MMR ვაქცინა და აუტიზმი: დეზინფორმაციის ისტორიული და მეცნიერული ანალიზი

გააზიარე

წითელას, წითურას და ყბაყურას (MMR) კომბინირებულ ვაქცინასა და აუტიზმის სპექტრის აშლილობებს შორის სავარაუდო კავშირის შესახებ გავრცელებული მითი თანამედროვე მედიცინის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საზიანო და გავლენიან დეზინფორმაციულ ნარატივს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ჰიპოთეზა მრავალგზის უარყოფილ იქნა მეცნიერული კვლევებით, იგი კვლავაც ინარჩუნებს საზოგადოებრივ რეზონანსს და გავლენას ახდენს ვაქცინაციის მიმართ დამოკიდებულებაზე.

აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია აღნიშნული საკითხის მეცნიერულ-ისტორიული რეკონსტრუქცია, რათა კიდევ ერთხელ ნათელი გახდეს საზოგადოებისთვის, თუ როგორ დაუდო ფალსიფიცირებულმა კვლევამ საფუძველი გლობალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუციების მიმართ უნდობლობას და ვაქცინაციისადმი სკეპტიციზმს.

მითის სათავე 1998 წელს სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებული სტატიაა, რომლის ავტორიც ბრიტანელი მეცნიერი ენდრიუ უეიკფილდია. ნაშრომი ამტკიცებდა, რომ MMR ვაქცინა იწვევდა ნაწლავურ ანთებას, რაც, ავტორის ვერსიით, ხელს უწყობდა მავნე ცილების სისხლის მიმოქცევაში მოხვედრას და აუტიზმის განვითარებას. კვლევის სიღრმისეულმა რევიზიამ და შემდგომმა დამოუკიდებელმა შეფასებებმა აჩვენა, რომ ნაშრომი მხოლოდ თორმეტი ბავშვის შემთხვევას ეყრდნობოდა (საკონტროლო ჯგუფის გარეშე), რაც სტატისტიკურად სრულიად არასაკმარისია  დასკვნების გამოსატანად.

გარდა ამისა, დადგინდა, რომ მონაცემები ნაწილობრივ ფალსიფიცირებული იყო, ხოლო უეიკფილდი ფინანსდებოდა იმ იურიდიული ფირმის მიერ, რომელიც ვაქცინების მწარმოებელი კომპანიების წინააღმდეგ სასამართლო დავებს აწარმოებდა. აღნიშნული მეთოდოლოგიური და ეთიკური დარღვევების დამტკიცების შემდეგ, 2010 წელს The Lancet-მა სტატია უკან გაიხმო, ხოლო უეიკფილდს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია ჩამოერთვა.

უეიკფილდის მიზანმიმართულმა თაღლითობამ კატასტროფული ზიანი მიაყენა საზოგადოებრივ ჯანმრთელობას დიდ ბრიტანეთში: ვაქცინაციის მაჩვენებელი 92%-დან 80%-მდე შემცირდა, რამაც ეპიდემიოლოგიური სურათის მკვეთრი გაუარესება განაპირობა. 1998 წელს დაფიქსირებული რამდენიმე ასეული შემთხვევიდან, 2012 წლისთვის წითელას მაჩვენებელი 2,000-ს გადასცდა, 2008 წელს კი ინფექციამ „ენდემური“ დაავადების სტატუსი დაიბრუნა. ნდობის კრიზისი გასცდა ბრიტანეთის ფარგლებს და იქცა გლობალური დეზინფორმაციის წყაროდ, რამაც მსოფლიო მასშტაბით მნიშვნელოვნად შეაფერხა იმუნიზაციის პროგრამები.

მითის სიცოცხლისუნარიანობას ასევე განაპირობებს ე.წ. დროითი თანხვედრა: აუტიზმის პირველი კლინიკური ნიშნები 12–დან 18 თვემდე ასაკში ვლინდება — სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ბავშვები გეგმიური იმუნიზაციის პროგრამის ფარგლებში იცრებიან. მეცნიერულად აღნიშნული წარმოადგენს კორელაციის (შემთხვევითი თანხვედრის) და არა კაუზალობის (მიზეზშედეგობრიობის) კლასიკურ მაგალითს.

მოგვიანებით, დეზინფორმაციის სამიზნედ იქცა თიმეროზალიც — ვერცხლისწყლის ორგანული ნაერთი, რომელიც ადრე ზოგიერთი ვაქცინის კონსერვანტად გამოიყენებოდა. მიუხედავად იმისა, რომ MMR ვაქცინა მას არასოდეს შეიცავდა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მისი გავლენა ნეიროგანვითარებაზე მაინც სიღრმისეულად შემოწმდა. კვლევებმა დაადგინა, რომ ეთილვერცხლისწყალი ორგანიზმიდან სწრაფად გამოიდევნება და არ გააჩნია ნეიროტოქსიკური პოტენციალი.

დამატებით, ათწლეულების განმავლობაში ჩატარებულმა მასშტაბურმა ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა — მათ შორის დანიაში 650,000-ზე მეტ ბავშვზე, აშშ-ში დაახლოებით 657,000, გაერთიანებულ სამეფოსა და იაპონიაში კი რამდენიმე ათას ბავშვზე ჩატარებულმა ანალოგიურმა დაკვირვებებმა — დაადასტურა, რომ აუტიზმის გავრცელება ვაქცინირებულ და არავაქცინირებულ ჯგუფებში აბსოლუტურად იდენტურია.

დღესდღეობით ექიმები ერთხმად აღიარებენ, რომ აუტიზმი ძირითადად განპირობებულია კომპლექსური გენეტიკური და პრენატალური ფაქტორებით, რაც პრინციპულად გამორიცხავს ვაქცინაციის, როგორც პოსტნატალური ფაქტორის, ნებისმიერ შესაძლო როლს აუტიზმის ეტიოლოგიაში.

ამრიგად, აღნიშნულ საკითხზე ცნობიერების ამაღლება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა დეზინფორმაციული ნარატივების დაძლევის და ვაქცინაციის, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფუნდამენტური მიღწევის, მხარდაჭერისათვის.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები