back to top

ორგანოთა უკმარისობის შეფასება ICU-ში

გააზიარე

ბოლო 30 წლის განმავლობაში, კრიტიკული მედიცინა ფუნდამენტურად შეიცვალა: დაინერგა სიცოცხლის შემანარჩუნებელი უახლესი ტექნოლოგიები, დაიხვეწა მონიტორინგი და გაუმჯობესდა მძიმე პაციენტებში ორგანოს დისფუნქციის მართვა. ამის მიუხედავად, ორგანოს უკმარისობის შეფასების მთავარი ინსტრუმენტი, Sequential Organ Function Assessment (SOFA) სკალა, 1996 წლიდან თითქმის არ განახლებულა. SOFA-2, ეფუძნება უახლეს მიღწევებსა და მონაცემთა სიღრმისეულ ანალიზს, რომელიც გვპირდება ორგანოთა მდგომარეობის უფრო სანდო შეფასებას, რაც საბოლოოდ გააუმჯობესებს პაციენტთა გამოსავალს.

ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა თითქმის 20% საჭიროებს ინტენსიურ მზრუნველობას, რადგან მათ ხშირად ემუქრებათ სიცოცხლისთვის საშიში ორგანული უკმარისობა. ორგანოს ფუნქციის ზუსტი მონიტორინგი მნიშვნელოვანია პათოლოგიის სიმძიმის განსასაზღვრავად და შესაბამისი ინტერვენციული სტრატეგიის შესარჩევად. 

თავდაპირველი SOFA სკალა აფასებს ექვს ორგანულ სისტემას 0-დან (ნორმალური) 4-მდე (მძიმე დისფუნქცია), (სასუნთქი, გულ-სისხლძარღვთა, ჰეპატური, ნევროლოგიური, კოაგულაციური და რენული), საერთო ქულა კი 0-დან 24-დეა. იგი შეიქმნა, როგორც მარტივი და ადაპტირებადი მექანიზმი, რომელიც ასახავდა ორგანული დისფუნქციის დინამიკას, მაგრამ არ იყო გამიზნული სიკვდილიანობის პროგნოზის დასადგენად.

დადებითი ცვლილებების მიუხედავად, ICU პაციენტების მართვაში განხორციელებულმა პროგრესმა მრავალი წლის მანძილზე რამდენიმე კრიტიკული ხარვეზი გამოკვეთა:

ძველი SOFA სკალის პრობლემა ის იყო, რომ ის ეფუძნებოდა ექიმის ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს და მკურნალობის პროცესში გამოყენებულ მაჩვენებლებს, რაც ხელს უშლიდა ერთგვაროვან შეფასებას.

სკალას უჭირდა ქრონიკული და მწვავე ორგანოს დისფუნქციის გამიჯვნა.

ის არ ითვალისწინებდა სიცოცხლის შემანარჩუნებელ უახლეს მეთოდებს, მაგალითად, ჟანგბადის მაღალი ნაკადით მიწოდებას და ახალ ვაზოპრესორულ მედიკამენტებს.

SOFA-2 სკალის შექმნას წინ უძღოდა მკაცრი, რვასაფეხურიანი მეთოდოლოგიური პროცესი. მასში ჩაერთო 60 წამყვანი ექსპერტი მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან. ექსპერტებმა შეაჯერეს თეორიული ცოდნა, სისტემური კვლევის შედეგები და 3 მილიონზე მეტი კრიტიკული პაციენტის მონაცემები ცხრა ქვეყნიდან. შესაბამისად, განახლებული სკალა გამოსადეგია, როგორც მაღალი, ისე შეზღუდული რესურსების მქონე კლინიკებში.  

SOFA2: განახლებული ვერსია

ახალი SOFA-2 ვერსია ინარჩუნებს ექვსი ორგანოს შეფასების პრინციპს, მაგრამ განახლებული კრიტერიუმები საშუალებას იძლევა, უფრო ზუსტად განისაზღვროს სიკვდილიანობის რისკი და აისახოს უახლესი თერაპიული ჩარევები (მაგალითად, ექსტრაკორპორული მემბრანული ოქსიგენაცია (ECMO) და არაინვაზიური ფილტვის ვენტილაცია). აღმოჩნდა, რომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და იმუნური სისტემის მაჩვენებლები მინიმალურ კავშირში იყო პაციენტების ლეტალობასთან, რის გამოც კრიტერიუმები SOFA-2-დან ამოიღეს.

SOFA-2-ის ძირითადი უპირატესობები:

ქულის ცვლილება: ინტენსიური თერაპიის განყოფილების (ICU) პაციენტების თითქმის ნახევარს განახლებული SOFA-2 სკალით განსხვავებული ქულა აქვს წინა ვერსიასთან (SOFA-1) შედარებით.

რისკის განსაზღვრა: სკალა უფრო ზუსტად განასხვავებს ორგანოთა უკმარისობის სიმძიმესა და სიკვდილიანობის რისკს.

პროგნოზული ძალა: SOFA-2-ის ყოველი ერთი ქულით მატება, ICU-ში სიკვდილის 38%-ით მაღალ ალბათობას ნიშნავს.

ის ითვალისწინებს არასრული კლინიკური მონაცემების გამოწვევას (ICU-სთვის დამახასიათებელ პრობლემას) და გვთავაზობს მონაცემების შევსების პრაქტიკულ მეთოდებს, რაც აადვილებს ქულის გამოყენებას უშუალოდ პაციენტის მართვისას.

ლონგიტუდურმა კვლევებმა (ერთი და იმავე ჯგუფის შესწავლა, რაც გულისხმობს დაკვირვებას დროის გარკვეული ინტერვალებით.) დაადასტურა, რომ SOFA-2 ქულები, რომლებიც იზომება ICU-ში ყოფნის პირველი კვირის განმავლობაში, მჭიდრო კავშირშია პაციენტის საბოლოო კლინიკურ შედეგებთან. ყოველდღიური შეფასება ექიმებს აძლევს ორგანოს ფუნქციის ცვლილებების დინამიკურ სურათს, რაც ეხმარება მათ რეალურ დროში მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაში. SOFA-2-მა აჩვენა ICU-ში სიკვდილიანობის პროგნოზირების მაღალი სიზუსტე (AUROC – Area Under the Receiver Operating Characteristic Curve  0.87-მდე), განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შეფასებისთვის გამოიყენება ჰოსპიტალიზაციის განმავლობაში (მაგ. ICU-ში ყოფნის პერიოდი) აღებული ქულების საშუალო მაჩვენებელი.

მიუხედავად იმისა, რომ SOFA-2 ორგანოს უკმარისობის შეფასების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას გვთავაზობს, მკვლევრები აღნიშნავენ არსებულ გამოწვევებს. მათ შორისაა: მწვავე და ქრონიკული ორგანოს დისფუნქციების ერთმანეთისგან გამიჯვნა; სკალის ვალიდურობის შემოწმება (ICU)-ს გარეთ მყოფ პაციენტებზე; და ქულის სრულად ინტეგრირება ციფრულ სამედიცინო სისტემებში (EHR), რათა მისი გამოყენება ავტომატურად იყოს შესაძლებელი.

ეს კვლევა ასევე ხაზს უსვამს, რომ სამომავლო შეფასების სისტემა უნდა მოიცავდეს ბიოლოგიური მარკერების, ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერებისა და პაციენტთა დემოგრაფიული მრავალფეროვნების ინტეგრაციას, რათა მივიღოთ კრიტიკული მდგომარეობის უფრო სრულყოფილი სურათი. SOFA-2 არის მნიშვნელოვანი მიღწევა, მაგრამ ორგანული უკმარისობის შეფასების სრულყოფის პროცესი გრძელდება.

წყარო: JAMA



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები