კალიფორნიის უნივერსიტეტის (UC San Diego) ინჟინრებმა და ნეირომეცნიერებმა შექმნეს ინოვაციური, მოქნილი პლასტირი, რომელიც თითის წვერზე მაგრდება და ოფლის საშუალებით რეალურ დროში ზომავს პარკინსონის დაავადების სამკურნალო ძირითადი მედიკამენტის — ლევოდოპას (Levodopa) კონცენტრაციას ორგანიზმში.
სამეცნიერო ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მოწყობილობას არ სჭირდება ელემენტი ან ბატარეა. ის ენერგიას უშუალოდ პაციენტის ოფლში არსებული ქიმიური რეაქციებიდან იღებს. კლინიკურმა ტესტებმა აჩვენა, რომ პლასტირის მიერ მოწოდებული მონაცემები სიზუსტით არ ჩამოუვარდება სისხლის ლაბორატორიულ ანალიზს, რომლის პასუხებსაც ჩვეულებრივ რამდენიმე დღე სჭირდება.
პარკინსონით დაავადებული პაციენტებისთვის ლევოდოპას ზუსტი დოზის შერჩევა ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა: წამლის ნაკლებობა მოძრაობის უნარის შეზღუდვას იწვევს, ხოლო ზედმეტი დოზა — სხეულის უნებლიე, მკვეთრ მოძრაობებს. დაავადების პროგრესირებასთან ერთად, მედიკამენტის ეფექტურობის ფანჯარა რამდენიმე საათიდან ორ საათამდე მცირდება, ექიმებს კი აქამდე პაციენტების სუბიექტურ მონაცემებზე დაყრდნობით უწევდათ დოზირების ცვლილება.
თითის წვერზე განთავსებული სპეციალური ჰიდროგელი ოფლს შეიწოვს. ოფლში არსებული ლევოდოპა პლასტირში ჩაშენებულ ენზიმებთან ურთიერთქმედებისას წარმოქმნის მცირე ელექტრულ ძაბვას, რაც ერთის მხრივ კვებავს მოწყობილობას, ხოლო მეორეს მხრივ — მიუთითებს წამლის ზუსტ დონეზე ორგანიზმში.
კვლევამ ასევე გამოავლინა, რომ პარკინსონით დაავადებული პაციენტების ორგანიზმი ლევოდოპას გაცილებით სწრაფად გამოდევნის, ვიდრე ჯანმრთელი ადამიანებისა. მეცნიერთა თქმით, ეს ტექნოლოგია საფუძველს ჩაუყრის ავტომატიზებულ სისტემას, სადაც პლასტირი სპეციალურ ტუმბოს (პუმპას) დაუკავშირდება და პაციენტს საჭიროებისამებრ, ავტომატურად მიაწვდის მედიკამენტის ზუსტ დოზას.
წყარო: PNAS

