აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) პრეპარატი Wilserdly (გირედესტრანტი) დაამტკიცა. დღეში ერთხელ მისაღები პერორალური აბი, რომელიც ოპერაციის შემდეგ დამოუკიდებელ თერაპიად ინიშნება ესტროგენის რეცეპტორ-დადებითი, HER2-უარყოფითი ძუძუს კიბოს მქონე ზრდასრულებში (I–III სტადია, რეციდივის საშუალო ან მაღალი რისკით). ეს ბოლო ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში პირველი ახალი ჰორმონული თერაპიაა ადრეული სტადიის ძუძუს კიბოსთვის.
პრეპარატი ესტროგენის რეცეპტორების პერორალური ანტაგონისტია, ის ბლოკავს ესტროგენის კავშირს სიმსივნურ უჯრედებთან და თავად რეცეპტორებს შლის, რითაც სიმსივნის ზრდის მთავარ მექანიზმს თიშავს. FDA-ის ონკოლოგიის ცენტრის დირექტორის, ანჯელო დე კლაროს თქმით, კლინიკურმა მტკიცებულებებმა დაადასტურა, რომ Wilserdly ოპერაციის შემდეგ დაავადების დაბრუნების რისკს არსებულ ჰორმონულ თერაპიებზე ეფექტურად ამცირებს.
მესამე ფაზის კლინიკურ კვლევა lidERA-ში, რომელშიც 4 170 პაციენტი მონაწილეობდა, Wilserdly-მ სტანდარტულ ჰორმონულ თერაპიასთან (ტამოქსიფენი ან არომატაზის ინჰიბიტორები) შედარებით ინვაზიური ძუძუს კიბოს რეციდივის ან სიკვდილის რისკი 30%-ით შეამცირა. სამწლიანი დაკვირვების შემდეგ Wilserdly-ის ჯგუფში ინვაზიური კიბოს გარეშე გადარჩენის მაჩვენებელი 92.4% იყო, სტანდარტული თერაპიის ჯგუფში კი — 89.6%.
Wilserdly-ის ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენებია (≥10%) კუნთებისა და სახსრების ტკივილი, წამოხურება, დაღლილობა, თავის ტკივილი, გულისრევა, შენელებული გულისცემა, თავბრუსხვევა და კიდურებში დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება. სისხლის ანალიზებში ხშირია ღვიძლის ფერმენტებისა და ლიპიდების მატება, სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება, ასევე მინერალების დონისა და თირკმლის მაჩვენებლების ცვლილება. პრეპარატი საფრთხეს უქმნის ნაყოფს ორსულობის დროს. ქალებმა, რომლებსაც მენოპაუზა არ დაუსრულებიათ, Wilserdly-სთან ერთად ჰორმონის დამთრგუნველი დამატებითი მედიკამენტი უნდა მიიღონ; პრეპარატის დანიშვნა ექიმის გადაწყვეტილებით კაცებისთვისაც დაშვებულია.
მანამდე, 16 ნოემბერს, FDA-მ Wilserdly ევეროლიმუსთან კომბინაციაში დაამტკიცა ESR1 მუტაციის მქონე შორსწასული ან მეტასტაზური ძუძუს კიბოს სამკურნალოდ იმ ზრდასრულებში, რომელთა დაავადებამაც წინა ენდოკრინული თერაპიის ფონზე პროგრესირება ან რეციდივი განიცადა. განაცხადმა პრიორიტეტული განხილვის სტატუსი მიიღო, ავტორიზაცია კი Roche-ის ჯგუფის წევრ კომპანია Genentech-ს მიენიჭა.
წყარო: FDA

