სიცხის ტალღებით გამოწვეული გარდაცვალების სამედიცინო მიზეზები

გააზიარე

2026 წლის ზაფხული კვლავ მძიმე გამოცდა აღმოჩნდა. ივნისის ბოლო დღეებში ევროპის კონტინენტის დიდი ნაწილი რეკორდულმა სიცხემ მოიცვა. ესპანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, პორტუგალიაში, გერმანიაში, პოლონეთსა და ბალკანეთის ქვეყნებში ჰაერის ტემპერატურამ არაერთ რეგიონში 40–45°C-ს გადააჭარბა. ევროპის რამდენიმე ქვეყანაში უმაღლესი დონის საგანგებო გაფრთხილება გამოცხადდა, სკოლები და ტურისტული ობიექტები დროებით დაიხურა, ზოგიერთ ქალაქში კი სამუშაო საათებიც შეიცვალა, რათა მოსახლეობა დღის ყველაზე ცხელ პერიოდში გარეთ არ ყოფილიყო.

პირველი შეფასებებით, მხოლოდ ივნისის ბოლოს დაწყებული სიცხის ტალღის განმავლობაში ევროპაში უკვე ათასობით ჭარბი სიკვდილის ფაქტი ფიქსირდება. საფრანგეთის ჯანდაცვის უწყებების მონაცემებით, რამდენიმე დღეში დაახლოებით 1 000-მდე გარდაცვალება დაფიქსირდა, ხოლო იტალიაში, ესპანეთსა და პორტუგალიაში სასწრაფო დახმარების გამოძახებებისა და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა. ევროპის საავადმყოფოებში მნიშვნელოვნად მოიმატა დეჰიდრატაციის, სითბური გამოფიტვის, სითბური დარტყმის, ინფარქტისა და ინსულტის დიაგნოზით შეყვანილი პაციენტების რაოდენობამ. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ეს მხოლოდ წინასწარი მონაცემებია და სიცხის რეალური გავლენა სიკვდილიანობაზე, როგორც წესი, რამდენიმე კვირისა და თვის შემდეგ გამოითვლება, როდესაც ეპიდემიოლოგები ე.წ. ჭარბ სიკვდილიანობას (Excess Mortality) შეაფასებენ.

მსგავსი სცენარი ევროპისთვის ახალი აღარ არის. ბოლო წლებში სიცხის ტალღები სულ უფრო ხანგრძლივი, ინტენსიური და ხშირი ხდება. ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს (European Environment Agency – EEA) მონაცემებით, ამინდისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული სიკვდილიანობის თითქმის 95% სწორედ ექსტრემალურ სიცხეზე მოდის, რაც მას კონტინენტზე ყველაზე მომაკვდინებელ ბუნებრივ საფრთხედ აქცევს. მხოლოდ 2022 წლის ზაფხულში ევროპის 35 ქვეყანაში დაახლოებით 61 000 ადამიანი, ხოლო 2023 წელს თითქმის 48 000 ადამიანი გარდაიცვალა სიცხესთან დაკავშირებული მიზეზებით. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის შეფასებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სიცხემ ევროპაში 200 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

რა მექანიზმით კლავს სიცხის ტალღები ადამიანს

ამ მონაცემების ფონზე სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა თუ რატომ კლავს სიცხე ამდენ ადამიანს მაშინ, როდესაც მაღალი ტემპერატურა, ერთი შეხედვით, ბუნებრივი მოვლენაა? პასუხი მხოლოდ კლიმატში არ უნდა ვეძებოთ. რეალური მიზეზი ადამიანის ორგანიზმის რეაქციაა ექსტრემალურ სიცხეზე, რადგან მაღალი ტემპერატურა ერთდროულად აზიანებს გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქ, თირკმლისა და ნერვულ სისტემებს და განსაკუთრებით საშიში ხდება ხანდაზმულებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის.

მედიცინის თვალსაზრისით ადამიანის ორგანიზმი საკმაოდ ეფექტურად ახერხებს სხეულის ტემპერატურის რეგულაციას. ნორმალურ პირობებში სხეულის ტემპერატურა დაახლოებით 37 გრადუსს შეადგენს და მისი შენარჩუნება რამდენიმე მექანიზმის მეშვეობით ხდება. როდესაც გარემოს ტემპერატურა იზრდება, კანის სისხლძარღვები ფართოვდება, რათა მეტი სითბო გამოიყოს, ხოლო საოფლე ჯირკვლები ინტენსიურად იწყებენ ოფლის გამომუშავებას. ოფლის აორთქლება ორგანიზმს აგრილებს და გადახურებისგან იცავს. თუმცა, როდესაც სიცხე ძალიან ინტენსიური ან ხანგრძლივია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ჰაერის ტენიანობაც მაღალია, ეს ბუნებრივი მექანიზმები ვეღარ უმკლავდება დატვირთვას.

ძლიერი ოფლიანობის შედეგად ადამიანი არა მხოლოდ წყალს, არამედ ორგანიზმისთვის აუცილებელ ელექტროლიტებს  ნატრიუმს, კალიუმს, მაგნიუმსა და ქლორს კარგავს. ამ ცვლილებების ფონზე მცირდება სისხლის მოცულობა, ეცემა არტერიული წნევა და გული იძულებულია გაცილებით მეტი დატვირთვით იმუშაოს, რათა ორგანოებს საკმარისი რაოდენობის ჟანგბადი მიაწოდოს. ახალგაზრდა და ჯანმრთელ ადამიანებში ეს კომპენსატორული მექანიზმები, როგორც წესი, ეფექტურად მუშაობს, თუმცა ხანდაზმულებში ან ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში ორგანიზმის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შეზღუდულია.

ყველაზე მეტად სიცხე გულ-სისხლძარღვთა სისტემას აზიანებს. როგორც უკვე ვახსენეთ როდესაც ორგანიზმი ცდილობს გაგრილებას, სისხლძარღვები ფართოვდება, რის გამოც არტერიული წნევა მცირდება. ამავე დროს დეჰიდრატაციის გამო სისხლი უფრო ბლანტი ხდება. ასეთ პირობებში იზრდება თრომბების წარმოქმნის ალბათობა, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მიოკარდიუმის ინფარქტის, იშემიური ინსულტისა და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის განვითარების რისკს. გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში სიცხემ შეიძლება გამოიწვიოს დაავადების დეკომპენსაცია, მძიმე არითმიები და უეცარი კარდიული სიკვდილი. სწორედ ამიტომ ევროპის თითქმის ყველა ეპიდემიოლოგიური კვლევა აჩვენებს, რომ სიცხის ტალღების დროს გარდაცვალების ძირითადი მიზეზი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებია.

სიცხე ასევე სერიოზულ გავლენას ახდენს სასუნთქ სისტემაზე. მაღალი ტემპერატურა ხშირად ემთხვევა ატმოსფეროში ოზონის, წვრილი მტვრის ნაწილაკებისა და სხვადასხვა ალერგენის კონცენტრაციის ზრდას. შედეგად მძიმდება ბრონქული ასთმის, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებისა და სხვა რესპირატორული პათოლოგიების მიმდინარეობა.

არანაკლებ მგრძნობიარეა თირკმელებიც. ძლიერი ოფლიანობის ფონზე ორგანიზმში სითხის დეფიციტი ვითარდება, რაც ამცირებს თირკმელებში სისხლის მიწოდებას. შედეგად შესაძლოა თირკმლის მწვავე დაზიანება განვითარდეს.

სითბური დარტყმა

სიცხესთან დაკავშირებულ ყველაზე მძიმე მდგომარეობას სითბური დარტყმა წარმოადგენს. ეს უკვე გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობაა, რომლის დროსაც სხეულის ტემპერატურა 40 გრადუს ცელსიუსს აჭარბებს და ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების ნიშნებია სახეზე. პაციენტს ცნობიერების დაბინდვა, დეზორიენტაცია, მეტყველების დარღვევა, კრუნჩხვები აღენიშნება  ზოგჯერ კი კომაც შეიძლება განვითარდეს. თუ სხეულის ტემპერატურა დროულად არ შემცირდა და პაციენტმა ინტენსიური თერაპია არ მიიღო, სიკვდილიანობა 30 პროცენტს აღემატება. ზოგიერთი პრეპარატი მნიშვნელოვნად ზრდის სიცხით გამოწვეული გართულებების განვითარების ალბათობას. შარდმდენები აძლიერებენ სითხის დაკარგვას, ბეტა-ბლოკატორები ამცირებენ გულის უნარს ადაპტირდეს მაღალ ტემპერატურასთან, ანტიქოლინერგული პრეპარატები აფერხებენ ოფლიანობას, ხოლო ზოგიერთი ანტიდეპრესანტი და ანტიფსიქოზური საშუალება არღვევს თერმორეგულაციას. სწორედ ამიტომ ევროპელი ექიმები ზაფხულის დაწყებამდე მაღალი რისკის მქონე პაციენტებთან მედიკამენტების გადახედვას  სულ უფრო ხშირად ურჩევენ.

გამოსავალი საზოგადოებრივ ჯანდაცვაში

სპეციალისტების აზრით, ამ სიკვდილიანობის დიდი ნაწილის თავიდან აცილება შესაძლებელია. აუცილებელია ეფექტური ადრეული გაფრთხილების სისტემების არსებობა, რათა მოსახლეობამ რამდენიმე დღით ადრე მიიღოს ინფორმაცია მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. სიცხის პიკის პერიოდში საავადმყოფოებმა და სასწრაფო დახმარების სამსახურებმა გაზრდილი დატვირთვისთვის წინასწარ უნდა მოემზადონ, მოხუცთა სახლებში კი ხანდაზმულების მდგომარეობა განსაკუთრებული ყურადღებით უნდა გაკონტროლდეს.

ინდივიდუალურ დონეზეც შესაძლებელია რისკის შემცირება. საკმარისი რაოდენობით სითხის მიღება, მზის პირდაპირი სხივების თავიდან არიდება დღის ყველაზე ცხელ პერიოდში, მსუბუქი და ღია ფერის ტანსაცმლის ტარება, საცხოვრებელი სივრცის გაგრილება და განსაკუთრებით ხანდაზმული ნათესავებისა თუ მეზობლების რეგულარული მონახულება ხშირად სიცოცხლის გადარჩენის ტოლფასია. ექიმების როლიც განსაკუთრებულია, რადგან მათ შეუძლიათ წინასწარ განსაზღვრონ მაღალი რისკის მქონე პაციენტები, გადაამოწმონ მათი მედიკამენტები და დეტალურად აუხსნან, როგორ მოიქცნენ სიცხის ტალღის დროს.

დღეს სიცხის ტალღები იშვიათი ბუნებრივი მოვლენა აღარ არის. თუ კლიმატის ცვლილების ტემპი შენარჩუნდება, მომდევნო წლებში მსგავსი ეპიზოდები კიდევ უფრო გახშირდება. სწორედ ამიტომ თანამედროვე მედიცინის ამოცანა მხოლოდ სიცხით გამოწვეული დაავადებების მკურნალობა აღარ არის. არანაკლებ მნიშვნელოვანია მათი პრევენცია, მოსახლეობის დროული ინფორმირება, ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნა და კლიმატურ ცვლილებებთან ადაპტაცია. მხოლოდ მეცნიერების, მედიცინის, სახელმწიფო პოლიტიკისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით იქნება შესაძლებელი ევროპის ამ „ჩუმი მკვლელის“ მიერ გამოწვეული ათასობით ნაადრევი სიკვდილის თავიდან აცილება.

reuters

europa

who

 

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები