აშშ-ის ჯანდაცვისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტმა (HHS) ახალი კლინიკა დააარსა, რომელიც ვაქცინაციის შემდგომ განვითარებულ ჯანმრთელობის პრობლემებს შეისწავლის. პარალელურად, უწყება ექიმებისთვის ფინანსური წახალისების სისტემის დანერგვას განიხილავს, თუ ისინი ვაქცინასთან დაკავშირებულ სავარაუდო გართულებებს შესაბამის ბაზაში დაარეგისტრირებენ.
ახალი დაწესებულება ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) შტაბ-ბინაში, მერილენდის შტატში (ქალაქ ბეთესდაში) მდებარეობს. ჯანდაცვის მდივნის, რობერტ ფ. კენედი უმცროსის განცხადებით, ეს ინიციატივა ასახავს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ძალისხმევას, სერიოზულად მოეკიდოს ვაქცინაციის შემდგომი გართულებების მქონე პაციენტებს.
„ჩვენ უნდა მოვუსმინოთ პაციენტებსა და მათ ოჯახებს, რომლებიც ვაქცინის გვერდითი მოვლენების შესახებ გვატყობინებენ, არ უნდა უგულებელვყოთ მათი პრობლემები. მე და პრეზიდენტი ტრამპი ვაშენებთ ჯანდაცვის სისტემას, რომელიც მათ სერიოზულად აღიქვამს, ეყრდნობა მტკიცებულებებს და იყენებს მიღებულ ცოდნას ვაქცინების უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად. სწორედ ასე დავიბრუნებთ ნდობას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტების მიმართ“, — აღნიშნულია კენედის ოფიციალურ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ რობერტ ფ. კენედი უმცროსი წლების განმავლობაში ავრცელებდა მეცნიერულად უარყოფილ თეორიებს ვაქცინების აუტიზმთან კავშირის შესახებ. ცოტა ხნის წინ, ანტივაქსერული ჯგუფის (Children’s Health Defense) კონფერენციაზე გამოსვლისას მან ვაქცინები ქრონიკული დაავადებების ეპიდემიას დაუკავშირა და განაცხადა, რომ ისინი სხვადასხვა მძიმე მდგომარეობას, მათ შორის დიაბეტს, ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომს, ასთმას, აუტოიმუნურ და ალერგიულ რეაქციებს იწვევს.
ახალი რეგულაციების ფარგლებში, HHS გეგმავს აუნაზღაუროს ხარჯები იმ ექიმებს, რომლებიც საეჭვო გართულებების შესახებ ინფორმაციას „ვაქცინების გვერდითი მოვლენების ანგარიშგების სისტემაში“ (VAERS) შეიტანენ. ამასთან, რეპორტებზე პაციენტის ელექტრონული სამედიცინო ბარათის დართვა სავალდებულო გახდება.
ცნობისთვის, VAERS არის ნებაყოფლობითი, თვითრეპორტინგზე დაფუძნებული სისტემა, რომელშიც შესული მონაცემები დამოუკიდებლად არ მოწმდება. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ოფიციალური განმარტებით, ამ ბაზაში არსებული ინფორმაცია შესაძლოა იყოს არასრული, უზუსტო, უბრალო დამთხვევა ან დაუდასტურებელი.
წყარო: THE HILL

