“The Lancet Countdown on Health and Climate Change”-ის უახლესი მონაცემებით, კლიმატის ცვლილება მნიშვნელოვნად ზრდის ჯანმრთელობისთვის საზიანო რისკებს მსოფლიო მასშტაბით.
მსოფლიო მასშტაბით, სიცხესთან დაკავშირებული სიკვდილიანობის წლიური მაჩვენებელი 1990-იანი წლების შემდეგ 23%-ით გაიზარდა და ყოველწლიურად დაახლოებით 546,000 ადამიანის სიცოცხლე ეწირება ამ პრობლემას.
2024 წელი რეკორდულად ცხელი გამოდგა. ამ წელმა კლიმატის ცვლილების შედეგად საშუალო გლობალური მოქალაქისთვის გაზარდა ჯანმრთელობისთვის საშიში სიცხის ზემოქმედების ხანგრძლივობა დამატებით 16 დღემდე. მაგალითად, შეერთებულ შტატებში მოსახლეობამ საშუალოდ 14 დღე განიცადა ექსტრემალური სიცხე, და აქედან 10 დღე უშუალოდ კლიმატის ცვლილების შედეგია, რომელიც ადამიანის საქმიანობითაა გამოწვეული.
ტემპერატურის ზრდის კვლადაკვალ, ტყის ხანძრების კვამლით გამოწვეულმა ჰაერის დაბინძურებამ 2024 წელს რეკორდული 154,000 გარდაცვალება გამოიწვია. აშშ-ში ტყის ხანძრის კვამლით გამოწვეული 11,500 სიკვდილის შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 2003–2012 წლების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით 49%-ით მეტია.
გარდა ამისა, ყოველწლიურად დაახლოებით 2.5 მილიონი სიკვდილი მიეწერება წიაღისეული საწვავის წვით გამოწვეულ ჰაერის დაბინძურებას.
ამავდროულად, გვალვამ და სითბურმა ტალღებმა მოსავლიანობის შემცირება გამოიწვია. 2023 წელს დაახლოებით 123 მილიონით მეტმა ადამიანმა განიცადა ზომიერი ან მძიმე სასურსათო კრიზისი 1981-2010 წლების გლობალურ საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. აშშ-ის ტერიტორიის თითქმის მესამედმა (31%) 2020-დან 2024 წლამდე ყოველწლიურად განიცადა ექსტრემალური გვალვის ერთი თვე მაინც, რაც 1950-იანი წლების ამინდთან შედარებით 28%-იანი ზრდაა.
მიუხედავად იმისა, რომ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზიანი კატასტროფულ მასშტაბებს აღწევს, მკვლევარები აღნიშნავენ, რომ მრეწველობა და ფინანსური სექტორი აგრძელებენ წიაღისეული საწვავის წარმოების გაფართოებას. მსოფლიოს 100 უმსხვილესმა ნავთობისა და გაზის კომპანიამ 2025 წლის მარტისთვის გაზარდა წარმოება, ხოლო წიაღისეული საწვავის სექტორის 40 უმსხვილესმა ფინანსურმა ინსტიტუტმა (კრედიტორმა) 2024 წელს ამ სფეროში ჯამურად $611 მილიარდის ინვესტიცია განახორციელა, რაც 2023 წელთან შედარებით 29%-ით მეტია და წარმოადგენს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაფიქსირებულ უმაღლეს მაჩვენებელს.
ექსპერტები გვაფრთხილებენ: თუ მსოფლიო განაგრძობს წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების ზრდას, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული შედეგები გადატვირთავს ჯანდაცვის სექტორს. ეს მდგომარეობა პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის 8 მილიარდი ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს მსოფლიოს მასშტაბით.
წყარო: The Lancet

