ახალმა მასშტაბურმა საერთაშორისო კვლევამ დაადასტურა, რომ რეგულარული ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვნად ამცირებს ნაადრევი სიკვდილის რისკს, თუმცა ჰაერის ძლიერი დაბინძურება ამ დადებით ეფექტს ასუსტებს, განსაკუთრებით კიბოსგან და გულის დაავადებებისგან დაცვის კუთხით.
კვლევა, რომელიც ჟურნალ BMC Medicine-ში გამოქვეყნდა, 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში შეგროვებული 1.5 მილიონზე მეტი ზრდასრული ადამიანის მონაცემებს დაეყრდნო ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა აშშ, დანია, გაერთიანებული სამეფო, ჩინეთი და ტაივანი.
მეცნიერები ფოკუსირდნენ ჰაერში არსებულ წვრილ ნაწილაკებზე, PM2.5-ზე, რომელთა დიამეტრი 2.5 მიკრომეტრზე ნაკლებია და რომლებიც ფილტვებში მოხვედრის შემდეგ სისხლში გადადის.
ჯგუფი მივიდა დასკვნამდე, რომ ვარჯიშის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ეფექტი მნიშვნელოვნად მცირდებოდა იქ, სადაც PM2.5-ის საშუალო წლიური დონე აღწევდა ან აღემატებოდა 25 მიკროგრამს კუბურ მეტრზე. მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი (46%) ცხოვრობს ამ ზღვარს გადაჭარბებულ პირობებში.
მონაცემების გაერთიანებით, მეცნიერებმა დაადგინეს:
- ადამიანებს, რომლებიც კვირაში მინიმუმ ორნახევარ საათს საშუალო ან მაღალი ინტენსივობით ვარჯიშობდნენ, ნაადრევი სიკვდილის რისკი 30%-ით ნაკლები ჰქონდათ არააქტიურ ადამიანებთან შედარებით.
- მაგრამ თუ ეს აქტიური ადამიანები ცხოვრობდნენ მაღალი დაბინძურების ზონაში, დადებითი ეფექტი განახევრდა და 12%-15% შეადგინა.
ყველაზე მაღალი დაბინძურების ზონებში ვარჯიშის სარგებელი კიდევ უფრო შესუსტდა, განსაკუთრებით კიბოთი სიკვდილის რისკთან მიმართებით.
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ მათი მიზანი არ არის ადამიანებს გარე სივრცეში ვარჯიში აუკრძალონ. ამის ნაცვლად, ისინი გასცემენ რეკომენდაციას, რომ ვარჯიშის დაწყებამდე შემოწმდეს ჰაერის ხარისხი, სირბილის ან სიარულის დროს არჩეულ იქნას ნაკლებად დაბინძურებული ადგილები და, რაც მთავარია, შემცირდეს ვარჯიშის ინტენსივობა იმ დღეებში, როდესაც ჰაერის დაბინძურების დონე მაღალია.
წყარო: BMC

