GLP-1 აგონისტებმა შესაძლოა დიაბეტის მქონე პაციენტებში ხანგრძლივი COVID-ის შედეგად განვითარებული ფილტვის ფიბროზის პროგრესირება შეაფერხონ

გააზიარე

სამეცნიერო ჟურნალ Journal of Virology-ში გამოქვეყნებული ახალი ექსპერიმენტული კვლევის თანახმად, გლუკაგონის მსგავსი პეპტიდ-1-ის (GLP-1) რეცეპტორის აგონისტებმა, რომლებიც ფართოდ გამოიყენება ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტისა და სიმსუქნის სამკურნალოდ, შესაძლოა დამატებითი თერაპიული პოტენციალი გამოავლინონ ხანგრძლივი COVID-ის (Long COVID) ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გართულების – ფილტვის ფიბროზის – შემცირების მიმართულებით. კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ აღნიშნულმა პრეპარატებმა თაგვების მოდელში შეამცირეს ფილტვის ქსოვილის დანაწიბურება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის.

ხანგრძლივი COVID წარმოადგენს მდგომარეობას, რომლის დროსაც SARS-CoV-2-ით ინფიცირების შემდეგ სხვადასხვა კლინიკური სიმპტომი რამდენიმე თვის ან წლის განმავლობაში გრძელდება. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გართულებაა ფილტვის ფიბროზი — დაავადება, რომლის დროსაც ფილტვის ქსოვილში ვითარდება ფართომასშტაბიანი ნაწიბუროვანი ცვლილებები. შედეგად ფილტვის ელასტიკურობა მცირდება, ჟანგბადის სისხლში გადასვლა ფერხდება და პაციენტებს აღენიშნებათ ხანგრძლივი ხველა, ქოშინი და სუნთქვის პროგრესირებადი უკმარისობა.

კვლევა ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს. კვლევის ხელმძღვანელის, ვირუსოლოგ რუნჰონგ ჟოუს (Runhong Zhou, PhD) განცხადებით, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში COVID-19-ის მძიმე მიმდინარეობისა და ხანგრძლივი COVID-ის განვითარების რისკი მნიშვნელოვნად მაღალია. არსებული ეპიდემიოლოგიური მონაცემების მიხედვით, ამ ჯგუფში ხანგრძლივი COVID-ის მძიმე ფორმების განვითარების ალბათობა დაახლოებით ოთხჯერ აღემატება იმ ადამიანების რისკს, რომლებსაც დიაბეტი არ აქვთ, თუმცა ამ განსხვავების ბიოლოგიური მექანიზმები დღემდე სრულად გარკვეული არ არის.

ამ მექანიზმების შესასწავლად მკვლევრებმა თავდაპირველად შეადარეს COVID-19-ით ჰოსპიტალიზებული დიაბეტიანი და არადიაბეტიანი პაციენტების სისხლის ნიმუშები. რამდენიმე თვის შემდეგ აღებულ ნიმუშებში დიაბეტის მქონე პაციენტებში გამოვლინდა მონოციტების რაოდენობისა და აქტივობის მნიშვნელოვანი ცვლილებები. მონოციტები სისხლის თეთრი უჯრედებია, რომლებიც ქსოვილებში მაკროფაგებად გარდაიქმნება და ანთებით პროცესებში მონაწილეობენ. გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ დიაბეტის მქონე პაციენტებში გააქტიურებული იყო ის ბიოლოგიური გზები, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულია ფიბროზული პროცესების განვითარებასთან.

შემდგომ ეტაპზე მეცნიერებმა თაგვების ექსპერიმენტული მოდელი გამოიყენეს, რათა შეეფასებინათ კავშირი დიაბეტს, SARS-CoV-2-ით ინფიცირებასა და ფილტვის ფიბროზის განვითარებას შორის. კვლევამ დაადასტურა, რომ ინფიცირებულ დიაბეტიან ცხოველებში მნიშვნელოვნად იზრდებოდა იმ გენების აქტივობა, რომლებიც კოლაგენისა და სხვა ბოჭკოვანი ცილების წარმოქმნას არეგულირებს. ნორმალურ პირობებში ეს გენები ქსოვილების აღდგენისთვის აუცილებელია, თუმცა მათი გადაჭარბებული აქტივაცია ფილტვის პროგრესირებად დანაწიბურებას იწვევს.

მკვლევრებმა შეისწავლეს, შეეძლო თუ არა GLP-1-ის რეცეპტორის აგონისტებით მკურნალობას აღნიშნული პათოლოგიური პროცესების შეჩერება. ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ პრეპარატების გამოყენების შემდეგ ფიბროზთან დაკავშირებული გენების აქტივობა ნორმალიზდა, ხოლო მაკროფაგების ფუნქციური მდგომარეობა შეიცვალა ისე, რომ შემცირდა ნაწიბუროვანი ქსოვილის წარმოქმნის ხელშემწყობი ანთებითი რეაქცია. შედეგად, GLP-1-ის აგონისტებით ნამკურნალებ თაგვებში ფილტვის ფიბროზი მნიშვნელოვნად ნაკლებად იყო გამოხატული იმ ცხოველებთან შედარებით, რომლებმაც აღნიშნული თერაპია არ მიიღეს.

მკვლევართა შეფასებით, მიღებული შედეგები მიუთითებს, რომ GLP-1-ის აგონისტებს შესაძლოა ჰქონდეთ ანთების საწინააღმდეგო და ანტიფიბროზული მოქმედება, რომელიც სცდება მათ უკვე ცნობილ მეტაბოლურ ეფექტებს. განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ GLP-1-ის რეცეპტორები ფილტვის უჯრედებში მაღალი რაოდენობით არის წარმოდგენილი, რაც ამ პრეპარატების შესაძლო პირდაპირ გავლენას ფილტვის ქსოვილზეც მიანიშნებს.

მიუხედავად პერსპექტიული შედეგებისა, ავტორები აღნიშნავენ, რომ კვლევა პრეკლინიკურ ეტაპზეა და მხოლოდ თაგვების მცირე რაოდენობაზე ჩატარდა. შესაბამისად, არსებული მონაცემები მხოლოდ კონცეფციის დადასტურებად (proof of concept) უნდა ჩაითვალოს და მათი პირდაპირი გავრცელება ადამიანებზე ამ ეტაპზე შეუძლებელია. GLP-1-ის აგონისტების ეფექტიანობისა და უსაფრთხოების დასადასტურებლად აუცილებელია ფართომასშტაბიანი კლინიკური კვლევების ჩატარება.

მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის პანდემიის გლობალური საგანგებო ფაზა დასრულებულია, ხანგრძლივი COVID დღემდე მნიშვნელოვან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემად რჩება. განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან ხანდაზმული პირები და ქრონიკული დაავადებების, მათ შორის ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტები. აღნიშნული კვლევა საფუძველს ქმნის იმის შესასწავლად, შეძლებენ თუ არა უკვე ფართოდ გამოყენებული GLP-1-ის აგონისტები მომავალში ხანგრძლივი COVID-ის შედეგად განვითარებული ფილტვის ფიბროზის პრევენციასა და მკურნალობაში მნიშვნელოვანი როლის შესრულებას.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები