პაროდონტოლოგია, როგორც სტომატოლოგიის ცალკე დარგი

გააზიარე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიხედვით, პირის ღრუს დაავადებების უმეტესობის პრევენცია შესაძლებელია მარტივი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული და ხარჯთეფექტური მეთოდებით. არსებობს არაერთი მტკიცებულება იმისა, თუ რა გავლენა აქვს როგორც ზოგად ჯანმრთელობას პირის ღრუს დაავადებების მიმდინარეობაზე, ასევე პირიქით. მაგალითად, მძიმე ფორმის პაროდონტიტი ამძიმებს დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი და სხვა სისტემების დაავადებების მიმდინარეობას. არაერთი კვლევის თანახმად, უკბილო ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა ნაკლებია იმ ადამიანებთან შედარებით, ვისაც აქვთ კბილები და ასევე უკბილობა დაკავშირებულია სიკვდილიანობის მაღალ რისკთან. აქედან გამომდინარე, პირის ღრუს ჯანმრთელობის დაცვა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა, გულ-სისხლძარღვთა თუ სხვა დაავადებების პრევენცია, დროული გამოვლენა და მკურნალობა. მძიმე ფორმის პაროდონტიტი (კბილის ირგვლივი ღრძილის და ძვლის ანთება) ქრონიკულ დაავადებებს შორის მეექვსე ყველაზე გავრცელებული დაავადებაა მსოფლიოში. პაროდონტიტის პირველი და ყველაზე ხშირი სიმპტომი – ღრძილებიდან სისხლდენა, თითქოს უწყინარი და ძალიან გავრცელებული მდგომარეობა, მიიჩნევა ნორმად ანუ კბილების ხეხვის თანმდევ პროცესად. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ ამ სიმპტომის დანახვის შემდეგ დროულად არ მოხდება პაროდონტიტის გამოვლენა და მკურნალობა, ადრე თუ გვიან, ეს დაავადება კბილების დაკარგვით დასრულდება.

ღრძილების დაავადებების მკურნალობას არა თერაპევტ-სტომატოლოგი ან პირის ღრუს ქირურგი, არამედ პაროდონტოლოგი ახდენს. ევროპის ბევრ ქვეყანაში (იტალია, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, საფრანგეთი და ა.შ.) და ამერიკის შეერთებულ შტატებში პაროდონტოლოგია წარმოადგენს სტომატოლოგიის ცალკე დარგს. სტომატოლოგიური ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ექიმები ამ სპეციალობის შესწავლის მიზნით გადიან ორ ან სამწლიანი პოსტ-დიპლომურ სასწავლო კურსს (სამაგისტრო პროგრამას/რეზიდენტურას). საქართველოში ალბათ თითქმის ყველა სტომატოლოგიურ კლინიკაში არის ამ სპეციალობის ადამიანი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არც მსგავსი სპეციალობა არაა გამოყოფილი სპეციალობების ეროვნულ ნუსხაში და არც პოსტ-დიპლომური სასწავლო კურსი ანუ რეზიდენტურა არსებობს რომელიმე უნივერსიტეტის ბაზაზე. და მაინც, საჭიროა კი ასეთი სპეციალისტი და სამწლიანი სწავლება ამ სპეციალობის დასაუფლებლად? როგორ ხდება ასეთი სპეციალისტების განათლება ჩვენი ქვეყნის გარეთ?

ჯონ რიგსი (1810-1885) ამერიკელი ექიმი იყო, რომელიც მიიჩნევა პირველ პაროდონტოლოგად მსოფლიოში. ის დაიბადა კონექტიკუტში (აშშ) და მკურნალობდა მხოლოდ ღრძილის დაავადებებს. იგი თვლიდა, რომ პაროდონტის ანთებითი დაავადებების მიზეზი კბილის ღრძილზედა და ღრძილქვეშა ქვაა, რაც კბილის ირგვლივი ძვლის დაშლას იწვევს. რიგსი იმდენად იყო აღტაცებული პირის ღრუს ჰიგიენის დაცვის კონცეფციით, რომ მისი აზრით, თუ ადამიანი საკმარისად კარგად და საკმარისად ხშირად გაიხეხავდა კბილებს, კარიესი აღარ დაემართებოდა. ის ასევე აღნიშნავდა, რომ პაროდონტიტის ეფექტურ მკურნალობაში პირის ღრუს ჰიგიენის დაცვას დიდი მნიშვნელობა აქვს და აუცილებელია მკურნალობის შემდეგ შემანარჩუნებელი თერაპიის ჩატარება მკურნალობის შედეგების გრძელვადიანი შენარჩუნების მისაღწევად.

პირველი პაროდონტოლოგიური ასოციაცია ასევე აშშ-ში 1914 წლის 23 მაისს შეიქმნა, რომელსაც ჯერ „ამერიკის პირის ღრუს პროფილაქტიკის და პაროდონტოლოგიის აკადემია“ დაერქვა, 1919 წელს კი იგი „ამერიკის პაროდონტოლოგიის აკადემიად“ (American Academy of Periodontology – AAP) გადაკეთდა და დღემდე ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა მსოფლიოში. 1947 წელს ამერიკის სტომატოლოგიის ასოციაციამ ოფიციალურად გამოყო პირის ღრუს ქირურგია და პაროდონტოლოგია, როგორც პირველი ორი ცალკეული სპეციალიზაცია სტომატოლოგიაში. მე-20 საუკუნის დასაწყისში აბრაჰამ ფლექსნერი (1866-1959) აღმოჩნდა ის ადამიანი, ვინც მკვეთრად შეცვალა სამედიცინო განათლება და მკურნალობის ხარისხი ამერიკისა და კანადის ტერიტორიაზე. კარნეგი ფონდის (Carnegie Foundation) დაკვეთით ჩაატარა კვლევა და 1910 წელს 345-გვერდიანი დასკვნა გამოაქვეყნა, რომელმაც სამედიცინო განათლების სტანდარტის ამაღლებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. ამ დასკვნის გამოქვეყნების შედეგად ბევრი დაბალხარისხიანი სამედიცინო სასწავლო ცენტრი დაიხურა და ხაზი გაესვა დარგის განვითარებისთვის სამეცნიერო კვლევების ჩატარების აუცილებლობას. 1926 წელს კი სტომატოლოგიურ განათლებასთან დაკავშირებით 665-გვერდიანი დასკვნა გამოქვეყნდა, რაც უნივერსიტეტებში სტომატოლოგიურ განათლებაში კვლევითი პროგრამების ჩართვას დაედო საფუძვლად და მნიშვნელოვნად შეცვალა სტომატოლოგიური განათლების და შედეგად მკურნალობის ხარისხი.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში სტომატოლოგია და კერძოდ, პაროდონტოლოგია სწრაფად ვითარდებოდა, მეორე მსოფლიო ომის დროს ვენიდან (ავსტრია) პროფესორ გოთლიბის სამეცნიერო გუნდის წევრების მიგრაციამ გარდამტეხი როლი ითამაშა დარგის განვითარების კიდევ უფრო მეტად დაჩქარებაში. კერძოდ, პროფესორმა გოთლიბმა, ორბანმა და სხვა კოლეგებმა უფრო მაღალ დონეზე აიყვანეს განათლება და კვლევითი აქტივობები ამერიკის უნივერსიტეტებში. ვენის ბიოლოგიური კვლევების მიდგომების და აშშ-ის ტექნიკური აღჭურვილობის შერწყმის შედეგად კი სტომატოლოგიური მეცნიერების ახალ ერას დაედო დასაბამი. ასევე ნორვეგიელმა პროფესორმა სიგურ რამფიორდმა (1911-1997) აშშ-ში მიგრაციის მერე, კერძოდ კი მიჩიგანის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევების შედეგად პაროდონტოლოგიაში იმ დროისთვის არსებულ ბევრ სადავო საკითხს ნათელი მოჰფინა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ პაციენტის მიერ პირის ღრუს სწორი ჰიგიენის დაცვა არის პაროდონტიტის პროგრესირების შეჩერების გარანტი. რამფიორდი იყო პირველი, ვინც პაროდონტოლოგიაში რენდომიზებული კონტროლირებადი კვლევები დანერგა.

ათწლეულების განმავლობაში ამ და სხვა მკვლევრების მიერ ჩატარებული სამეცნიერო კვლევების შედეგად, პაროდონტის ანთებითი დაავადებების (გინგივიტი და პაროდონტიტი) განვითარების მიზეზებსა და მიმდინარეობის თაობაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებები შეგროვდა. დღეს უკვე ცნობილია, რომ პირის ღრუს ცუდი ჰიგიენის შედეგად, მიკროორგანიზმების რაოდენობის მატება ისეთ ინდივიდებში, რომლებსაც აქვთ წინასწარგანწყობა არის ამ დაავადებების განვითარების მიზეზი. ხოლო სხვადასხვა რისკ-ფაქტორი როგორიცაა თამბაქოს, ელექტროსიგარეტების თუ გახურებადი თამბაქოს გამოყენება, დიაბეტი და სხვა დაავადებები ხელს უწყობს პაროდონტიტის სწრაფ პროგრესირებას. პაროდონტიტის პრევენცია და მკურნალობა მხოლოდ პირის ღრუს ბაქტერიული ნადების კონტროლს (პაციენტის მიერ ჰიგიენის დაცვითა თუ ექიმის მიერ ღრძილზედა და ღრძილქვეშა ქვების მოცილებით) არ გულისხმობს. არცთუ იშვიათად საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა პაროდონტიტის შედეგად დაზიანებული კბილის ირგვლივი ძვლის აღდგენის ან უსწორმასწორო კონტურის გასადავების მიზნით. ამ პროცედურების ჩატარება კი სპეციალურ განათლებასა და მანუალურ ჩვევებს საჭიროებს, რასაც პაროდონტოლოგები სამაგისტრო პროგრამის 3 წლიან კურსზე შეისწავლიან.

უნდა აღინიშნოს პაროდონტოლოგიის დარგში მიმდინარე პროგრესი ევროპაში, რაც 1970-იანი წლების შემდეგ შეინიშნება. დღესდღეობით პაროდონტოლოგიური განათლების მსოფლიო ცენტრს იტალია და ესპანეთი წარმოადგენს. განსაკუთრებით იტალიაში დაიხვეწა და შემუშავდა ღრძილის გადანერგვის ოპერაციები, რამაც ესთეტიკური შედეგების გაუმჯობესება მოახდინა. ევროპის პაროდონტოლოგიის (European Federation of Periodontology – EFP), რომელიც წარმოადგენს მთავარ პროფესიულ გაერთიანებას ჩვენს კონტინენტზე, ოფიციალურად 1991 წელს ჩამოყალიბდა და დღესდღეობით შედგება ევროპის 43 ქვეყნის ასოციაციისგან, რომელთა რიგებშია საქართველოც, და ასევე 14 არაევროპული ქვეყნის ასოციაციისგან. 2020, 2022, 2023 და 2025 წლებში EFP-ს მიერ შემუშავდა პაროდონტიტის, პერიიმპლანტიტის და ღრძილის რეცესიის მკურნალობის გზამკვლევები.

არ შეიძლება არ აღვნიშნოთ პერიიმპლანტიტის ანუ კბილის იმპლანტის ირგვლივი ლორწოვანისა და ძვლის ანთების მზარდი მაჩვენებელი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. კბილის იმპლანტი, შვედმა მეცნიერმა ბრონემარკმა (1929-2014), უკბილო პაციენტების მკურნალობის მიზნით 1967 წელს შექმნა. მას შემდეგ დაიხვეწა იმპლანტების წარმოების ტექნოლოგია და გაუმჯობესდა ყბის ძვალში მისი ინტეგრაცია და იმპლანტზე ესთეტიკური რესტავრაციები, მაგრამ მიუხედავად ამ მიღწევებისა, ჯერ კიდევ მედიცინის დილემად რჩება პერიიმპლანტიტის მკურნალობა. დღეს არ გვაქვს პერიიმპლანტიტის მკურნალობის ეფექტური მეთოდები და ამიტომ დაავადების პრევენცია წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას.

რამდენიმე სისტემური მიმოხილვისა და კონსენსუს დოკუმენტაციის მიხედვით, პერიიმპლანტიტი პაციენტების დაახლოებით 20%-ში და იმპლანტების 10%-ში ვითარდება. იქიდან გამომდინარე, რომ ყოველწლიურად მსოფლიოში 12 მილიონზე მეტი იმპლანტი ისმება, პერიიმპლანტიტი ყოველწლიურად 1 მილიონზე მეტ იმპლანტს ემართება. ამ დაავადების განვითარების ძირითადი რისკ-ფაქტორებია: არანამკურნალები პაროდონტიტი, არაკონტროლირებადი დიაბეტი და თამბაქოს მოხმარება. ამიტომ იმპლანტოლოგიური პაციენტების მონიტორინგი და პერიიმპლანტიტის განვითარების პრევენციული ზომების გატარება, ასევე პაროდონტოლოგის პრეროგატივაა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ევროპასა და ამერიკაში პაროდონტოლოგიის სამაგისტრო პროგრამის ბოლო ანუ მესამე სასწავლო წელი იმპლანტოლოგიის შესწავლას ეთმობა.

საქართველო ჯერ კიდევ შორსაა პაროდონტოლოგიასა და იმპლანტოლოგიაში განათლების იმ დონისგან, რაც ამ დარგების განვითარებას ესაჭიროება. როგორც პაროდონტოლოგიაში, ასევე იმპლანტოლოგიაში რამდენიმეთვიანი სწავლების შედეგად ხდება სპეციალისტების გადამზადება ამ მიმართულებებით. სანამ პაროდონტოლოგია არ გამოიყოფა ცალკე სპეციალობად, არ შეიქმნება რეზიდენტურის ოფიციალური პროგრამა და მეცნიერული საფუძვლების სწავლება, მაღალხარისხიანი კვლევების დანერგვა ჩვენს ქვეყანაში არ მოხდება, მანამდე რთულია მიაღწიო მომსახურების ისეთ ხარისხს, როგორიც ევროპასა თუ აშშ-შია.

მანამდე კი მინდა ერთი ძალიან საინტერესო კვლევით დავასრულო ეს სტატია. 1972-2002 წლებში, შვედეთში, ჩატარდა კვლევა, სადაც 550 ადამიანს აკვირდებოდნენ. კვლევის დაწყებამდე ყველა პაციენტს ჩაუტარდა: კარიესების მკურნალობა, დეფექტური ბჟენების კორექცია და არაქირურგიული პაროდონტოლოგიური მკურნალობა. პაციენტებს ასწავლეს პირის ღრუს ჰიგიენის დაცვის მეთოდები და კარიესის ან პაროდონტიტის დაავადების პროგრესირების რისკის მიხედვით პაციენტების დაბარება კლინიკაში განმეორებით ვიზიტებზე სამ, ექვს ან თორმეტ თვეში ერთხელ ხდებოდა. 30 წლის შემდეგ კვლევა დაასრულა 375 ადამიანმა. 107 ადამიანს არცერთი ახალი კარიესი არ გასჩენია, ას ადამიანს კი მაქსიმუმ სამს ახალი კარიესი გამოუვლინდა. პაციენტების უმეტესობაში არ ხდებოდა პაროდონტიტის რეციდივი და ძვლის პროგრესირებადი დაშლა. ამ 30 წლის განმავლობაში, სულ ოცდაერთი კბილი დაიკარგა პაროდონტიტის და კარიესის გამო.

დასკვნა: პირის ღრუს სწორი ჰიგიენის დაცვა და სტომატოლოგიური მონიტორინგის და მკურნალობის სწორი მეთოდების გამოყენება, სიცოცხლის ბოლომდე კბილების შენარჩუნების საშუალებას იძლევა. კბილის ჯაგრისთან ერთად კბილთაშორისი წმენდის საშუალებების გამოყენება, კბილის ნადების შემცირების და პაროდონტის ქსოვილების ჯანმრთელობის გაუმჯობესების ყველაზე ეფექტური მეთოდია. ალბათ პროფესორი რიგსი გაგახსენდათ, იგი ხომ ერთი საუკუნით ადრე იმავეს რომ ამტკიცებდა!

ავტორი: თეა ნაცვლიშვილი, საქართველოს პაროდონტოლოგიისა და იმპლანტოლოგიის საზოგადოების დამფუძნებელი

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები