ახალგაზრდა თაობის ჯანმრთელობის გაუარესება საპენსიო ასაკის ზრდის იდეას საფრთხეს უქმნის: ახალი კვლევა

გააზიარე

მსოფლიოში საპენსიო ასაკის გადაწევისა და აქტიური შრომითი პერიოდის გახანგრძლივების ტენდენცია სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას. გლობალურად, ეს პროცესი იმას გულისხმობს, რომ დასაქმებულებს პენსიაზე გასვლა ბევრად უფრო გვიან უწევთ. აღნიშნული პოლიტიკა დემოგრაფიული ცვლილებებით არის განპირობებული. სიცოცხლის ხანგრძლივობის მატებისა და შობადობის კლების გამო, მოსახლეობა ბერდება და ახალი სამუშაო ძალა მცირდება.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მთავრობები ეტაპობრივად ზრდიან საპენსიო ასაკს, რათა ეკონომიკური ტვირთი შეამსუბუქონ და საპენსიო ფონდები გაკოტრებისგან იხსნან. თუმცა, ახალი მასშტაბური კვლევის მიხედვით, 18-დან 44 წლამდე ასაკის დასაქმებულებში ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად უარესდება. ეს ნიშნავს, რომ ახალგაზრდა თაობა ამ ასაკს ბევრად უფრო სუსტი ჯანმრთელობით შეხვდება, ვიდრე დღევანდელი ხანდაზმული მუშახელი, რაც საპენსიო ასაკის ზრდის იდეას საფრთხეს უქმნის.

აღნიშნული კვლევა, რომელიც ჟურნალ European Journal of Public Health-ში გამოქვეყნდა, Hannover Medical School-ის მკვლევრებმა ჩაატარეს. პროექტის მთავარი მიზანი იყო იმის გარკვევა, თუ რამდენად რეალისტურია სამუშაო წლების კიდევ უფრო გახანგრძლივება და რომელი ასაკობრივი თუ სოციალური ჯგუფები დგანან ყველაზე დიდი რისკის ქვეშ. სრულყოფილი სურათის შესაქმნელად მეცნიერებმა ევროპის მასშტაბით ჩატარებული რამდენიმე გრძელვადიანი გამოკითხვის მონაცემები შეისწავლეს და დამატებით 3 მილიონზე მეტი დაზღვეული პირის სამედიცინო ისტორია გააანალიზეს.

სამედიცინო მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ მიუხედავად გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიური დაავადებების კლებისა, მკვეთრად არის გაზრდილი კუნთოვანი და ძვალ-სახსროვანი სისტემის პათოლოგიები. ეს პრობლემები ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესებასთან ერთად ბევრად უფრო ადრეულ ასაკში ვლინდება, რასაც ხელს უწყობს ჭარბი წონა, სტრესული სამუშაო გარემო და დასვენების ნაკლებობა.

საპენსიო ასაკის მატება არ ემთხვევა ჯანმრთელობის გაუმჯობესების ტენდენციებს. თუ სათანადო პრევენციული ზომები  არ გატარდება, მომავალში მოსახლეობას ხანდაზმულ ასაკში და უკვე შერყეული ჯანმრთელობის ფონზე მოუწევს მუშაობის გაგრძელება.

წყარო: European Journal of Public Health 

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები