რადგან ჩანაწერებს შორის პერიოდში შესაძლოა გულის რითმის დარღვევა შეუმჩნეველი დარჩეს.

კავშირი ინსულტის რისკთან: ანალიზმა აჩვენა, რომ მაღალი რისკის მქონე პაციენტებს, რომლებიც არ იღებდნენ ანტიკოაგულანტებს, ინსულტის უფრო მაღალი ალბათობა ჰქონდათ. ეს ადასტურებს, რომ მოდელი რისკებს სწორად აფასებს, თუმცა ჯერ არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ის ინსულტს არსებულ სტანდარტებზე (მაგ. CHA₂DS₂-VASc) უკეთ პროგნოზირებს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

წინაგულთა ფიბრილაციის სკრინინგი სამედიცინო წრეებში დღემდე დისკუსიის საგანია. მაშინ როცა ზოგიერთი გაიდლაინი სკრინინგს ხანდაზმულებისთვის რეკომენდაციას უწევს, აშშ-ის პრევენციული მომსახურების სამუშაო ჯგუფის (USPSTF) შეფასებით, დღეისთვის საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს იმის დასამტკიცებლად, რომ სკრინინგი ჯანმრთელობის საერთო მაჩვენებლებს აუმჯობესებს.

საბოლოო ჯამში, კითხვა არ არის მხოლოდ ის, თუ რამდენ დაავადებულს აღმოვაჩენთ. მთავარი გამოწვევაა, როგორ გამოვავლინოთ დაავადება ადრეულად და ვუმკურნალოთ ისე, რომ პაციენტებს არ მივაყენოთ ზიანი: არ გამოვიწვიოთ ჰიპერდიაგნოსტიკა, არასაჭირო მკურნალობა, სისხლდენის რისკი ან ზედმეტი შფოთვა.

ამ კითხვებზე ზუსტი პასუხის გასაცემად მომავალში საჭიროა ფართომასშტაბიანი რანდომიზებული კვლევები, რომლებიც FIND-AF 2.0-ის ეფექტიანობას რუტინულ სკალებს შეადარებს.

წყარო: Circulation



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები