back to top

ბავშვთა ჰიპერტენზიის გლობალური ეპიდემია

გააზიარე

ბავშვობა ტრადიციულად სიცოცხლის ყველაზე ჯანსაღ პერიოდად მიიჩნევა, თუმცა თანამედროვე სამყაროში ახალი, ფარული საფრთხე იკვეთება. არტერიული ჰიპერტენზია, რომელიც დიდხანს მხოლოდ ზრდასრულთა დაავადებად აღიქმებოდა, დღეს ბავშვებისა და მოზარდების ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთ უმთავრეს გლობალურ გამოწვევად იქცა. ტონომეტრზე დაფიქსირებული მაღალი მაჩვენებლების მიღმა იმალება პროცესი, რომელიც შეუქცევადად აზიანებს გულსა და თირკმელს, რაც სამომავლოდ ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებს.

ამ ფარული ეპიდემიის მასშტაბებსა და რისკებს დეტალურად მიმოიხილავს ჟურნალ The Lancet Child & Adolescent Health-ში გამოქვეყნებული უახლესი ფუნდამენტური ნაშრომი. მიმოხილვა 19 წლამდე ახალგაზრდებში პირველადი ჰიპერტენზიის ყოვლისმომცველ ანალიზს გვთავაზობს და ფარავს ისეთ კრიტიკულ ასპექტებს, როგორიცაა გავრცელების გლობალური ტენდენციები, რისკ-ფაქტორები, სამიზნე ორგანოების ადრეული დაზიანება და არაადეკვატური მკურნალობა, განსაკუთრებული აქცენტით დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებზე (LMIC). 

ჰიპერტენზია მსოფლიოში ზრდასრული მოსახლეობის თითქმის მესამედს აწუხებს და პრევენცირებადი სიკვდილიანობის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად რჩება. 6-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში ჰიპერტენზიის პრევალენტობა უკვე 4.28%-ს შეადგენს, თუმცა რეგიონული მაჩვენებლები გაცილებით საგანგაშოა: აფრიკაში ეს ციფრი 7.4%-ს, ხოლო ნეპალში 9.4%-ს აღწევს. 

სიმსუქნის მზარდი მაჩვენებლებისა და არასწორი კვების ფონზე, დაავადება ხშირად შეუმჩნევლად მიმდინარეობს და არ დიაგნოსტირდება. ბავშვობაში დაფიქსირებული მაღალი წნევა ზრდასრულ ასაკში გულ-სისხლძარღვთა დაავადებათა რისკს ორმაგად, ხოლო თირკმლის დაზიანების ალბათობას – სამმაგად ზრდის. მიუხედავად ამისა, სკრინინგის მოცვა საგრძნობლად დაბალია, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, სადაც მაღალი წნევით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევების 88% ფიქსირდება.

კვლევის მონაცემები ნათლად ადასტურებს სხეულის მასასა და არტერიულ წნევას შორის არსებულ მჭიდრო კავშირს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ჰიპერტენზიის განვითარების რისკი დრამატულად იცვლება წონითი კატეგორიების მიხედვით. კერძოდ, ჭარბწონიან და მსუქან მოზარდებში დაავადების გავრცელება 18.5%-ს აღწევს – რაც იმას ნიშნავს, რომ საფრთხის წინაშე თითქმის ყოველი მეხუთე ბავშვი დგას – მაშინ როცა ნორმალური წონის მქონე თანატოლებში ეს მაჩვენებელი 4.8%-მდე მცირდება, ხოლო წონის დეფიციტის მქონე მოზარდებში მხოლოდ 1%-ს შეადგენს.

რისკ-ფაქტორები: 

ბავშვობის პერიოდში დაფიქსირებული სისტოლური წნევის მატება, თუნდაც ერთი სტანდარტული გადახრის (1-SD) ფარგლებში, ზრდასრულ ასაკში ჰიპერტენზიის განვითარების ალბათობას 1.72-ჯერ ზრდის. მართალია, არტერიის კედლის ელასტიურობის დაკარგვის (arterial stiffness) შემთხვევათა უდიდესი ნაწილი (84-92%) უშუალოდ ზრდასრულობის პერიოდის წნევის მაჩვენებლებზეა დამოკიდებული, თუმცა ბავშვობის დროინდელი მაღალი წნევა ამ პათოლოგიურ პროცესს დამატებით 40%-ით აჩქარებს, რაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნაადრევ დაბერებას განაპირობებს.

ჰიპერტენზიისადმი მიდრეკილება ხშირად მუცლადყოფნის პერიოდიდანვე იწყება. ე.წ. ბარკერის ჰიპოთეზა ხსნის, თუ როგორ ხდება ადამიანის ორგანიზმის სიცოცხლის ბოლომდე „დაპროგრამება“ ისეთი პერინატალური ფაქტორებით, როგორიცაა მცირე წონა დაბადებისას, ნაადრევი მშობიარობა ან დედის ჯანმრთელობის პრობლემები – მათ შორის ჰიპერტენზია, პრეეკლამფსია და თამბაქოს მოხმარება. ეს ფაქტორები ქმნის ბიოლოგიურ საფუძველს, რომელსაც შემდგომში თანამედროვე ცხოვრების წესის „ხაფანგებიც“ ემატება: მარილის ჭარბი მოხმარება, შაქრის შემცველი სასმელები, ფიზიკური აქტივობის ნაცვლად ეკრანთან გატარებული საათები და ძილის ქრონიკული დარღვევა. სწორედ ამ ფაქტორთა ერთობლიობა აქცევს ბავშვებს გლობალური კარდიოვასკულური კრიზისის ყველაზე მოწყვლად სამიზნეებად.

სამიზნე ორგანოები: 

ამბულატორიულ შემთხვევებში მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის (LVH) განვითარების ალბათობა 4.69-ჯერ იზრდება და სტატისტიკურად არანამკურნალები ბავშვების თითქმის მესამედს გულის კუნთის ეს პათოლოგიური ცვლილება უკვე აღენიშნება. თუმცა, პათოლოგიური პროცესი მხოლოდ კარდიოვასკულური სისტემით არ შემოიფარგლება: წნევის მუდმივად მაღალი მაჩვენებლის პირობებში თირკმელებიდან იწყება ალბუმინის გაჟონვა, ხოლო თვალის ბადურაზე არტერიოლების შევიწროება ფიქსირდება.

განსაკუთრებით საყურადღებოა ჰიპერტენზიის გავლენა ნეიროფსიქოლოგიურ განვითარებაზე, რაც მეხსიერების, ყურადღებისა და აღმასრულებელი ფუნქციების შესუსტებაში გამოიხატება. კერძოდ, SHIP-AHOY კვლევამ პირდაპირი კავშირი დაადგინა მაღალ სისტოლურ წნევასა და მოზარდებში შედარებით დაბალ IQ მაჩვენებლებსა თუ ვერბალურ ქულებს შორის. მიუხედავად ამ მძიმე სურათისა, დაზიანება ხშირად შექცევადია. სამეცნიერო დაკვირვებები ადასტურებს, რომ ცხოვრების წესის მიზანმიმართული კორექციითა და ადეკვატური მედიკამენტური თერაპიით შესაძლებელია არტერიული მაჩვენებლების გაუმჯობესება და სამიზნე ორგანოების სტრუქტურული თუ ფუნქციური აღდგენა.

მეორადი მიზეზები: 

განსაკუთრებული ყურადღება მართებთ მაღალი რისკის ჯგუფებს, სადაც ჰიპერტენზია ხშირად სხვა ფარული პათოლოგიის სიმპტომია. 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, ასევე რეზისტენტული ან სიმპტომური შემთხვევების დროს, კლინიკური პროტოკოლი მეორადი მიზეზების დაუყოვნებელ ძიებას მოითხოვს. ასეთ დროს წნევის მატება შესაძლოა განპირობებული იყოს თირკმლის პარენქიმული ან რენოვასკულური დაავადებებით, აორტის კოარქტაციით, ენდოკრინული დარღვევებით ან გარკვეული მედიკამენტების გვერდითი მოვლენებით.

სკრინინგი

სამედიცინო გაიდლაინები პედიატრიულ პრაქტიკაში არტერიული წნევის რეგულარულ კონტროლს ყოველი პროფილაქტიკური ვიზიტისას მოითხოვს, თუმცა რეალურ კლინიკურ გარემოში ამ რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელი საგრძნობლად დაბალია. დიაგნოსტირების პროცესს კიდევ უფრო ართულებს ტექნიკური შეცდომები მაგალითად, ბავშვის მკლავის ზომასთან შეუსაბამო, არასწორად შერჩეული მანჟეტი წნევის მაჩვენებელს საშუალოდ 7-13 მმ ვწყ.სვ-ით ცვლის, ხოლო პაციენტის არასათანადო მომზადებამ და მოსვენების პერიოდის უგულებელყოფამ შესაძლოა ცდომილება 30 მმ ვწყ.სვ-მდე გაზარდოს.

გაზომვისას დაშვებული ეს უზუსტობები ხშირად ხდება მცდარი დიაგნოზის მიზეზი. მდგომარეობას კიდევ უფრო ამწვავებს „თეთრი ხალათის ჰიპერტენზია“, როდესაც ბავშვს მაღალი წნევა მხოლოდ კლინიკურ გარემოში არსებული სტრესის გამო უფიქსირდება. სწორედ ამიტომ, ამერიკული გაიდლაინები გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს 24-საათიან ამბულატორიულ მონიტორინგს (ABPM), რომელიც წნევის მაჩვენებლების რეალური სურათის დასახატად და არასაჭირო მკურნალობის თავიდან ასაცილებლად საუკეთესო სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტად მიიჩნევა.

მკურნალობა

რაც შეეხება თერაპიულ სტრატეგიას, ის მკაცრად განსაზღვრულ ეტაპებს მიჰყვება და მიზნად ისახავს წნევის შენარჩუნებას 90 პერცენტილზე დაბლა (ასაკის, სქესისა და სიმაღლის გათვალისწინებით), ხოლო 13 წლის ზემოთ მოზარდებში – 130/80 მმ ვწყ.სვ-ზე ნაკლებ ნიშნულზე. 

მკურნალობა, როგორც წესი, ექვსთვიანი არამედიკამენტური ინტერვენციით იწყება, სადაც გადამწყვეტი როლი კვების რაციონიდან მარილისა და შაქრის ამოღებას ენიჭება, რაც თავისთავად ამცირებს სისტოლურ წნევას 1-3 ერთეულით. კიდევ უფრო ეფექტურია კომპლექსური მიდგომა, რომელიც აერთიანებს ფიზიკურ აქტივობას, შესაბამის დიეტასა და ქცევით თერაპიას; ასეთი კომბინაცია წნევის საშუალოდ -8.64 / -6.75 მმ ვწყ.სვ-ით კლებას განაპირობებს.

The Lancet Child & Adolescent Health

მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცხოვრების წესის რადიკალური ცვლილება არასაკმარისი აღმოჩნდება, დღის წესრიგში დგება მედიკამენტური თერაპია. პედიატრიულ პრაქტიკაში უპირატესობა ენიჭება ისეთ პრეპარატებს, როგორიცაა აგფ-ინჰიბიტორები (ACEI), ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ბლოკერები (ARB) ან ხანგრძლივი მოქმედების კალციუმის არხის ბლოკერები, რომელთა დოზირება და შერჩევა ინდივიდუალურად, პაციენტის ასაკისა და თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით ხდება.

ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ბავშვთა ჰიპერტენზია სამწუხაროდ აღარ არის იშვიათი კლინიკური შემთხვევა; ეს არის გლობალური გამოწვევა, რომელიც ყველაზე მძიმედ განვითარებად ქვეყნებზე აისახება. ადრეული დიაგნოსტირება სკრინინგის თანამედროვე მეთოდებით, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და სწორი ჯანდაცვის პოლიტიკა საშუალებას მოგვცემს, თავიდან ავიცილოთ მომავალი თაობების ჯანმრთელობის პროგრესული გაურესება.

წყარო: The Lancet Child & Adolescent Health



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები