back to top

პიროტექნიკა და უსაფრთხოება: რა ზიანი შეიძლება მოგვიტანოს ფოიერვერკმა?

გააზიარე

მსოფლიოს მასშტაბით, ყოველწლიურად ათასობით ადამიანი ხვდება გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში ფოიერვერკით მიღებული დაზიანებების გამო. მიუხედავად იმისა, რომ პიროტექნიკა სადღესასწაულო ატმოსფეროს ქმნის, ის ისეთივე სახიფათოა, როგორც სანახაობრივი. გაუფრთხილებლობის შემთხვევაში, ტრავმები შეიძლება მერყეობდეს მსუბუქი დამწვრობიდან მძიმე, სიცოცხლისთვის საშიშ დაზიანებებამდე.

ყველაზე გავრცელებული ტრავმა დამწვრობაა, რაც შემთხვევათა ორ მესამედს შეადგენს. დაზიანებების 40% ხელებსა და მაჯებზე მოდის, რადგან ადამიანები ხშირად ფოიერვერკს ხელში აალებენ ან აფეთქების მომენტში მისი ხელიდან გაშვებას ვეღარ ასწრებენ. აფეთქების ძალა იმდენად დიდია, რომ მას შეუძლია ძვლების მოტეხილობა, კიდურების დანაწევრება ან კანის სრული აცლა გამოიწვიოს.

გარდა კიდურებისა, ხშირია თავისა და სახის მიდამოების დაზიანება. ახლო მანძილზე აფეთქება იწვევს სმენის დაქვეითებას, მათ შორის ყურებში შუილსა და ყურის აპკის გაგლეჯას.

 განსაკუთრებით საგანგაშოა თვალის ტრავმები. ყოველწლიურად მხოლოდ გაერთიანებულ სამეფოში 10 ადამიანი სრულად კარგავს მხედველობას, ხოლო ასობით პირი მძიმე დაზიანებებს იღებს. ზოგჯერ ფოიერვერკის ნამსხვრევები რბილ ქსოვილებში ან სისხლძარღვებშიც კი აღწევს, რაც სასუნთქი გზებისა და, საბოლოო ჯამში, სიცოცხლისთვის კრიტიკულ საფრთხეს ქმნის.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ე.წ. „შუშხუნები“ (sparklers), რომლებსაც ბევრი უსაფრთხოდ მიიჩნევს. სინამდვილეში, ისინი 1000°C-მდე ტემპერატურით იწვიან, რაც 10-ჯერ აღემატება მდუღარე წყლის ტემპერატურას. ამ ტიპის დაზიანებების მსხვერპლთა უმეტესობა 5 წლამდე ასაკის ბავშვია. მათი ნაზი კანი ბევრად უფრო მგრძნობიარეა მაღალი ტემპერატურის მიმართ, ხოლო სინთეტიკური ტანსაცმლის აალებამ შესაძლოა სხეულის მძიმე დამწვრობა გამოიწვიოს.

გარემო და ცხოველები

პიროტექნიკის მავნე ზეგავლენა სცილდება ადამიანისთვის მიყენებულ უშუალო ფიზიკურ ტრავმებს. მისი გამოყენებისას გამოიყოფა მძიმე ლითონები და ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებიც გარემოსა და ცოცხალ არსებებს გამოუსწორებელ ზიანს აყენებს.

ცხოველებს ადამიანზე ბევრად მგრძნობიარე სმენა აქვთ, ამიტომ აფეთქების ხმა მათთვის აუტანელი და დამაბნეველია.

  • შინაური ცხოველები: ძაღლებისა და კატების უმეტესობა პანიკურ შიშს განიცდის. ყოველწლიურად ათასობით შინაური ცხოველი გარბის სახლიდან ხმაურის გამო, ბევრი მათგანი კი გულის შეტევით იღუპება.
  • ველური ბუნება: ფრინველები, შეშინებულები ხმაურითა და განათებით, ხშირად კარგავენ ორიენტაციას, ეჯახებიან შენობებს ან იმდენად შორს მიფრინავენ თავიანთი ბუდეებიდან, რომ ძალაგამოფიტულები იღუპებიან.

ფოიერვერკის აფეთქებისას ჰაერში გამოიყოფა სხვადასხვა ტიპის ნაწილაკები. მაგალითად, პერქლორატები, რომლებიც შემდგომში ილექება ნიადაგში და წამლავს წყლის რესურსებს. მძიმე ლითონები, როგორიცაა ბარიუმი, სპილენძი და სტრონციუმი, ჰაერში რჩება დიდი ხნის განმავლობაში და იწვევს რესპირატორულ პრობლემებს. შედეგად, ახალი წლის ღამეს ბევრ ქალაქში ჰაერის დაბინძურების დონე დასაშვებ ნორმას ხშირად 10-ჯერ აჭარბებს.

პიროტექნიკის გამოყენების რეგულირება საქართველოში

აღსანიშნავია, რომ პიროტექნიკის გამოყენება საქართველოში მკაცრად რეგულირდება კანონმდებლობით. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ მიხედვით, აკრძალულია პიროტექნიკური ნაკეთობების მიყიდვა არასრულწლოვნებისთვის (18 წლამდე პირებისთვის), რაზეც ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სოლიდური ჯარიმებია დაწესებული. 

გარდა ამისა, მოქმედებს „ხმაურის შესახებ“ რეგულაცია, რომელიც კრძალავს პიროტექნიკის გამოყენებას ღამის საათებში (23:00-დან 08:00-მდე), გარდა გამონაკლისი დღეებისა, როგორიცაა ახალი წლის ღამე (31 დეკემბრის 21:00-დან 2 იანვრის 09:00-მდე) და 14 იანვარი. კანონდარღვევა ითვალისწინებს ფულად ჯარიმებს, ხოლო განმეორებითი შემთხვევისას – ჯარიმის გაორმაგებასა და ინვენტარის კონფისკაციას. 

საქართველოში სამოქალაქო პირებისთვის დაშვებულია მხოლოდ I, II და III კატეგორიის პიროტექნიკა. მათ შორისაა დაბალი საფრთხის შემცველი ნაკეთობები: შუშხუნები („ბენგალური ცეცხლი“), ე.წ ასაფეთქებლები და მცირე სიმძლავრის ფოიერვერკები, რომლებიც ღია სივრცისთვისაა განკუთვნილი. ნებისმიერ მათგანს თან უნდა ახლდეს ქართულენოვანი ინსტრუქცია. რაც შეეხება IV კატეგორიის (პროფესიულ) პიროტექნიკას, რიგითი მოქალაქეებისთვის აკრძალულია და მხოლოდ სერტიფიცირებულ სპეციალისტებს შეუძლიათ მისი გამოყენება 

უსაფრთხოების მიზნით, სპეციალისტები გვირჩევენ, რომ პიროტექნიკის გამოყენებისას გვეცვას ნატურალური ქსოვილის სამოსი, რომელიც მაქსიმალურად ფარავს კანს. სინთეტიკა ცეცხლის შემთხვევაში დნება და სხეულს ეკვრის, რაც დაზიანებას აორმაგებს. მნიშვნელოვანია, რომ ფოიერვერკების გაშვებისას გამოვიყენოთ დამცავი სათვალე და ხელთათმანები, ბავშვები კი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ გვყავდეს. 

თუმცა, საუკეთესო გზა საკუთარი თავის, ცხოველებისა და ბუნების დასაცავად, პიროტექნიკაზე უარის თქმა და უფრო თანამედროვე, უსაფრთხო ალტერნატივების (მაგალითად, ლაზერული შოუს) გამოყენებაა.

წყარო: NFPA

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები