back to top

ახალი პერსპექტივა ძვლის კიბოს მკურნალობაში: ანალგეტიკები აჩერებენ ოსტეოსარკომის ზრდას

გააზიარე

ჯონს ჰოპკინსის სამედიცინო სკოლის კვლევამ, რომელიც სამეცნიერო ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა, მნიშვნელოვანი აღმოჩენა დაადასტურა: აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) მიერ უკვე დამტკიცებული ორი ანალგეტიკური პრეპარატი – ბუპივაკაინი (ნერვული ტკივილისთვის) და რიმეჯეპანტი (შაკიკისთვის) – ოსტეოსარკომის ანუ ძვლის ავთვისებიანი სიმსივნის ზრდას ანელებს.

ოსტეოსარკომა იშვიათი, მაგრამ აგრესიული კიბოს სახეობაა, რომელიც ყველაზე ხშირად მოზარდებსა და ახალგაზრდებს აზიანებს. ის ხშირად ასოცირდება ძლიერ ტკივილთან, რაც პერიფერიული აფერენტული ნეირონების სიმსივნეში შეღწევითაა გამოწვეული. კვლევის ავტორებმა თაგვების მოდელზე აჩვენეს, რომ ეს მედიკამენტები არა მხოლოდ ამსუბუქებს სიმსივნესთან დაკავშირებულ ტკივილს, არამედ აფერხებს კიბოს უკონტროლო ზრდას.

მკვლევრები მიიჩნევენ, რომ პრეპარატების ანტი-სიმსივნური ეფექტი განპირობებულია CGRP, TrkA და NGF ცილებს შორის ნეირონულ-სიმსივნურ სიგნალიზაციაზე ზემოქმედებით. ამ ცილების ინჰიბირებით, მედიკამენტები ეფექტურად აჩერებს სიმსივნეში ორ სასიცოცხლო პროცესს: ინერვაციას (ახალი ნერვული ქსოვილის გაღივება) და ანგიოგენეზს (ახალი სისხლძარღვების ფორმირება).

აღნიშნული კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან სიმსივნე გადარჩენისა და ზრდისთვის ორივე ამ ქსელს იყენებს: ნერვები ხელს უწყობს მის ზრდას, ხოლო სისხლძარღვები სიმსივნეს ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით ამარაგებს, რითაც უზრუნველყოფს მის უკონტროლო გამრავლებასა და მეტასტაზირებას.

დამატებით, TrkA აქტივობის ინჰიბირება ამცირებს სიმსივნესთან ასოცირებულ მაკროფაგებსაც, რაც ხელს უშლის სიმსივნის პროგრესირებას და ქიმიოთერაპიისადმი რეზისტენტობას.

ეს აღმოჩენა პერსპექტივას ქმნის, რომ უკვე არსებული მედიკამენტები მომავალში ოსტეოსარკომის სამკურნალო ანტი-სიმსივნურ საშუალებებად იქნას გამოყენებული.

წყარო:  PNAS

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები