შრი-ლანკაში, ტრინკომალის რაიონულ საავადმყოფოში ქირურგებმა 55 წლის პაციენტის შარდის ბუშტიდან 3.1 კილოგრამიანი კენჭი ამოიღეს, რომელიც ზომით სირაქლემას კვერცხს უტოლდება. ექიმების ვარაუდით, ეს სამედიცინო პრაქტიკაში დაფიქსირებული მსგავსი ტიპის ყველაზე დიდი წარმონაქმნია.
პაციენტი კლინიკაში დაახლოებით ერთი თვის წინ ინსულტის დიაგნოზით მოხვდა. მკურნალობის პროცესში მედიკოსებმა შეამჩნიეს, რომ მამაკაცს შარდვის პრობლემები ჰქონდა, რამაც დამატებითი გამოკვლევების ჩატარების საჭიროება გააჩინა. ოპერაციის ხელმძღვანელის, უროლოგ პრაგალადჰან ბალაკრიშნანის თქმით, ამოღებული კენჭი წონით ახალშობილის წონას უტოლდებოდა. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის საავადმყოფოში სხვა თანმხლები პრობლემების მკურნალობას აგრძელებს.
საავადმყოფოს დირექტორის, სანდამალი სამარაკუნის განცხადებით, უნიკალური სამედიცინო შემთხვევა, შესაძლოა, გინესის რეკორდების წიგნში მოხვდეს. დღემდე ოფიციალურად დადასტურებული ყველაზე დიდი, 1.9-კილოგრამიანი შარდის ბუშტის კენჭი ქირურგებმა 2003 წელს ბრაზილიაში ამოიღეს. შრი-ლანკაში ამოღებული წარმონაქმნის სიგრძე დაახლოებით 17 სანტიმეტრს შეადგენს და წონით წინა რეკორდს ბევრად აღემატება.
ცნობისთვის, შარდის ბუშტში კენჭები მაშინ ყალიბდება, როდესაც შარდი ბუშტი ბოლომდე არ იცლება, რაც მინერალების კრისტალიზაციას იწვევს. გამომწვევი მიზეზები ხშირად პროსტატის გადიდება, შარდსადენის ბლოკირება, ნერვული სისტემის დაზიანება ან განმეორებითი ინფექციებია. მცირე ზომის კენჭები ორგანიზმიდან დამოუკიდებლად გამოიდევნება, თუმცა 1 სანტიმეტრზე დიდი წარმონაქმნები სამედიცინო ჩარევას მოითხოვს, 4 სანტიმეტრს ზემოთ არსებული კენჭები კი გიგანტურ კატეგორიას განეკუთვნება.
წყარო: indepedent

