გარემოსდაცვითი კრიზისი და წყლის დაბინძურება თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე გამოწვევაა, რომლის გადაჭრასაც ხშირად მილიარდიანი ბიუჯეტი და რთული ტექნოლოგიები სჭირდება. თუმცა, სამმა ინდოელმა მოზარდმა დაამტკიცა, რომ გენიალური გადაწყვეტილებები ზოგჯერ ჩვენ გარშემო არსებულ, სრულიად უბრალო საგნებში იმალება. 16 წლის ავიანა მეჰტამ, ვივაან ჩჰავჩჰარიამ და არიანა აგარვალმა ინოვაციური პროექტი სახელწოდებით „Plas-Stick“ შექმნეს, რისთვისაც მათ ახალგაზრდებს შორის მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი კონკურსის, „The Earth Prize 2026“-ის მთავარი ჯილდო მოიპოვეს და პირველები გახდნენ ინდოეთიდან, რომელმაც ამ გლობალურ აღიარებას მიაღწია.
იდეა მაშინ დაიბადა, როდესაც თინეიჯერები ინდოეთის ერთ-ერთ სოფელს ესტუმრნენ და ბავშვი დაინახეს, რომელიც წყალს საერთო პლასტმასის კონტეინერიდან სვამდა. ამ თემებში ადამიანებს არ აქვთ წვდომა წყლის ფილტრაციის თანამედროვე სისტემებზე და ხშირად წარმოდგენაც კი არ აქვთ, რომ შეუიარაღებელი თვალისთვის უხილავ, მომწამვლელ მიკროპლასტმასს მოიხმარენ. მიკროპლასტიკი, რომელიც ხუთ მილიმეტრზე ნაკლები ზომის ნაწილაკებისგან შედგება, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, რადგან მეცნიერები მას უკვე პოულობენ ადამიანის სისხლში, ფილტვებსა და სხვა ორგანოებში. მოზარდებმა მიზნად დაისახეს შეექმნათ ისეთი მეთოდი, რომელიც იქნებოდა იაფი, ყველასთვის ხელმისაწვდომი და არ დასჭირდებოდა ელექტროენერგიის ან რთული ინფრასტრუქტურის მოხმარება.
გამოსავალს მათ სამხრეთ აზიურ სამზარეულოში ფართოდ გავრცელებულ მცენარეში, კერძოდ თამარინდში მიაგნეს. სტუდენტებმა აღმოაჩინეს, რომ თამარინდის გადაყრილ თესლს, რომელიც ძირითადად სასოფლო-სამეურნეო ნარჩენად ითვლება, ბუნებრივი შემკვრელი თვისებები გააჩნია. მათ ბიოდეგრადირებადი მაგნიტური ფხვნილი შექმნეს, რომელიც წყალში ჩაყრისას მიკროპლასტიკის ნაწილაკებს იზიდავს და მათ თვალსაჩინო გროვებად აქცევს. ამის შემდეგ, წყლიდან პლასტიკის ნარჩენების ამოღება ჩვეულებრივი ხელის მაგნიტითაც კი მარტივად არის შესაძლებელი. პროექტის სრულყოფაში ახალგაზრდებს ინდოეთის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (IIT Guwahati) მკვლევრები დაეხმარნენ.
კონკურსის ფარგლებში, სადაც ჟიურისთან ერთად ხმას ათასობით ადამიანი აძლევდა, „Plas-Stick“-მა ჯერ აზიის რეგიონულ ეტაპზე გაიმარჯვა, შემდეგ კი ჟენევაში გამართულ დაჯილდოებაზე მსოფლიო ჩემპიონად დასახელდა. აღიარებასთან ერთად გუნდმა მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა მიიღო, რასაც პროექტის მასშტაბების გასაზრდელად გამოიყენებენ. დღეისათვის მათ უკვე არაერთი საგანმანათლებლო ვორქშოპი ჩაატარეს და მათი მეთოდოლოგია 8,000-ზე მეტმა სტუდენტმა და მასწავლებელმა აითვისა. მიღებული გრანტით ახალგაზრდა გამომგონებლები დეცენტრალიზებული საწარმოო ჰაბების შექმნას გეგმავენ და მიზნად ისახავენ, რომ წლის ბოლომდე სუფთა წყალზე წვდომა ინდოეთის სოფლებში მცხოვრებ ათიათასობით ადამიანს გაუჩინონ.
აღსანიშნავია, რომ „Plas-Stick“-ის მიდგომა უბრალოდ ლაბორატორიულ აღმოჩენას დიდი ალბათობით მალე გასცილდება ვინაიდან მიზნად ისახავს წრიული ეკონომიკის განვითარებას. თამარინდის თესლი, რომელიც აქამდე ნაგავსაყრელებზე ხვდებოდა, ახლა ღირებულ ნედლეულად იქცევა, რაც დამატებითი შემოსავლის წყაროს შეუქმნის ადგილობრივ ფერმერებს. გარდა ამისა, პროექტის ფინანსური მოდელი ისეა აგებული, რომ ფხვნილის წარმოება მინიმალურ ხარჯებთან იყოს დაკავშირებული, რაც მას კომერციულად სიცოცხლისუნარიანს ხდის ყველაზე შეჭირვებული რეგიონებისთვისაც კი. ამით ახალგაზრდებმა უპასუხეს გაეროს მდგრადი განვითარების რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, მათ შორის სუფთა წყლისა და სანიტარიის ხელმისაწვდომობას.
მსოფლიო ეკოლოგიურ ასპარეზზე ამგვარი წარმატება მკაფიო სიგნალია იმისა, რომ გარემოსდაცვითი მოძრაობის ლიდერობა ახალ თაობაზე გადადის. „The Earth Prize“-ის ჟიურიმ განსაკუთრებით აღნიშნა პროექტის მასშტაბურობა. ის, რომ ტექნოლოგია მარტივად შეიძლება მოერგოს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილს, სადაც მიკროპლასტიკით დაბინძურების პრობლემა დგას და ადგილობრივი ბუნებრივი რესურსების გამოყენებაა შესაძლებელი. ავიანამ, ვივაანმა და არიანამ დაამტკიცეს, რომ ასაკი არ არის ბარიერი გლობალური ცვლილებების დასაწყებად და მათ მიერ შექმნილი პატარა მაგნიტური ფხვნილი შესაძლოა უახლოეს მომავალში მილიონობით ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მცველად იქცეს.

