back to top

კვლევა: გალერეაში ნამუშევრების ხილვა ამცირებს გულის დაავადებების განვითარების რისკს და აძლიერებს იმუნურ სისტემას

გააზიარე

გალერეაში ორიგინალი ხელოვნების ნიმუშების დათვალიერებას შეუძლია შეამციროს სტრესი, გულის დაავადებების განვითარების რისკი და გააძლიეროს იმუნური სისტემა. ეს დადგინდა პირველი ასეთი ტიპის კვლევით, რომელიც ლონდონის კინგსის კოლეჯის (King’s College London) მეცნიერებმა ჩაატარეს.

კვლევამ აჩვენა, რომ ორიგინალური ნამუშევრების ხილვა დადებითად მოქმედებს იმუნურ, ენდოკრინულ (ჰორმონალური) და ნერვულ სისტემებზე ერთდროულად – რაც აქამდე არ იყო დაფიქსირებული. შედეგები მიუთითებს, რომ ხელოვნება არამარტო ემოციურად აღძრავს ადამიანებს, არამედ ამშვიდებს სხეულს და ხელს უწყობს ჯანმრთელობას.

კვლევაში მონაწილეობდა 50 ადამიანი (18-დან 40 წლამდე). მათმა ნახევარმა ლონდონის Courtauld Gallery-ში დაათვალიერა მანეს, ვან გოგის და გოგენის ორიგინალური ნამუშევრები, ხოლო მეორე ნახევარმა – ამ ნახატების რეპროდუქციები არა-საგამოფენო გარემოში.

მონაწილეებს 20-წუთიანი სეანსის განმავლობაში უზომავდნენ გულისცემას, კანის ტემპერატურას და სტრესის დონეს.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ხელოვნების ორიგინალი ნიმუშების მნახველებში სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის, დონე საშუალოდ 22%-ით შემცირდა, მაშინ როცა რეპროდუქციების მნახველებში მხოლოდ 8%-იანი კლება დაფიქსირდა. ამასთან, პრო-ანთებითი ციტოკინების (IL-6 და TNF-ალფა), რომლებიც სტრესთან და ქრონიკულ დაავადებებთანაა დაკავშირებული, დონე გალერეაში მყოფთა ჯგუფში, შესაბამისად, 30% და 28%-ით შემცირდა, რაც მიუთითებს, რომ ხელოვნებას აქვს პოტენციური დამამშვიდებელი ეფექტი ორგანიზმის ანთებით რეაქციებზე.

საბოლოოდ, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ხელოვნების ნიმუშების ხილვა გალერეაში ერთდროულად იწვევს დადებით რეაგირებას სამი ძირითადი მიმართულებით: იმუნური, ენდოკრინული და ნერვული.

კვლევა აჩვენებს ხელოვნების მნიშვნელობას ჯანმრთელობის დაცვაში, ვინაიდან კორტიზოლისა და ანთებითი მარკერების მაღალი დონე დაკავშირებულია ჯანმრთელობის ფართო სპექტრის პრობლემებთან – გულის დაავადებებიდან და დიაბეტიდან დაწყებული, შფოთვითა და დეპრესიით დამთავრებული – ეს მიგნებები მიუთითებს, რომ კულტურულ გამოცდილებას, შესაძლოა, რეალური როლი ჰქონდეს გონებისა და სხეულის დაცვაში.

მიუხედავად იმისა, რომ კვლევა შედარებით მცირე ჯგუფზე ჩატარდა, მისი შედეგები გვთავაზობს დამაჯერებელ მტკიცებულებას, რომ ხელოვნება არა მხოლოდ ემოციურად გვამოძრავებს, არამედ ამშვიდებს სხეულს და ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.

წყარო: The Guardian

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები