“არსებობს ოთახი, სადაც ექვს თვეში ერთხელ, ზუსტად საათნახევრით, მიწევს ყოფნა. ჩემთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და რთული დროა”

გააზიარე

“არსებობს ოთახი, სადაც ექვს თვეში ერთხელ, ზუსტად საათნახევრით, მიწევს ყოფნა. ჩემთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და რთული დროა.
გვერდით ოთახში სპეციალურად ჩემთვის რადიოაქტიურ პრეპარატი მზადდება. ორგანიზმში შეყვანის შემდეგ ის ნეიროენდოკრინული სიმსივნის უჯრედებზე არსებულ რეცეპტორებს უკავშირდება. შემდეგ აპარატი სხეულში სიმსივნური კერების მდებარეობასა და გავრცელებას აფიქსირებს. ასე ცდილობენ დაინახონ ის, რასაც შეუიარაღებელი თვალით ვერ ვხედავთ.
პროცესი იწყება.
პრეპარატი ვენიდან ორგანიზმში შედის. ტკივილთან ერთად რაღაც უცნაურ შეგრძნებასაც განიცდი – თითქოს თითოეულ წვეთს გრძნობ, როგორ მიიკვლევს გზას შენს სხეულში და ნელ-ნელა მთელ ორგანიზმს ედება.
მაგრამ ყველაზე რთული პროცესი ამის შემდეგ იწყება.
ექიმი სწრაფად აგროვებს ნივთებს, ოთახიდან გადის და კარი იხურება.
რჩები მარტო.
ოთახში, სადაც ყველგან გამაფრთხილებელი ნიშნები და წარწერებია – რადიაცია!
და უცებ აცნობიერებ, რომ ამ ოთახში საფრთხის წყარო მხოლოდ ის ნივთიერება არ არის, რომელიც შენს ორგანიზმში შეიყვანეს. ამ კონკრეტულ მომენტში თავად შენც ასხივებ რადიაციას. ამიტომაც ხარ იზოლირებული. ამიტომაც იხურება კარი შენსა და დანარჩენ სამყაროს შორის.
იწყება ერთი საათის ათვლა. ერთი საათი, სანამ პრეპარატი ორგანიზმში თავის საქმეს აკეთებს.
შენ კი ზიხარ და ელოდები.
თუმცა სინამდვილეში მხოლოდ არ ელოდები – ფიქრობ.
რაზე?
ალბათ ყველაფერზე.
როგორი ადამიანი ხარ? რა შეძელი ცხოვრებაში? რა დატოვე შენს შემდეგ? ვინ გიყვარს? ვინ არიან ადამიანები, რომლებიც სიცოცხლის გაგრძელების სურვილს გიმძაფრებენ? რა არის ის, რის გამოც ხვალინდელი დღის ნახვა ასე ძალიან გინდა?
და მერე, სრულიად მოულოდნელად, ყველაზე მნიშვნელოვან ფიქრებს შორის რაღაც უაზრო აზრიც შემოგეპარება:
ნეტავ, ჩემზე რას იტყვიან?
ალბათ ბევრს არაფერს.
თუმცა, ვინ იცის… იქნებ ვიღაცამ თქვას კიდეც: ცუდი ბიჭი არ იყოო.
ჰოდა, ამაზე შეიძლება გაგეღიმოს კიდეც. ასეთ დროს ხვდები, რომ სიკვდილზე ფიქრსაც კი ზოგჯერ იუმორით უნდა უპასუხო. თორემ თუ ყველაფერს ზედმეტად სერიოზულად შეხედე, ამ ერთსაათიან მარტოობას ვერ გაუძლებ.
უკვე მერამდენედ ვარ ამ ოთახში, აღარც კი ვიცი. დროის ათვლაც მერევა. ექვსი თვე გადის, ისევ მოვდივარ და თითქოს ყველაფერი თავიდან იწყება.
მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი: ამ ოთახში ღმერთს სხვანაირად ველაპარაკები.
უფრო ახლოს. უფრო გულწრფელად. უფრო უშუალოდ.
ყველაფერს ვეუბნები – ჩემს შიშებს, ფიქრებს, სურვილებს, მადლიერებას. ისე ველაპარაკები, თითქოს რაღაცას ვუმხელ, თითქოს რამე უნდა ავუხსნა, თითქოს შეიძლება რამე გამომრჩეს და ვერ გაიგოს.
არადა, ვიცი, რომ ისედაც იცის.
უბრალოდ, აქ, ამ ოთხ კედელში, სიტყვები სხვანაირად მოდის. ალბათ იმიტომ, რომ როცა გარესამყარო ჩუმდება და შენს გვერდით აღარავინაა, საკუთარ თავთანაც და ღმერთთანაც უფრო ახლოს რჩები.
შფოთვა, რა თქმა უნდა, თან დამყვება.
ერთი მხრივ, მიხარია, რომ ამ ყველაფერს ვიკვლევ. რომ ვამოწმებ, რა ხდება ჩემს სხეულში. რომ პასუხებს ვეძებ, რათა ხვალინდელი დღე უკეთესი იყოს.
მეორე მხრივ კი, სადღაც შიგნით, შიში თავისას აკეთებს.
რა იქნება ხვალ? რას აჩვენებს გამოკვლევა? როგორი პასუხით გამოვალ ამ ოთახიდან?
და მაინც, ამ ყველაფრის შუაგულში არის რაღაც, რაც არ მაძლევს დანებების საშუალებას.
რწმენა.
რწმენა, რომ რაც არ უნდა დამხვდეს წინ, ამ გზის გავლა მომიწევს. და თუ გასავლელია, გავივლი.
არა იმიტომ, რომ არ მეშინია. არა იმიტომ, რომ ყოველთვის ძლიერი ვარ. არა იმიტომ, რომ ყველა კითხვაზე პასუხი მაქვს.
არამედ იმიტომ, რომ შიშის არსებობა გზის გაგრძელებას არ გამორიცხავს.
და სწორედ აქ, ამ ერთსაათიან მარტოობაში, როცა სხეული უხილავ პროცესს გადის, გონება ათასობით ფიქრს ებრძვის, ხოლო გული ხვალინდელი დღის იმედს ეჭიდება, ნელ-ნელა ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდება.
შფოთვა არსად ქრება სამუდამოდ, მაგრამ ამ წუთებში ჩუმდება.
და რჩება მთავარი – სიცოცხლის სურვილი, რწმენა და ადამიანები, რომელთა გამოც უკან დაბრუნება გინდა.
13 ოქტომბერი, 2026.
ჩანაწერი PET-ის ოთახიდან.
ოთახიდან, სადაც მოხვედრა ძალიან რთულია, ხოლო გაძლება – კიდევ უფრო რთული.
მაგრამ ეს ჩემი გზაა.
და რაც არ უნდა რთული იყოს, გასავლელია.
ამიტომაც მივდივარ.
ექვსი თვიდან ექვს თვემდე.
შიშით, რწმენით, კითხვებითა და იმ იმედით, რომ ექვსი თვის შემდეგ ისევ აქედან კი არა, ამ ოთახის გარეთ, ჩვეულებრივ ცხოვრებაში დავწერ ჩემს შემდეგ ჩანაწერს.
მანამდე კი-ცხოვრება გრძელდება”, – წერს სოციალურ ქსელში გიორგი იუკურიძე

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები