როგორ დაანგრია 2.5-მილიონიამდე მონაწილით კვლევამ მითები ფიბრომიალგიის შესახებ

გააზიარე

ათწლეულების განმავლობაში ფიბრომიალგია კლინიკურ რეალობასა და სამეცნიერო გაურკვევლობას შორის იყო მოქცეული. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტებს აწუხებთ აუტანელი, გავრცელებული ტკივილი, დაღლილობა, ძილის დარღვევა და კოგნიტური პრობლემები, მისი ბიოლოგიური საფუძველი ბუნდოვანი რჩებოდა, ობიექტური მარკერების ძიება კი – უშედეგო. წარსული გენეტიკური კვლევები არასაკმარისი მასშტაბის გამო ხშირად არათანმიმდევრულ შედეგებს აჩვენებდა, რის გამოც დაავადების კომპლექსური ბუნება ხშირად ეჭვქვეშ დგებოდა.

ამ მავნე ტენდენციასა და სკეპტიციზმს გენომის მასშტაბით ასოციაციების (GWAS) ყველაზე მასშტაბურმა ანალიზმა წერტილი დაუსვა. კვლევამ, რომელშიც 11 მსხვილი კოჰორტისა და 2.5 მილიონზე მეტი ადამიანის მონაცემები გაერთიანდა, ფიბრომიალგიის ისეთი სიღრმისეული გენეტიკური ანალიზი შემოგვთავაზა, რომლის სტატისტიკური ძალაც ამ სფეროს ვარაუდების მიღმა გასვლის საშუალებას აძლევს. 

26 დამოუკიდებელი რისკ-ლოკუსის იდენტიფიცირებამ და იმის დამტკიცებამ, რომ მემკვიდრეობითობა თითქმის ექსკლუზიურად ნეირონებს უკავშირდება, დღემდე ყველაზე მყარი ბიოლოგიური არგუმენტი მოგვცა: ფიბრომიალგია უპირველეს ყოვლისა ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევაა და არა პერიფერიული ანთებითი ან აუტოიმუნური პათოლოგია.

ამ კვლევის უმთავრესი და უშუალო შედეგიც სწორედ ესაა – სამუდამოდ სრულდება ხანგრძლივი დავა იმის შესახებ, არის თუ არა ფიბრომიალგია „რეალური“ ბიოლოგიური თვალსაზრისით. გენომის მასშტაბით მნიშვნელოვანი ვარიანტების აღმოჩენა და კლასიკურ იმუნურ გზებში სიგნალის სრული არარსებობა ერთობლივად მეტყველებს იმაზე, რომ ფიბრომიალგია მხოლოდ ფსიქოსომატური ან არასპეციფიკური ტკივილის აღმნიშვნელი იარლიყი როდია.

თუმცა, აღმოჩენის რეალური ღირებულება იმაში მდგომარეობს, რომ იგი სინდრომს სრულიად ახლებურად წარმოაჩენს. ეს არის კომპლექსური პრობლემა, რომელიც ტკივილის გადამუშავებას, ნეიროგანვითარებასა და თანმხლები დაავადებების ფართო სპექტრის მიმართ საერთო გენეტიკურ მიდრეკილებას აერთიანებს. გენეტიკა ამ დარღვევის შესახებ ჯერ ყველაფერს ვერ გვეუბნება, მაგრამ მკვლევრებს უკვე აძლევს იმ მოლეკულური საწყისების კონკრეტულ ჩამონათვალს, რომელიც მანამდე უბრალოდ არ არსებობდა.

ცენტრალური ნერვული სისტემა

კვლევის ყველაზე თვალსაჩინო და გარდამტეხი მიგნება ის არის, რომ გენეტიკური “სიგნალი” მკაცრად და ექსკლუზიურად ნეირონული ხასიათისაა. მემკვიდრეობითობის ანალიზი პირდაპირ მიუთითებს ტვინის ისეთ საკვანძო ზონებზე, როგორიცაა ქერქი, კუდიანი ბირთვი, ფრონტალური ზონები და სარტყლისებრი ხვეულის წინა ნაწილი. უფრო მეტიც, ფიბრომიალგიასთან დაკავშირებული გენები ყველაზე მეტად სწორედ ნეირონებში – მათ შორის, ენტერალურ ნეირონებში, აგრეთვე სტრიატულ და კორტიკალურ პროექციულ ნეირონებში – იყრის თავს. განსაკუთრებით ძლიერი გენეტიკური კონცენტრაცია ფიქსირდება ჰიპოკამპის დაკბილული ხვეულის ნეირონებში, რომლებიც სენსორული გამოცდილებისა და მეხსიერების კონტექსტუალიზაციაზე აგებენ პასუხს. ეს ფაქტი იდეალურად ეხმიანება ფიბრომიალგიისთვის დამახასიათებელ კოგნიტურ და სენსორულ სიმპტომებს.

ფიბრომიალგია პერიფერიული ანთებით ან კუნთების სტრუქტურული დაზიანებით რომ იყოს გამოწვეული, შესაბამისი გენები ლოგიკურად იმუნურ უჯრედებში, კუნთოვან ქსოვილსა ან შემაერთებელ ქსოვილში უნდა დაგროვილიყო. თუმცა, რეალურად გენეტიკური სიგნალი კომპაქტურად სწორედ იმ ნეირონების გარშემო ჯგუფდება, რომლებიც ტკივილის დამუშავებაში, მოდულაციასა და სენსორულ ინტეგრაციაში მონაწილეობს. ეს სულაც არ გამორიცხავს პერიფერიული ფაქტორების როლს, თუმცა დაავადების გენეტიკური არქიტექტურის სათავეში მკაფიოდ ცენტრალურ ნერვულ სისტემას ათავსებს.

კავშირი ჰანტინგტონის დაავადების ბიოლოგიასთან

კვლევის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მიგნება ჰანტინგტინის (HTT) გენის გავრცელებულ კოდირებად ვარიანტთან იკვეთება. საუბარია გენზე, რომლის სრულიად განსხვავებული ტიპის მუტაციაც კლასიკურ ჰანტინგტონის დაავადებას იწვევს. ფიბრომიალგიასთან ასოცირებული ვარიანტი წარმოადგენს გლუტამინის მჟავის ერთჯერად დელეციას 58-ე ეგზონში – რაც ბუნებით ძალიან შორს დგას ჰანტინგტონის დაავადებისთვის დამახასიათებელი განმეორებადი თანამიმდევრობების მძიმე ექსპანსიისგან. 

ავტორები აჩვენებენ, რომ კლასიკური გამომწვევი ვარიანტების გათვალისწინებით, ეს კავშირი ქრება. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ფიბრომიალგია ჰანტინგტონის დაავადების განსხვავებული ფორმაა; ეს უბრალოდ მიუთითებს იმაზე, რომ ერთსა და იმავე გენს – და შესაძლოა მასთან დაკავშირებულ მოლეკულურ გზებს – ძალუძს გავლენა მოახდინოს როგორც იშვიათ ნეიროდეგენერაციაზე, ისე ტკივილის მიმართ ზოგად, გავრცელებულ მგრძნობელობაზე.

ამ აღმოჩენის პრაქტიკული ღირებულება ორმაგია. პირველი: HTT ფართოდ არის წარმოდგენილი ნეირონებში, მათ შორის ტკივილის მართვისთვის საკვანძო ზონებში (მაგალითად, სტრიატუმში, სადაც მემკვიდრეობითი სიგნალი განსაკუთრებით თვალსაჩინოა). მეორე: ეს ცილა აქტიურად ურთიერთქმედებს ისეთ კომპონენტებთან, როგორიცაა ჰანტინგტინთან ასოცირებული ცილა 1 (HAP1), რომელიც პირდაპირ არეგულირებს ნოციცეპტური (ტკივილის აღმქმელი) ნეირონებისა და ზურგის ტვინის შესაბამისი გზების მუშაობას. 

ამ კავშირის გამოვლენა HTT-სა და მის რეგულატორებს (მათ შორის GPR52-ს) მედიკამენტების ახალი დანიშნულებით გამოყენების (drug repurposing) ძალზე პერსპექტიულ სამიზნეებად აქცევს – მით უმეტეს, რომ GPR52-ის როლი ჰანტინგტონის დაავადების კვლევებში უკვე აქტიურად შეისწავლება. საბოლოო ჯამში, მიღებული შედეგი არ არის მხოლოდ სტატისტიკური დამთხვევა; ის ფიბრომიალგიის შესასწავლად სრულიად რეალურ, ხელშესახებ ბიოლოგიურ საფუძველს ქმნის.

ტკივილი, ნეიროგანვითარება და პლასტიკურობა

HTT გენის მიღმა, იდენტიფიცირებული 26 ლოკუსი ნეირონული პროცესების ერთიან, შეკრულ სისტემაზე მიუთითებს. რამდენიმე საკვანძო გენი (მათ შორის CAMKV, MDGA2, DCC, CELF4 და DRD2/NCAM1) აქტიურად მონაწილეობს სინაფსურ განვითარებაში, პლასტიკურობასა და ნეიროტრანსმისიაში. 

მაგალითად, CELF4 აკოდირებს რნმ-დამკავშირებელ ცილას, რომელიც ნოციცეპტორების (ტკივილის რეცეპტორების) აგზნებადობას არეგულირებს და ქრონიკული ტკივილის გენური თერაპიის პერსპექტიულ სამიზნედაც უკვე შეისწავლება. თავის მხრივ, DRD2 დოფამინის D2 რეცეპტორს აკოდირებს, რაც ფიბრომიალგიას პირდაპირ აკავშირებს მოტივაციასთან, ტვინის ჯილდოს სისტემასა და კოგნიციასთან, ხოლო NCAM1 მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც ნეირონულ ადჰეზიაში, ისე იმუნური უჯრედების ფუნქციონირებაში.

დანარჩენი ლოკუსები ნეიროგანვითარების რთულ გზებზე მიუთითებს. DCC პასუხისმგებელია განვითარების პროცესში აქსონების სწორ ორიენტაციასა და მიელინის სტრუქტურის რეგულაციაზე; MDGA2 გავლენას ახდენს სინაფსურ ორგანიზაციასა და BDNF/TrkB სიგნალიზაციაზე; ხოლო PPP2R2B დაკავშირებულია სპინოცერებელარულ ატაქსიასა და ნეიროგანვითარების სხვა სინდრომებთან. 

საინტერესოა NPC1-ც, რომელიც ნიმან-პიკის C ტიპის დაავადებასთანაა ასოცირებული და ფიბრომიალგიის რისკს უჯრედშიდა ლიპიდების ტრანსპორტირებასა და ნეიროანთებასთან აკავშირებს. საბოლოო ჯამში, ეს გენები არ მიუთითებს რაიმე კონკრეტული „ტკივილის გენის“ არსებობაზე; პირიქით, ისინი ქმნიან იმ ფართო ქსელს, რომელიც ტკივილისა და სენსორული წრედების ჩამოყალიბებას, მართვასა და შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

პლეიოტროპია და თანმხლები დაავადებები

კლინიკური თვალსაზრისით, კვლევის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მიგნება ფიბრომიალგიასა და სხვა პათოლოგიებს შორის არსებული გენეტიკური კავშირის მასშტაბია. ანალიზი აჩვენებს მყარ გენეტიკურ თანაკვეთას ქრონიკულ ტკივილსა და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის პრობლემებს – მათ შორის მიალგიას, წელის ქვედა ნაწილისა და სახსრების ტკივილს, აგრეთვე შაკიკს შორის. 

გარდა ამისა, მკვეთრად იკვეთება გენეტიკური ხიდი ფსიქიკურ და ქცევით დარღვევებთან: განსაკუთრებით პოსტტრავმული სტრესული აშლილობის, დეპრესიის, სომატოფორმული, დისოციაციური აშლილობებისა და უძილობის ფონზე. ამასთან ერთად, საერთო გენეტიკურ რისკებს იზიარებს საჭმლის მომნელებელი და შარდსასქესო სისტემის ისეთი გავრცელებული თანმხლები სინდრომები, როგორიცაა გაღიზიანებული ნაწლავი, ფუნქციური დისპეფსია და PCOS/PMOS.

ეს მკაფიო კანონზომიერება ამყარებს მოსაზრებას, რომ ფიბრომიალგია ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნდამენტური, ტრანსდიაგნოსტიკური მოწყვლადობის გამოვლინებაა, რომელიც ადამიანს სენსორული, აფექტური და ავტონომიური დისრეგულაციისკენ მიმართავს. დამატებითი გენეტიკური ფაქტორებისა თუ გარემოპირობების გათვალისწინებით, ერთსა და იმავე ფუნდამენტურ გენეტიკურ სტრუქტურას შეუძლია ერთ პაციენტში ფიბრომიალგიის სახით იჩინოს თავი, მეორეში – გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომით, ხოლო მესამეში – პოსტტრავმული სტრესული აშლილობით. 

ზუსტად ეს გენეტიკური ერთიანობა ხსნის იმას, თუ რატომ იყრის თავს ეს მდგომარეობები ასე ხშირად ერთად კლინიკურ რეალობაში და რატომ რეაგირებენ ისინი მსგავს თერაპიულ მიდგომებზე – მაგალითად, ნეირომოდულატორებსა და კოგნიტურ-ქცევით თერაპიაზე.

აუტოიმუნური პათოლოგია?

გენეტიკური მონაცემები საბოლოოდ ნათელს ჰფენს აუტომუნური ბუნების შესახებ მიმდინარე დებატებსაც. კვლევამ ჰისტოშეთავსებადობის მთავარი კომპლექსის (MHC) რეგიონში მნიშვნელოვანი გენეტიკური სიგნალი ვერ გამოავლინა; ასევე არ დაფიქსირებულა მემკვიდრეობითობის ზრდა პერიფერიულ იმუნურ უჯრედებსა თუ ტვინის გლიურ უჯრედებში. ამასთანავე, გამოვლინდა მხოლოდ მცირე გენეტიკური კორელაცია ისეთ კლასიკურ აუტოიმუნურ პათოლოგიებთან, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი და შეგრენის სინდრომი. იქაც კი, სადაც მცირე კორელაცია შეინიშნება, იგი ძირითადად ამ დაავადებების ჰეტეროგენულ, ნაკლებად სეროპოზიტიურ ფორმებს უკავშირდება, ხოლო ასთმის შემთხვევაში — არაეოზინოფილურ (დაბალი T2) ტიპს და არა მაღალი T2-ის მქონე კლასიკურ ფორმებს.

ეს სრულებითაც არ გამორიცხავს იმუნური სისტემის გარკვეული კომპონენტის მონაწილეობას. ფიბრომიალგია პაციენტთა გარკვეულ ჯგუფებში შესაძლოა კვლავაც მოიცავდეს კომპლექსურ ნეიროიმუნურ ურთიერთქმედებებს, მიკროგლიის აქტივაციას ან პერიფერიულ იმუნურ მოდულაციას. თუმცა, მიღებული გენეტიკური სურათი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ფიბრომიალგია პირველად აუტოიმუნურ დარღვევად კლასიფიცირდეს — ისე, როგორც ეს რევმატოიდული ართრიტის ან სისტემური წითელი მგლურას შემთხვევაშია. ამ ფუნდამენტურ განსხვავებას კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს როგორც სამეცნიერო კვლევების სწორი მიმართულებით წარმართვისთვის, ისე კლინიკურ პრაქტიკაში მკურნალობის სტრატეგიის შესარჩევად.

სქესობრივი განსხვავებები და გავრცელება

მიუხედავად იმისა, რომ ფიბრომიალგია ბევრად უფრო ხშირია ქალებში, ამ დაავადების გენეტიკური არქიტექტურა ორივე სქესისთვის პრაქტიკულად იდენტურია. ეს ფაქტი მკაფიოდ მიუთითებს იმაზე, რომ გავრცელებაში არსებული მკვეთრი სქესობრივი დისბალანსი სქესისთვის სპეციფიკური გენეტიკური ფაქტორებით არ არის განპირობებული. მას, სავარაუდოდ, ჰორმონალური ფონი, განსხვავებული გარემო პირობები ან ფიზიოლოგიურ-სოციალური თავისებურებები განსაზღვრავს. აღნიშნული ნიუანსი პრინციპულად მნიშვნელოვანია, რადგან მას ყურადღება „ქალის გენეტიკური მოწყვლადობის“ ძიებიდან ბევრად უფრო ფართო, ბიოლოგიურ თუ სოციალურ კომპონენტებზე გადააქვს.

თერაპიული სამიზნეები

წარმოდგენილი კვლევა თერაპიული თვალსაზრისით ორ ძირითად, განსაკუთრებით პერსპექტიულ მიმართულებას გამოკვეთს. პირველი – HTT-GPR52 ღერძია, რომელიც არსებული მედიკამენტების ახალი დანიშნულებით გამოყენების დიდ პერსპექტივას აჩენს. მეორე მიმართულება უკავშირდება CELF4-ზე დაფუძნებულ გენურ თერაპიას: ტკივილის სამკურნალოდ შემუშავებული ეს მეთოდი, ახალი გენეტიკური მტკიცებულებების გათვალისწინებით, შესაძლოა სპეციფიკურად ფიბრომიალგიისთვისაც წარმატებით ადაპტირდეს. 

ცხადია, ეს მეთოდები მყისიერი განკურნების გარანტიას არ იძლევა, თუმცა ისინი მკვლევრებს აძლევს კონკრეტულ, მკაცრად დასაბუთებულ მოლეკულურ სამიზნეებს იმ სფეროში, სადაც მსგავსი ალტერნატივების დეფიციტი მწვავედ იგრძნობოდა.

ფსიქიატრიულ პათოლოგიებთან და ქრონიკულ ტკივილთან გენეტიკური თანაკვეთა კიდევ უფრო მეტად ამყარებს იმ თერაპიული მიდგომების ეფექტიანობას, რომლებიც ტვინში ტკივილის გადამუშავებასა და ნეიროპლასტიკურობას არეგულირებს – ასეთია, მაგალითად, ზოგიერთი ანტიდეპრესანტი, ნეირომოდულატორი და მიზნობრივი ქცევითი ინტერვენცია. 

მომავალში, პოლიგენური რისკის შეფასებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს პაციენტების კლინიკურ ჯგუფებად დაყოფას და პერსონალიზებულ მიდგომებს, თუმცა ამ ეტაპზე პროგნოზული სიზუსტე ჯერ კიდევ დაბალია, ხოლო მონაცემები ძირითადად ევროპული წარმოშობის პოპულაციებზეა ფოკუსირებული.

შეზღუდვები და სამომავლო მიმართულებები

როგორც ნებისმიერ მასშტაბურ ნაშრომს, ამ კვლევასაც გარკვეული შეზღუდვები ახლავს. კოჰორტის უმეტესობა ევროპული წარმოშობის პოპულაციებს ეყრდნობა, რაც შედეგების გლობალურ მასშტაბზე განზოგადებასა და პოლიგენური რისკის პროგნოზების სიზუსტეს სხვა ეთნიკურ ჯგუფებში ზღუდავს. გარდა ამისა, დიაგნოზები ძირითადად დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის (ICD) კოდებით გამოვლინდა, რამაც შესაძლოა გარკვეული ხარვეზები ან არასწორი კლასიფიკაცია გამოიწვია. რაც შეეხება ძლიერი იმუნური “სიგნალის” არარსებობას – ეს ფაქტი შესაძლოა აიხსნას იმით, რომ მონაცემთა მასშტაბი ჯერ კიდევ არასაკმარისია პერიფერიული იმუნური სისტემის მცირე წვლილის ზუსტად გამოსავლენად, ან შერჩევის პროცესში დაშვებული მეთოდოლოგიური ნიუანსებით.

მიუხედავად ამისა, სამომავლო გზა უკვე მკაფიოდ არის დასახული: აუცილებელია გენეტიკური წარმომავლობის მრავალფეროვნების გაზრდა, ფენოტიპების უფრო მკაცრი, სიმპტომებზე დაფუძნებული კრიტერიუმებით დამუშავება და ფუნდამენტური ლაბორატორიული კვლევების ინტეგრირება, რათა სტატისტიკური მონაცემებიდან უშუალოდ მოლეკულურ მექანიზმებზე გადავიდეთ. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ფიბრომიალგიის გენეტიკური თანაკვეთა მიალგიურ ენცეფალომიელიტთან/ქრონიკული დაღლილობის სინდრომსა (ME/CFS) და ხანგრძლივ კოვიდთან (long COVID). ამ მიმართულებების ერთობლივმა შესწავლამ შესაძლოა გამოკვეთოს ცენტრალური ნერვული სისტემის საერთო, უნივერსალური მოწყვლადობა სხვადასხვა პოსტინფექციური თუ ქრონიკული ტკივილის სინდრომის მიმართ.

წყარო: nature medicine



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები