წონის კლების პრეპარატები, შესაძლოა, დაბერების საწინააღმდეგო საშუალებად იქცეს

გააზიარე

წონის კლებისა და დიაბეტის სამართავად შექმნილი GLP-1 კლასის პრეპარატები (როგორიცაა Wegovy, Ozempic, Mounjaro, Zepbound), როგორც ჩანს, ორგანიზმის დაბერების პროცესს ანელებს. უახლესი კვლევები მიანიშნებს, რომ ამ პრეპარატებმა შესაძლოა ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობაც გაზარდოს.

მეცნიერების თქმით, ეს დასკვნა სრულიად ლოგიკურია, რადგან წონის კლებისა და სისხლში შაქრის დარეგულირების გარდა, GLP-1 პრეპარატები ამცირებს გულის, თირკმლისა და ღვიძლის დაავადებების რისკს, ასევე აუმჯობესებს ძილის აპნოეს და ამცირებს ანთებით პროცესებს — ეს კი ის ფაქტორებია, რომლებიც ასაკთან ერთად ჯანმრთელობის გაუარესებას იწვევს.

ბიოლოგიური ასაკის შემცირება — რას აჩვენებს კლინიკური კვლევები

Eli Lilly-ის მონაცემები (ტირზეპატიდი): კომპანია Eli Lilly-ის კვლევამ (Surmount V), რომელშიც ჭარბი წონის მქონე 700-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, მნიშვნელოვანი შედეგები აჩვენა. მკვლევრებმა 50 წელს ზემოთ ასაკის 71 პაციენტის „ეპიგენეტიკური საათი“ (ორგანოებისა და ქსოვილების ბიოლოგიური ასაკი) შეისწავლეს. 72 კვირის განმავლობაში მათ ქრონოლოგიურად 1.38 წლით უნდა დაებერათ, თუმცა ტირზეპატიდზე მყოფი პაციენტების ბიოლოგიური ასაკი გაცილებით ნელა იცვლებოდა — ზოგიერთ შემთხვევაში ბიოლოგიური დაბერება საშუალოდ 0.7-დან 1.1 წლამდე შემცირდა, რიგ შემთხვევებში კი ქსოვილები კვლევის დაწყებამდე არსებულ მდგომარეობაზე უფრო ახალგაზრდულად ფუნქციონირებდა. ჯამში, ასაკის შემცირების მაჩვენებელი 3-დან 6 წლამდე მერყეობდა.

Novo Nordisk-ის მონაცემები (სემაგლუტიდი): მსგავსი შედეგები აჩვენა სემაგლუტიდის კვლევამაც. მკვლევრების განცხადებით, პრეპარატმა პლაცებოსთან შედარებით:

  • გულის ბიოლოგიური ასაკი შეამცირა 2-4 წლით;

  • ფილტვის, თირკმლის, ტვინისა და პანკრეასის ასაკი შეამცირა 1-4 წლით.

ავტორების განმარტებით, ეს ეფექტი მხოლოდ წონის კლებით ან შაქრის კონტროლით სრულად არ აიხსნება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ პრეპარატს უფრო ფართო, სისტემური ანტიასაკობრივი მოქმედება შეიძლება ჰქონდეს.

სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა — ექსპერიმენტი თაგვებზე

კალიფორნიის უნივერსიტეტის (UC Berkeley) მკვლევრებმა ჟურნალ Nature-ში გამოაქვეყნეს ექსპერიმენტის შედეგები, რომელიც 20 თვის (ადამიანის 60 წლის ეკვივალენტი) თაგვებზე ჩატარდა. თაგვებს სიცოცხლის ბოლომდე სემაგლუტიდს უკეთებდნენ.

კვლევის შედეგად გაირკვა, რომ სემაგლუტიდზე მყოფმა თაგვებმა საშუალოდ 834 დღე (ადამიანის 80 წლის ეკვივალენტი) იცოცხლეს, მაშინ როცა პლაცებო ჯგუფის სიცოცხლის ხანგრძლივობა მხოლოდ 742 დღით (ადამიანის 75 წლით) შემოიფარგლა.

საინტერესოა, რომ მკვლევრებმა ეს შედეგები იმ თაგვების ჯგუფსაც შეადარეს, რომლებსაც პრეპარატის გარეშე, უბრალოდ კალორიები შეუმცირეს 25%-ით. მიუხედავად იმისა, რომ კალორიების დეფიციტმაც გაზარდა სიცოცხლის ხანგრძლივობა და კუნთების ფუნქცია გააუმჯობესა, სემაგლუტიდზე მყოფმა თაგვებმა დამატებითი უპირატესობები გამოავლინეს — მათ აჩვენეს სისხლში შაქრის უკეთესი მენეჯმენტი და უკეთესი კოგნიტური მონაცემები, კერძოდ, ბევრად მარტივად იმახსოვრებდნენ ლაბირინთიდან გამოსასვლელ გზას.

მიუხედავად ამ იმედისმომცემი შედეგებისა, ექსპერტები სიფრთხილეს იჩენენ. კვლევები საწყის ეტაპზეა და უცნობია, ექნება თუ არა პრეპარატებს ანტიასაკობრივი ეფექტი ჯანმრთელ, ნორმალური წონის მქონე ადამიანებზე.

სედარს-სინაის სამედიცინო ცენტრის გეროთერაპიის ცენტრის დირექტორი, ექიმი ჯეიმს კირკლანდი აფრთხილებს ე.წ. „ბიოჰაკერებს“, რომლებიც ამ პრეპარატებს დიაბეტისა თუ ჭარბი წონის გარეშე, მხოლოდ სიცოცხლის გახანგრძლივების მიზნით იღებენ. მისი თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში ჯანმრთელ და ახალგაზრდა ორგანიზმზე ამ მედიკამენტების გავლენა ჯერ კიდევ შეუსწავლელია, ხოლო „ეპიგენეტიკური საათების“ გაზომვის მეთოდები მხოლოდ ჯგუფური კვლევებისთვისაა ვალიდური და ცალკეულ ინდივიდებზე ზუსტ სურათს არ იძლევა.

წყარო: CNN

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები