ულტრათანამედროვე მედიცინა და ბიოტექნოლოგიური ინდუსტრია ახალ მიმართულებას ითვისებს. მეცნიერები ძაღლებისა და კატების სიცოცხლის გახანგრძლივებაზე აქტიურად მუშაობენ. ტორონტოში გამართულ „ცხოველთა დღეგრძელობის“ (Animal Longevity Summit) პირველ სამიტზე აკადემიური სფეროსა და კომპანიების წარმომადგენლებმა სიბერის შესაჩერებელი გენური თერაპიები, ახალი მედიკამენტები და კრიოკონსერვაციის მეთოდები განიხილეს.
ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივების კვლევებში ჩადებული მილიარდობით დოლარის შემდეგ, ინვესტორებმა ყურადღება შინაურ ცხოველებზე გადაიტანეს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოველთა ჯანდაცვის ბაზარი 150 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ამჟამად მკვლევართა ნაწილი ცხოველების დიეტის გაუმჯობესებაზე, პრობიოტიკებზე ან ადამიანებისთვის უკვე დამტკიცებული წამლების გამოყენებაზე ფოკუსირდება, მაგრამ ბიოტექნოლოგიური სტარტაპები გაცილებით შორს მიდიან.
ბუქარესტში დაფუძნებული The Cat Health Company კატებში სიბერესთან დაკავშირებული დაავადებების, მათ შორის კუნთების განლევისა (სარკოპენია) და თირკმლის პათოლოგიების საწინააღმდეგო პრეპარატებს ცდის. კომპანიამ კლინიკურ კვლევებში უკვე ორი პრეპარატი ჩაუშვა. პარალელურად, კალიფორნიული Rejuvenate Bio და ბრიუსელში მდებარე Genflow Biosciences ძაღლებში გულის დაავადებებისა და სარკოპენიის სამკურნალოდ გენურ თერაპიას ქმნიან.
მეცნიერები განმარტავენ, რომ სახელმწიფო ფონდები გრანტებს ძირითადად ადამიანის ჯანმრთელობის კვლევებზე გასცემენ. ამიტომ, აკადემიურ სფეროს ცხოველებზე მორგებული თერაპიების შესაქმნელად ინდუსტრიასთან თანამშრომლობა სჭირდება.
„წარმატების შემთხვევაში, ძაღლებისთვის შექმნილ გენურ თერაპიას უფრო დიდ კომპანიებზე გავყიდით, შემოსავლით კი ზუსტად იმავე მიდგომას უკვე ადამიანებში გამოვიკვლევთ“, — აცხადებს Genflow Biosciences-ის დამფუძნებელი ერიკ ლეირი.
სამიტზე განსაკუთრებული ყურადღება კრიოკონსერვაციამ, ბიოლოგიური მასალის მომავალში გაცოცხლების იმედით გაყინვამ, მიიქცია. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე არცერთი გაყინული ცხოველი თუ ადამიანი არ გაუცოცხლებიათ, ტეხასური კომპანია Cryopets-ის მომსახურების რიგში უკვე 12 000-მდე შინაური ცხოველის პატრონი დგას.
კომპანიის დამფუძნებლის, კაი მიკა მილსის თქმით, კატის გაყინვა დაახლოებით 10 000 დოლარი ჯდება, ხოლო დიდი ჯიშის ძაღლის კრიოკონსერვაციის ფასი 50 000 დოლარს აჭარბებს. მილსმა კომპანია საკუთარი 15 წლის კატის გადასარჩენად დააარსა, მაგრამ მომავალში ოჯახის სხვა წევრების, მათ შორის ობობას გაყინვასაც გეგმავს.
„ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო იმის დანახვა, თუ რამდენად დაინტერესებულნი არიან ადამიანები საკუთარი შინაური ცხოველების სიცოცხლის გახანგრძლივებით. თუმცა კრიოკონსერვაციაზე რა ვთქვა, არ ვიცი… იქ მართლაც ძალიან უცნაური მოხსენებები მოვისმინე“, — აღნიშნავს როჩესტერის უნივერსიტეტის მკვლევარი ვერა გორბუნოვა.
წყარო: Nature

