ჩვენს ყოველდღიურობაში ისეთი დოზით შემოიჭრა ხელოვნური ინტელექტი, გააზრებაც ვერ მოვასწარით. AI თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთ ყველაზე განვითარებად მიმართულებად იქცა. ის წარმატებით გამოიყენება დიაგნოსტიკაში, მკურნალობის დაგეგმვასა და პაციენტთა მონიტორინგში. დღეს არ ვიკამათოთ მის დადებით და უარყოფით მხარეებზე. ფაქტია, ის ბევრ სფეროში წარმატებით გამოიყენება და მისი შესაძლებლობები ამოუწურავია… თემის აქტუალობიდან გამომდინარე, საინტერესოა შეძლებს ხელოვნური ინტელექტი სრულად ჩაანაცვლოს მედიცინის დარგები, თუ კი, არსებობს უამრავი კითხვა, რომელს? რა დოზით? რა სახით? და ა.შ.
ესთეტიკური მედიცინა ამ კონტექსტში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, რადგან ჩვენი სფერო აერთიანებს, როგორც ვიზუალური ანალიზის ტექნოლოგიებს, ისე ინტერვენციულ პროცედურებს, რომლებიც უშუალოდ ექიმის ჩარევას საჭიროებს. ამიტომ მე, როგორც ესთეტიკური მედიცინის წარმომადგენელი, ვფიქრობ, რომ რადგან მანიპულაციები უშუალოდ ექიმის მიერ სრულდება, ალბათ რობოტების განვითარების ერაში უფრო მოსალოდნელია სრული ჩანაცვლება. მანამდე კი, ხელოვნური ინტელექტი უნდა დავიმეგობროთ და ესთეტიკური მედიცინა უფრო მოქნილი, მეტად უსაფრთხო და პაციენტებისთვის კომფორტული გავხადოთ….
დიდი ხანია, კანის დიაგნოსტიკაში ოქროს სტანდარტად აღიარებული ფოტო ფაინდერი (FotoFinder Systems) იყენებს ხელოვნურ ინტელექტს და გონიერი ექიმის დახმარებით 100 % სიზუსტით სვამს დიაგნოზს. კლინიკური კვლევების მიხედვით, FotoFinder მიიჩნევა საუკეთესო სკრინინგის საშუალებად და განსაკუთრებით ეფექტურია მელანომისა და კანის სხვა კიბოს ადრეულ სკრინინგში. ესთეტიკურ კლინიკებში ძალიან პოპულარულია და ფართოდ გამოიყენება ე.წ. Canfield Systems რომელიც ფოტოს იღებს მაღალი რეზოლუციით და ამავე დროს AI-ს გამოყენებით აანალიზებს ნაოჭებს, ფორებს, ლაქებს, კანის ტონალობას. პაციენტს შეუძლია, 3D სიმულაციით, წინასწარ ნახოს სავარაუდო შედეგი, რაც მკურნალობის გეგმას უფრო ინდივიდუალურსა და პროგნოზირებადს ხდის. ასევე მიმდინარეობს კვლევები AI Injections Planning, რომელიც გულისხმობს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ინექციური მკურნალობის (როგორიცაა ბოტოქსი, ფილერები და ცხიმის გადანერგვა) დაგეგმვაში. მისი მიზანია მკურნალობის ეფექტურობის გაზრდა, პაციენტის ინდივიდუალური ანატომიის გათვალისწინებით. AI სისტემები აანალიზებენ პაციენტის სახის ან სხეულის 3D სურათებს, რომლებსაც სპეციალური კამერებით: Canfield VISIA ან Vectra იღებენ. შემდეგ, ალგორითმები აფასებენ კანის სტრუქტურას, ნაოჭებს, მოცულობის დაკარგვის ზუსტ ლოკალიზაციას და სხვა ფაქტორებს, რათა განსაზღვრონ ოპტიმალური ინექციის ადგილები და რაოდენობა.
პირველი მონაცემები მიუთითებს, რომ მსგავსი მიდგომა ამცირებს გართულებების რისკს და ზრდის პაციენტის კმაყოფილების ხარისხს. იმავეს ამტკიცებს Aesthetic Plastic Surgery-ში და Pub Med-ში ტომას რადულესკოს და სხვა თანაავტორების მიერ გამოქვეყნებული 2025 წლის კვლევა, რომელიც სწორედ სხვადასხვა ალგორითმული სისტემების ეფექტურობას ადარებდა.
კვლევის ფარგლებში გამოკითხული 40-ვე პაციენტის (ქალები-85%) აზრით, საუკეთესო შედეგები საინექციო პროდუქტების შერჩევაში, ინექციურ სტრატეგიებში, პაციენტის სურვილებთან შესაბამისობაში და უსაფრთხოებაში ChatGPT-ის მოდელებმა აჩვენეს. თუმცა, ავტორები ხაზს უსვამენ, რომ უსაფრთხოების შეზღუდვები ხელს უშლის ამ სისტემების დამოუკიდებელ კლინიკურ გამოყენებას, და კვლავ აუცილებელია ადამიანის ზედამხედველობა.
კვლევის მიხედვით, პაციენტები უფრო მეტად ენდობიან მკურნალობას, როდესაც ტექნოლოგია გამოყენებულია ექიმის ზედამხედველობით, ვიდრე სრულად ავტომატურ სისტემებს. გამოდის, რომ ხელოვნური ინტელექტი ესთეტიკურ მედიცინაში არა ჩანაცვლების, არამედ კოლაბორაციის ინსტრუმენტია.
ერთ რამეში კი ღრმად ვარ დარწმუნებული, AI ვერასოდეს შეცვლის ჩვენს ჰუმანურობას, (სიკეთეს, სიყვარულს ერთმანეთისადმი ზრუნვას) და რაც მთავარია ჩვენს ემოციურ ინტელექტს.
წყარო: Artificial Intelligence Chatbots for Facial Injection Planning: Comparative Performance and Safety Limitations—Thomas Radulesco (2025, Aesthetic Plastic Surgery)