ჟურნალ JAMA-ში გამოქვეყნებული ახალი კლინიკური კვლევის თანახმად, სწრაფმოქმედი ფსიქოდელიური ნაზალური სპრეის, მებუფოტენინის ბენზოატის (mebufotenin benzoate) ერთჯერადი დოზა რეზისტენტულ (მკურნალობისადმი მდგრად) დეპრესიას მკვეთრად ამსუბუქებს და კლინიკაში პაციენტის ხანგრძლივი დაყოვნების საჭიროებას ხსნის.
დიდი დეპრესიული აშლილობა პაციენტებს ცხოვრების ხალისს უკარგავს და თვეობით მძიმე სასოწარკვეთაში ტოვებს. პრობლემას ის ამწვავებს, რომ დაავადებულთა მესამედს, დაახლოებით 33%-ს, მკურნალობისადმი რეზისტენტული დეპრესია უვითარდება. ასეთ დროს სტანდარტული ანტიდეპრესანტები უძლურია, რაც ადამიანის ცხოვრების ხარისხს აუარესებს, ემოციურ დისტრესს აღრმავებს და სუიციდის რისკს მკვეთრად ზრდის.
მეცნიერები ამ ჩიხიდან გამოსავალს ფსიქოდელიურ თერაპიაში (ფსილოციბინი, LSD) ხედავენ, მაგრამ ამ ნივთიერებების ძლიერი და ხანგრძლივი ჰალუცინოგენური ეფექტი პაციენტს სამედიცინო დაწესებულებაში 4-დან 12 საათამდე აჯაჭვებს.
ამ ლოგისტიკური ბარიერის დასაძლევად მკვლევრებმა მოკლე მოქმედების მებუფოტენინის ბენზოატი გამოსცადეს. ცხვირში შესხურების შემდეგ პრეპარატი ტვინში სეროტონინის ორ საკვანძო რეცეპტორს (5-HT1A და 5-HT2A) უკავშირდება, ააქტიურებს მათ და განწყობასა და აღქმას არეგულირებს.
მეცნიერებმა აშშ-ის, ავსტრალიისა და ევროპის 38 კლინიკაში 18-დან 75 წლამდე ასაკის 193 პაციენტი შეისწავლეს. ყველა მათგანი მძიმე რეზისტენტულ დეპრესიას ებრძოდა, რადგან მანამდე ნაცადმა 2-5-მა სხვადასხვა მკურნალობამ მათ არანაირი შედეგი არ მოუტანა. ექიმებმა თითოეულ მათგანს ცხვირში პრეპარატის ერთჯერადი დოზა — 12 მგ, 8 მგ, ან საკონტროლო 0.3 მგ შეასხურეს.
პროცედურიდან 90 წუთის შემდეგ სამედიცინო პერსონალმა პაციენტების მდგომარეობა ყოველ ნახევარ საათში შეაფასა. ფსიქოდელიურმა ეფექტმა სწრაფად გაიარა: 8-მილიგრამიანი ჯგუფის 85%-მა და 12-მილიგრამიანი ჯგუფის 78%-მა უსაფრთხოების ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა და კლინიკა სულ რაღაც 2 საათში დატოვა.
საშუალო და მაღალი დოზის მიღებიდან ერთ დღეში მძიმე დეპრესიის სიმპტომებმა უკან დაიხია, მიღწეულმა თერაპიულმა შედეგმა კი 8 კვირას გასტანა. ოთხი კვირის თავზე, 60-ქულიან კლინიკურ სკალაზე მაღალმა დოზებმა დეპრესიის მაჩვენებელი საკონტროლო ჯგუფთან შედარებით 5 ქულით მეტად დასწია. ამასთან, 8 და 12 მილიგრამის მიმღებ პაციენტთა მესამედს დაავადების ნიშნები სულ მცირე სანახევროდ შეუმსუბუქდა.
კვლევის ავტორები ასკვნიან, რომ მყარი ანტიდეპრესიული ეფექტის მისაღწევად გახანგრძლივებული ფსიქოდელიური მდგომარეობა სულაც არ გვჭირდება. მომდევნო ეტაპზე მეცნიერები უფრო ხანგრძლივ დაკვირვებასა და განმეორებითი დოზირების საჭიროების შესწავლას გეგმავენ.
წყარო: MedicalXpress

