ხელოვნური ინტელექტით შექმნილმა პრეპარატმა კლინიკურ კვლევაში ადამიანის ბიოლოგიური ასაკი შეამცირა

გააზიარე

ჰონგ-კონგში დაფუძნებულმა კომპანია “Insilico Medicine-მა” ფილტვის დაავადების სამკურნალო ექსპერიმენტული მედიკამენტით ადამიანის ბიოლოგიური ასაკი შეამცირა. ჟურნალ “Nature-ში” გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ხელოვნური ინტელექტით შექმნილი პრეპარატი, სახელწოდებით “rentosertib”, ორგანიზმში დაბერების ბიოლოგიურ მარკერებს საგრძნობლად ამცირებს.

კლინიკური კვლევის შუალედურ ეტაპზე მეცნიერებმა 42 პაციენტის მონაცემები ექვსი სხვადასხვა ბიოლოგიური საათით გააანალიზეს. ამ ინსტრუმენტებმა, რომლებიც ორგანიზმში მიმდინარე ქიმიურ ცვლილებებს აკვირდება, მედიკამენტის მიმღებ ჯგუფში ბიოლოგიური ასაკის კლება ერთხმად დააფიქსირა. მკურნალობის დაწყებიდან ოთხ კვირაში პაციენტების ბიოლოგიური ასაკი მაქსიმუმ ექვსი წლით შემცირდა, მაშინ როცა პლაცებოს ჯგუფში მსგავსი ცვლილება საერთოდ არ გამოვლენილა.

სიახლე საფონდო ბირჟაზე მყისიერად აისახა და სამშაბათს კომპანიის აქციების ფასი 10%-ით გაზარდა. “Insilico Medicine” წამლის შესაქმნელად ორმაგი დანიშნულების მიდგომას იყენებს, რაც კონკრეტული დაავადების მკურნალობასთან ერთად, სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდას ემსახურება. პრეპარატის სამიზნე გენი ხელოვნურმა ინტელექტმა უზარმაზარი მონაცემების დამუშავების შედეგად თავად აღმოაჩინა და მოლეკულური სტრუქტურაც დამოუკიდებლად დააპროექტა.

ამჟამად, “rentosertib” ჩინეთში, ფილტვის იდიოპათიური ფიბროზის სამკურნალოდ, კლინიკური კვლევის ბოლო ეტაპს გადის. წარმატებული შედეგების ფონზე, კომპანია მსგავსი ანალიზის ჩატარებას საკუთარი მედიკამენტების პორტფელის მინიმუმ ნახევარზე გეგმავს. ინდუსტრიის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ახალი პრეპარატის სხვა დანიშნულებით დამტკიცების შემდეგ, ექიმები მას უშუალოდ ასაკთან დაკავშირებული პრობლემების საწინააღმდეგოდაც გამოწერენ.

“რაც უფრო მცირდება ბიოლოგიური ასაკი, მით უფრო იზრდება სიცოცხლის ხანგრძლივობა. ეს კვლევა დაბერების საწინააღმდეგო პრეპარატების სამომავლო განვითარებისთვის სრულიად ახალ პერსპექტივას ქმნის”, — აცხადებს “Insilico Medicine-ის” აღმასრულებელი დირექტორი, ალექს ჟავორონკოვი. კომპანიის ხელმძღვანელის განმარტებით, გრძელვადიანი ეფექტების შესაფასებლად დამატებითი დაკვირვება გრძელდება, თუმცა მიღწეული შედეგი ფარმაცევტულ ინდუსტრიაში ახალ სტანდარტებს უკვე ამკვიდრებს.

წყარო: Bloomberg

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები