VIB-ისა და გენტის უნივერსიტეტის (UGent) მკვლევრებმა ტვინში აქამდე უცნობი უჯრედული ბარიერი აღმოაჩინეს, რომელიც მეცნიერების წარმოდგენას იმაზე, როგორ არის დაცული ტვინი სხეულის დანარჩენი ნაწილისგან ფუნდამენტურად ცვლის.
ჟურნალ Nature Neuroscience-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში მეცნიერებმა ახალი გზა გამოავლინეს, რომლითაც იმუნურ სისტემას ტვინზე ზემოქმედება შეუძლია.
აქამდე ტვინის მთავარ დამცავ მექანიზმად ჰემატოენცეფალური ბარიერი და სისხლძარღვოვანი წნული (choroid plexus) მიიჩნეოდა, რომელიც თავზურგტვინის სითხეს აწარმოებს. მეცნიერებმა გენური სეკვენირებისა და მაღალი რეზოლუციის მიკროსკოპიის გამოყენებით უჯრედების უნიკალური პოპულაცია აღმოაჩინეს, რომელსაც „ფუძის ბარიერული უჯრედები“ (base barrier cells) უწოდეს.
ეს უჯრედები ერთმანეთთან დაკავშირებულია მჭიდრო კავშირებით (tight junctions), რაც ერთგვარი „მოლეკულური მოქლონების“ როლს ასრულებს და ტვინის სითხით სავსე სივრცეებსა და სისხლძარღვოვან ბირთვს შორის ჰერმეტულ დაცვას ქმნის.
VIB-ისა და გენტის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ აღმოჩენილი ტვინის ახალი დამცავი მექანიზმი არ არის სტატიკური, ის ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებზე დინამიურად რეაგირებს. ჯანსაღ მდგომარეობაში ე.წ. „ფუძის ბარიერული უჯრედები“ მჭიდრო კავშირების მეშვეობით ქმნიან ჰერმეტულ ფარს, რომელიც სისხლში არსებული მცირე მოლეკულების გადაადგილებას თავზურგტვინის სითხესა და ტვინის ქსოვილებში ეფექტურად ზღუდავს. ეს მექანიზმი ტვინს გარე სამყაროსგან იზოლირებულ, სტაბილურ და უსაფრთხო გარემოში ამყოფებს.
ვითარება სისტემური ანთების დროს რადიკალურად იცვლება, როდესაც ორგანიზმი მძიმე ინფექციას ებრძვის. კვლევამ აჩვენა, რომ ამ დროს ბარიერული უჯრედები მოწყვლადი ხდება, რაც დამცავ „ჭიშკარს“ ასუსტებს და მავნე ნივთიერებებსა თუ უცხო უჯრედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში შეღწევის საშუალებას აძლევს. აღმოჩენა, რომ ეს ბარიერი ადამიანის ტვინშიც არსებობს, მეცნიერებს აძლევს ახალ სამიზნეს ნეიროანთებითი დაავადებების სამკურნალოდ, რათა მომავალში ამ კრიტიკული დამცავი ხაზის გაძლიერება შეძლონ.
მნიშვნელოვანია, რომ ეს უჯრედები განვითარების ადრეულ ეტაპზევე ჩნდება და მთელი ცხოვრების მანძილზე ნარჩუნდება. მეცნიერებმა დაადასტურეს მათი არსებობა არა მხოლოდ თაგვების, არამედ ადამიანის ტვინშიც. მეცნიერების განმარტებით, ეს აღმოჩენა ნევროლოგიური დაავადებებისა და ნეიროანთებითი პროცესების შესწავლისთვის ახალ გზებს ხსნის.
წყარო: Nature

