კონგოში ებოლას ახალი შტამის წინააღმდეგ პრეპარატების გამოცდა დაიწყო

გააზიარე

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (DRC), ებოლას ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, მეცნიერებმა უპრეცედენტო სისწრაფით დაიწყეს ახალი პრეპარატების კლინიკური გამოცდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან სულ რაღაც ექვს კვირაში, ეპიდემიის ეპიცენტრში — იტურის პროვინციაში, კვლევაში უკვე პირველი პაციენტები ჩაერთვნენ.

ამჟამად გავრცელებული, ე.წ. „ბუნდიბუგიოს“ (Bundibugyo) შტამის წინააღმდეგ ჯერჯერობით არც დამტკიცებული ვაქცინა არსებობს და არც ოფიციალური სამკურნალო მედიკამენტი. ბოლო მონაცემებით, ვირუსმა უკვე 1 792 ადამიანი დააინფიცირა და 625-ის სიცოცხლე შეიწირა. ეპიდემიასთან ბრძოლას ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის უნდობლობა სამედიცინო პერსონალის მიმართ და მედმუშაკების პროტესტი დაგვიანებული ხელფასებისა და უკიდურესად სახიფათო სამუშაო გარემოს გამო — უკვე დაფიქსირდა ექიმებსა და დამკრძალავ ჯგუფებზე ფიზიკური თავდასხმის ფაქტებიც.

შექმნილი მძიმე კრიზისის ფონზე, მთავარი იმედი ორ ექსპერიმენტულ პრეპარატზე — ანტივირუსულ მედიკამენტ „რემდესივირსა“ და ინოვაციურ ანტისხეულზე (MBP134) მყარდება. ცხოველებზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ ორივე პრეპარატი ვირუსის წინააღმდეგ ეფექტურად მუშაობს. ახლა კი მკვლევარების მიზანია დაადგინონ, რამდენად შეამცირებს ეს წამლები ადამიანებში სიკვდილიანობის მაჩვენებელს. კვლევაში ჩართვა ნებისმიერი ასაკის პაციენტს, მათ შორის ორსულებსა და მეძუძურ დედებსაც შეუძლიათ, რომლებიც უსაფრთხოების მიზნით, მსგავსი ცდებიდან ხშირად გამორიცხულნი არიან ხოლმე.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ კლინიკური კვლევების ასეთ რეკორდულ დროში დაწყება უდიდესი მიღწევაა. შედარებისთვის, 2014-2016 წლებში დასავლეთ აფრიკაში ებოლას ეპიდემიის დროს, მსგავსი კვლევების დაწყებას ერთ წელზე მეტი დასჭირდა. ექსპერტების თქმით, თუ ახალი მედიკამენტები ეფექტურობას დაამტკიცებს დაავადებულ ადამიანებს მკურნალობის მოტივაციას გაუჩენს, რაც საზოგადოებაში ექიმების მიმართ ნდობასაც აღადგენს.

წყარო: The Guardian

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები