ჯანდაცვის ინფლაცია ოქტომბერში 8,4%-მდე გაიზარდა — რა აძვირებს სამედიცინო სერვისებს?

გააზიარე

საქართველოში ბოლო თვეებში ჯანდაცვის ინფლაცია დაჩქარდა და ოქტომბერში 8,4%-ს მიაღწია. საქსტატის ოფიციალური მაჩვენებლებით, ზოგიერთი მედიკამენტი და სამედიცინო სერვისი 5-15%-ით გაძვირდა, ხოლო ამბულატორიულ მომსახურებაში პაციენტებს შარშანდელთან შედარებით თითქმის 12%-ით მეტის გადახდა უწევთ.

ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაია მახარაშვილის განმარტებით, ფასების მატება, ძირითადად, მედიკამენტების გაძვირებით და სამედიცინო დაწესებულებების საოპერაციო ხარჯების, კერძოდ, პერსონალის ხელფასებისა და სახარჯი მასალების ღირებულების, ზრდითაა განპირობებული. მისი თქმით, ბოლო 4 წლის განმავლობაში ჯანდაცვის სფეროში ხელფასები დაახლოებით 40%-ით, ხოლო სახარჯი მასალები 25%-ით გაიზარდა.

ფასების მატება სადაზღვევო სექტორსაც შეეხო. ოქტომბერში დაზღვევის კატეგორიაში ფასების 8,5%-იანი ზრდა დაფიქსირდა. სადაზღვევო კომპანია „არდის“ გენერალური დირექტორი, მიხეილ ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ კომპანიის სადაზღვევო პოლისებზე ფასების ზრდა სტაბილურად 10%-ის ფარგლებშია. მისი ვარაუდით, ზოგიერთ კომპანიაში ფასების მყისიერი მატება წინა პერიოდებში ფასის ზრდის დაყოვნებამ გამოიწვია, რის გამოც ეს ეფექტები ახლა ერთდროულად აისახა.

პარალელურად, ჯანდაცვის ინფლაციის მიზეზებს კონკურენციის სააგენტო სწავლობს. სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, 2021-2025 წლების პერიოდისთვის 13 000-მდე სამედიცინო სერვისი შეისწავლეს, საიდანაც დაახლოებით 400 სერვისზე 100%-იანი და მეტი ფასნამატი გამოვლინდა. მიუხედავად ამისა, ლექვინაძე აღნიშნავს, რომ ბაზარი კონკურენტულია და კლინიკებს შორის კონკურენცია რეალურად არსებობს.

მაია მახარაშვილი სააგენტოს მონაცემებს ეხმაურება და ამბობს, რომ 400 სერვისი შესწავლილი რაოდენობის მხოლოდ 3%-ს შეადგენს და მომსახურებაზე ფასების რადიკალური ზრდა არ ფიქსირდება. დასაბუთდება თუ არა არსებული მაღალი ფასნამატები, კონკურენციის სააგენტოს საბოლოო ანგარიშში გამოჩნდება, რომელიც წლის ბოლოს გამოქვეყნდება.

ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე ინფლაციის ზრდას ნაწილობრივ გაუაზრებელ რეგულაციებს (მაგალითად, რეფერენტულ ფასებს) და მედიკამენტების გაძვირებას უკავშირებს, რაც საბოლოოდ მომხმარებლის ჯიბეზე აისახება. ის ასევე მიუთითებს არარაციონალურ მკურნალობასა და ზედმეტი კვლევების დანიშვნაზე, რაც, მისი თქმით, კლინიკური სტანდარტების უგულებელყოფის შედეგია.

ცნობისთვის, ოქტომბრის მდგომარეობით ქვეყანაში ინფლაციის საერთო დონე 5.9%-ს შეადგენდა, საიდანაც ჯანდაცვის ინფლაციის წვლილი 0.69 პროცენტული პუნქტი იყო.

წყარო: BM.GE 

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები