ფსიქოლოგიის მომავალი: ვირტუალური რეალობა ფსიქოთერაპიაში

გააზიარე

ვირტუალური რეალობა (VR), რომელიც ადრე სამეცნიერო ფანტასტიკის ნაწილად მოიაზრებოდა, ბოლო ათწლეულებში  სულ უფრო მეტად ინტეგრირდება სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ფსიქოთერაპიაში.

VR ფსიქოლოგებსა და მკვლევრებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობებს, დაეხმარონ პაციენტებს მენტალური პრობლემების მოგვარებასა და ქცევითი რეაქციების შეცვლაში.  ეს ტექნოლოგია ეხმარება მათ შექმნან კონტროლირებადი და უსაფრთხო გარემო, სადაც ადამიანები შეძლებენ დაუპირისპირდნენ საკუთარ შინაგან შიშებს და სხვა სირთულეებს, რაც ტრადიციული თერაპიით ხშირად შეუძლებელია.

VR თერაპიის არსი და უპირატესობები

ტრადიციული თერაპია ხშირად მიზნად ისახავს აზროვნების, რეაქციებისა და ქცევის შეცვლას, ხოლო თერაპევტის კაბინეტი  არის სავარჯიშო სივრცე, სადაც ფსიქოლოგიურ პრობლემებთან გამკლავების სტრატეგიები განიხილება.

ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ შიშის დასაძლევად საუკეთესოა პრაქტიკის გადატანა რეალურ ცხოვრებაში, თუმცა ეს ზოგიერთ პაციენტისთვის ყოველთვის უსაფრთხო არ არის. სწორედ ამ გამოწვევას აგვარებს VR თერაპია.

როგორ უნდა მოემზადო საჯარო გამოსვლისთის, გაუმკლავდე MRI სკანირებას, სისხლის აღებას ან შეინარჩუნო სიმშვიდე ქარიშხლის დროს? VR გარემო რეალური სამყაროს სიმულაციის საშუალებას იძლევა. აქ შეგიძლია გამოწვევის დონე აკონტროლო და შეცვალო. ეს არის უსაფრთხო ადგილი შიშების დასაძლევად და შესანიშნავი სასწავლო პლატფორმაც. კვლევები ადასტურებს, რომ VR-ში მიღებული ცოდნა რეალურ ცხოვრებაშიც მნიშვნელოვანია.

VR თერაპია აქტიურად გამოიყენება  მენტალური ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობების სამკურნალოდ, როგორებიცაა:

  • სპეციფიკური ფობიები: VR ეხმარება სიმაღლის (აკროფობია), დახურული სივრცის (კლაუსტროფობია), ფრენის (ავიაფობია), ცხოველების (ზოოფობია) და ობობების (არაქნოფობია) შიშის დაძლევაში. პაციენტები თანდათანობით, კონტროლირებად გარემოში ხვდებიან თავიანთ ფობიებს, რაც მათ დესენსიბილიზაციას უადვილებს.
  • სოციალური შფოთვა: სიმულაციური სოციალური სიტუაციები, მაგალითად, საჯარო გამოსვლები, გასაუბრებები ან შეხვედრები, პაციენტებს სოციალური უნარების გაუმჯობესებასა და შფოთვის დონის შემცირებაში ეხმარება.
  • ბულინგთან გამკლავება: VR-ის მეშვეობით ბავშვებსა და მოზარდებს შეუძლიათ ივარჯიშონ ბულინგის დროს სწორ რეაგირებაში და ამით უფრო თავდაჯერებულები გახდნენ.
  • გამოცდების შიში: სიმულაციური გამოცდის გარემო ამცირებს შფოთვას და ეხმარება სტუდენტებს სტრესის მართვაში.
  • სამედიცინო პროცედურების შიში: მაგალითად, სისხლის აღების ან MRI სკანირების სიმულაცია ამზადებს პაციენტებს რეალური პროცედურისთვის და ამცირებს მათ შფოთვას.
  • PTSD (პოსტტრავმული სტრესული აშლილობა): VR გამოიყენება კონტროლირებადი ექსპოზიციური თერაპიისთვის, სადაც პაციენტები უსაფრთხო გარემოში უპირისპირდებიან ტრავმულ მოვლენასთან დაკავშირებულ გამღიზიანებლებს.
  • პანიკური შეტევები და გენერალიზებული შფოთვა: VR-ში შექმნილი დამამშვიდებელი ან თანდათანობით გამაღიზიანებელი გარემოები პაციენტებს შფოთვის სიმპტომების მართვაში ეხმარება.

VR ასევე გამოიყენება რელაქსაციისთვის. ის ხელს უწყობს სტრესის შემცირებასა და ფსიქიკური კეთილდღეობის გაუმჯობესებას.

მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ VR თერაპია ინდივიდუალურ საჭიროებებსა და მიზნებს ერგება. ის არ არის „ერთი ზომა ყველასთვის“. მკურნალობის მეთოდები ხშირად აერთიანებს VR თერაპიას სხვა მიდგომებთან, მაგალითად, კოგნიტურ-ბიჰევიორალურ თერაპიასთან (CBT), სქემა თერაპიასთან ან EMDR-თან (თვალის მოძრაობის დესენსიბილიზაცია და რეპროცესინგი). ასეთი ინტეგრირებული მიდგომა უფრო კომპლექსურ და ეფექტურ მკურნალობას უზრუნველყოფს.

VR განსაკუთრებით მიმზიდველია ბავშვებში, მოზარდებსა და ახალგაზრდებში, რადგან ისინი  ვირტუალურ სამყაროში თავს კომფორტულად გრძნობენ. თამაშის მსგავსი ელემენტები და ინტერაქტიურობა მათთვის თერაპიას უფრო სახალისოს და ნაკლებად სტრესულს ხდის.

მოზრდილებისთვის, ვინც VR-ს პირველად იყენებს, ეს ტექნოლოგია არა მხოლოდ ფსიქიკური ჯანმრთელობის მკურნალობაში ეხმარება, არამედ ახალ ცოდნასა და უნარებსაც სძენს, რაც საბოლოოდ მათი ტექნოლოგიური ადაპტაციის წინაპირობა ხდება.

განვლილი გზა

ფსიქოლოგიაში VR ტექნოლოგიის შესაძლებლობებზე,  ჯერ კიდევ 1999 წელს წერდნენ დევიდ როუზი და ნაიჯელ ფორმანი სტატიაში “The Psychologist”. ისინი საუბრობდნენ VR-ის უსაზღვრო პოტენციალზე კვლევის, ტრენინგისა და ანალიზის მიმართულებით. სამწუხაროდ, ფსიქოლოგები ნელა ითვისებდნენ ამ ტექნოლოგიას. ადრეული ჰაპტიკური ტექნოლოგიები (ანუ ისეთი მოწყობილობები, რომლებიც შეხების შეგრძნებას გადმოსცემენ), როგორიცაა „სხეულის კოსტიუმები და მონაცემთა ხელთათმანები“, დასახვეწი იყო. აღსანიშნავია, რომ ეს ტექნოლოგიები, 25 წლის შემდეგაც კი არ განვითარებულა.

პროფესორი დენიელ ფრიმენი (ოქსფორდის უნივერსიტეტი), რომელიც 20 წელია VR-თან მუშაობს, აღნიშნავს, რომ აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფა მკვეთრად შეიცვალა. მისი პირველი VR ლაბორატორია 30,000 ფუნტი სტერლინგის ხელნაკეთი ყურსასმენით იყო აღჭურვილი. ახლა კი იყენებენ 300 ფუნტი სტერლინგის ღირებულების ყურსასმენებს, რომლებსაც გარე სენსორი ან კომპიუტერი არ სჭირდება. ხელმისაწვდომობის  ზრდა გადამწყვეტია VR-ის ფართოდ გამოყენებისთვის.

მიუხედავად ამ პროგრესისა, VR-ის გამოყენება ფსიქიკური ჯანმრთელობის თერაპიებში ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა. ფრიმენი დარწმუნებულია, რომ VR მომავალში გადამწყვეტ როლს ითამაშებს, რადგან ის თავისთავად თერაპიული საშუალებაა და შეუძლია მომსახურების გაფართოება. თუმცა, საჭიროა გააზრებული მიდგომა რომ განისაზღვროს, სად არის VR-ის გამოყენება ყველაზე ეფექტური, როგორ შეიძლება მისი შესაძლებლობების სრულად ათვისება და რა შეზღუდვები აქვს მას.

VR-ის ინოვაციური გამოყენების კონკრეტული მაგალითები

ნარკოდამოკიდებულების მკურნალობაში VR-ის პოტენციალი ინდიანას უნივერსიტეტის პროფესორმა ბრენდონ ობერლინმა აღმოაჩინა.

მანამდე, სტენფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც VR-ში თავიანთ მომავალ მე-ს ხვდებოდნენ, უფრო მეტად იყვნენ მოტივირებული უარი ეთქვათ ნარკოტიკებზე და საკუთარი თავის უკეთესი ვერსიის ჩამოყალიბებაზე ეზრუნათ. ობერლინმა სწორედ ეს იდეა გამოიყენა ნარკოდამოკიდებულ პირებთან სამუშაოდ.

ობერლინმა შექმნა VR ტექნოლოგია, რომელიც ნარკოდამოკიდებულებისგან გამოჯანმრთელების ადრეულ ეტაპზე მყოფებს აჩვენებს 2 ალტერატივას – როგორი შეიძლება იყოს მათი ცხოვრება 15 წლის შემდეგ.

  • ერთი, ვინც განაგრძო ნარკოტიკების/ალკოჰოლის მოხმარება
  • მეორე, ვინც სიფხიზლე შეინარჩუნა

ამ VR პროგრამაში ავატარები მონაწილეთა რეალურ გამოცდილებებსა და სურვილებზეა შექმნილი. ობერლინის 2022 წლის საპილოტე კვლევამ აჩვენა, რომ ეს VR ინტერვენცია, რომელიც მონაწილეებს ყოველდღიურად უგზავნის ფოტო შეხსენებებს მათი პოტენციური მომავლის შესახებ, ზრდის განკურნების შანსებს.

ფსიქოლოგების, მაგალითად ბარბარა ოლასოვ როტბაუმის ინიციატივით, ვირტუალურ რეალობას (VR) 1990-იანი წლებიდან იყენებენ შფოთვითი აშლილობების სამკურნალოდ. ეს გულისხმობს, როგორც ფობიებისგან, ისე პოსტტრავმული სტრესული აშლილობის განკურნებას (PTSD).

VR განსაკუთრებით ეფექტურია ექსპოზიციური თერაპიისთვის, როდესაც საუბარია ისეთ შიშებზე, როგორიცაა:

  • ფრენა
  • სიმაღლე
  • სხვა სცენარები, რომლებიც მეტად კომპლექსური, ზედმეტად საშიში ან ძვირია რეალურ ცხოვრებაში განმეორებითი ექსპოზიციისთვის.

ვირტუალური რეალობა (VR) პაციენტებს საშუალებას აძლევს, ჩაეფლონ სიმულირებულ გარემოში, ხოლო კლინიცისტებს შეუძლიათ თვალყური ადევნონ ზოგიერთ ფიზიოლოგიურ მაჩვენებელს, როგორიცაა გულისცემა და კანის ტემპერატურა თერაპიის განმავლობაში. ბრენდა ვიდერჰოლდი, კლინიკური ჯანმრთელობის ფსიქოლოგი და სან დიეგოს ვირტუალური რეალობის სამედიცინო ცენტრის თანადამფუძნებელი, ამბობს, რომ ეს სტრატეგია ეხმარება თერაპევტს მიიღოს უფრო დეტალური ინფორმაცია პაციენტის მდგომარეობის შესახებ.

მისმა 2002 წლის კლინიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ თვითმფრინავით ფრენის შიშის მქონე ადამიანები, რომლებმაც VR ექსპოზიციური თერაპია გაიარეს, სესიების დროს ნაკლებ ფიზიოლოგიურ რეაქციებს ავლენდნენ. საბოლოოდ, მათ მედიკამენტების გარეშე შეძლეს ფრენა. შემდგომმა კვლევამ დაადასტურა, რომ VR-ისა და ბიოუკუკავშირის მიმღებ ჯგუფს ფრენის უნარი სამი წლის შემდეგაც შენარჩუნებული ჰქონდა.

ვიდერჰოლდი აღნიშნავს, რომ როდესაც პაციენტები აცნობიერებენ საკუთარი სხეულის რეაქციას ვირტუალურ თუ რეალურ სამყაროში არსებულ გამოცდილებებზე, მათ შეუძლიათ მიიღონ ზომები ამ რეაქციის შესამცირებლად.

ბოლო ათწლეულებში ვირტუალური რეალობის (VR) გამოყენება მნიშვნელოვნად გასცდა შფოთვითი აშლილობების მკურნალობას.

მაგალითად, ლუისვილის უნივერსიტეტის პროფესორმა, ჩერი ლევინსონმა და მისმა გუნდმა (კრისტინა რალფ-ნირმანი და ენდრიუ ქარემი) აჩვენეს, რომ VR-ს შეუძლია დაეხმაროს კვებითი აშლილობების მქონე ადამიანებს წონის მატების შიშის დაძლევაშიც. ამ კვლევამ, რომელიც ლევინსონის Eating Anxiety Treatment Lab-ში ჩატარდა, ეროვნული კვებითი აშლილობების ასოციაციისგან $125,000-იანი გრანტი მიიღო. ეს დაფინანსება ხელს შეუწყობს VR პლატფორმის გაუმჯობესებას, რომ ის უფრო ინკლუზიური გახდეს  სხვადასხვა სხეულის ტიპის, რასისა და გენდერული იდენტობის მქონე ადამიანებისთვის.

ლევინსონის თქმით, ზრდასრულებში ანორექსიისთვის, რომელსაც თან ახლავს წონის მატების ძლიერი შიში, დღეისათვის ეფექტური მკურნალობა არ არსებობს – წარმატების მაჩვენებელი დაახლოებით 50%-ია. მეცნიერი იმედოვნებს, რომ VR-ის საშუალებით შესაძლებელი გახდება ამ შიშის დაძლევა და დაავადებების მკურნალობაში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნება მიღწეული.

სტენფორდის 2024 წლის კვლევამ აჩვენა, რომ  VR-ით ჩატარებული თერაპია განწყობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.

ფსიქოლოგები დღეს უკვე ცვლიან ძველ შეხედულებას, რომლის მიხედვითაც VR (ვირტუალური რეალობა) არ უნდა გამოყენებულიყო შიზოფრენიისა და სხვა ფსიქოტური აშლილობების მქონე პაციენტებთან. ადრე ფიქრობდნენ, რომ VR ამ პაციენტებში გამოიწვევდა ან გააძლიერებდა ჰალუცინაციებს, მაგრამ გაერთიანებული სამეფოს 2024 წლის კვლევამ სხვა შედეგი აჩვენა – თერაპევტის მეთვალყურეობით,  VR თერაპია რეალურად ეხმარება პაციენტებს სმენითი ჰალუცინაციების შემცირებაში.

ფსიქიკური დაავადებების მკურნალობის მიღმა

ფსიქოლოგები მიუთითებენ, რომ VR ინტერვენციების სარგებლის მისაღებად აუცილებელი არ არის მენტალური აშლილობის არსებობა.

სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის ვირტუალური რეალობის პროგრამის დირექტორი – ალბერტ რიცო – განმარტავს, როგორ შეუძლიათ სამედიცინოს სტუდენტებსა და თერაპევტ-ტრენერებს VR-ის გამოყენებით უკეთ შეისწავლონ საკუთარი პროფესიის სხვადასხვა ასპექტი.

რიცო ამბობს: „წარმოიდგინეთ, ინტერვიუს ატარებთ ადამიანთან, რომელსაც შესაძლოა მძიმე ტრავმა აქვს გადატანილი. ამ დროს უნდა იყოთ რაციონალური და ემპათიური, მაგრამ არც შიში უნდა გქონდეთ და არც ზედმეტად მომაბეზრებელი იყოთ. ეს ნამდვილი ხელოვნებაა. ამიტომ ახალბედა კლინიცისტებს უნდა მივცეთ შანსი ბევრი შეცდომა დაუშვან ვირტუალურ პაციენტთან, სანამ რეალურს შეხვდებიან.“

VR-ის გამოყენება დასაქმებაში ეხმარება აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებს. კვლევამ აჩვენა, რომ ვირტუალურ გარემოში გასაუბრების ვარჯიში აუმჯობესებს მათ უნარებს რეალურ სამყაროში. რიგით ადამიანებსაც შეუძლიათ VR გამოყენება სტრესის მოსახსნელად და ფსიქიკური პრობლემების თავიდან ასაცილებლად. პანდემიის დროს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ VR-ით ჩატარებული ყოველდღიური სესიები ამცირებდა შფოთვას, სტრესსა და დეპრესიას.

გამოწვევები

ვირტუალური რეალობა (VR), როგორც ნებისმიერი თერაპიული მეთოდი, საჭიროებს გარკვეულ შეზღუდვებს. მაგალითად, VR ყურსასმენის პირდაპირი გამოყენება არ შეიძლება იმ ადამიანებზე, რომლებმაც შესაძლოა ხელახლა განიცადონ ტრავმა, თუ წინასწარი მომზადება არ ჩატარებულა — მაგალითად, ვიზუალიზაციის სავარჯიშოების მეშვეობით.  ამ ძლიერი ინსტრუმენტის გამოყენება ეთიკურად და  სრული პასუხისმგებლობით უნდა მოხდეს.

VR-ის კიდევ ერთი შეზღუდვა მისი სიძვირეა. ზოგიერთ შემთხვევაში, ის ნაკლებად ხელმისაწვდომია, რადგან კომპანიებმა პლატფორმების მონოპოლიზება მოახდინეს.

ფსიქოლოგები, რომლებსაც ვირტუალური რეალობის (VR) პროგრამების შექმნა და მათი რეალურ სამყაროში დანერგვა სურთ, მნიშვნელოვან დაბრკოლებებს აწყდებიან.

ასეთი პროგრამების შექმნა და პრაქტიკაში მათი ეფექტურად გამოყენება მოითხოვს ისეთ რესურსებს, როგორიცაა კავშირები, დრო, ფული და სპეციფიკური უნარები, რაც ჯერ-ჯერობით ბევრ ფსიქოლოგს არ აქვს. ეს ქმნის რეალურ უფსკრულს მათ შორის, ვინც VR პროგრამებს ქმნის და მათ შორის, ვინც ამ პროგრამებს რეალური სამყაროსთვის ტესტავს და იყენებს. ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად საჭიროა მეტი თანამშრომლობა ტექნოლოგიურ სფეროსთან და  ფსიქოლოგებისთვის დამატებითი რესურსების ხელმისაწვდომობა.

საბოლოოდ, ფსიქოლოგებმა აღმოაჩინეს მრავალი გამოწვევა, რომელთა გადაჭრაში VR-ს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. მიუხედავად იმისა, რომ მისი სარგებლიანობა და ეფექტურობა არაერთი კვლევით დადასტურდა, VR ჯერ კიდევ არ არის ფართოდ გავრცელებული. ფაქტია, ვირტუალური სამყაროს ზრდასთან ერთად,  ეთიკური საკითხები სულ უფრო აქტუალური ხდება, რაც მკაცრ რეგულაციებსა და პასუხისმგებლიან მიდგომას მოითხოვს. აშკარაა, რომ VR-ის შესაძლებლობების გამოყენება შესაძლებელია როგორც დადებითად, ისე – ნეგატიურად. ამ ტექნოლოგიას შეუძლია რადიკალურად გარდაქმნას ფსიქიკური ჯანმრთელობის მკურნალობა, გახადოს ის უფრო მეტად ხელმისაწვდომი, ეფექტური და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები