ამერიკის გულის ასოციაციის (AHA) 2026 წლის სამეცნიერო სესიებზე წარდგენილი ახალი მონაცემების მიხედვით, კოფეინის შემცველი ენერგეტიკული სასმელები და სტიმულატორები ახალგაზრდებში გულის გაჩერებისა და მიოკარდიუმის ინფარქტის (გულის შეტევის) რისკებთანაა დაკავშირებული.
მკვლევრებმა აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტოს (FDA) ბაზაში 2017-2025 წლებში დაფიქსირებული 28 000-ზე მეტი გვერდითი მოვლენის ჩანაწერი შეისწავლეს. ანალიზმა აჩვენა, რომ პროდუქტები, რომლებიც კოფეინსა და სხვა სტიმულატორებს შეიცავს, არაპროპორციულად ხშირად ფიგურირებს გულ-სისხლძარღვთა მძიმე გართულებების შემთხვევებში. ტენდენცია განსაკუთრებით საყურადღებოა 18-დან 34 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, რომელიც ტრადიციულად კარდიოვასკულური გართულებების დაბალი რისკის ქვეშ იმყოფება.
კვლევის მთავარი მიგნებები:
-
გულის გაჩერება 11-ჯერ უფრო ხშირად დაფიქსირდა კოფეინისა და სტიმულატორების შემცველ პროდუქტებთან მიმართებით, ვიდრე მათ გარეშე.
-
ენერგეტიკული სასმელებისა და დანამატების ფონზე 4.5-ჯერ მაღალი იყო გულის შეტევის, ხოლო 4-ჯერ მაღალი — პარკუჭოვანი არითმიისა და გულის ფრიალის მაჩვენებელი.
-
გამოვლინდა კავშირი პულსის აჩქარებასთან (3-ჯერ უფრო ხშირად), გულმკერდის ტკივილსა (2.7-ჯერ) და გულისწასვლასთან (2-ჯერ).
-
გულ-სისხლძარღვთა მოვლენების 45%, რომელიც აღნიშნულ პროდუქტებს უკავშირდებოდა, 18-34 წლის ასაკის პაციენტებზე მოდიოდა.
ამერიკის გულის ასოციაციის გაიდლაინებით, ზრდასრულებისთვის დღეში 400 მგ კოფეინი (დაახლოებით 5 ფინჯანი ყავა) უსაფრთხოდ მოიაზრება, მაგრამ ზოგიერთი ენერგეტიკული სასმელი ჩვეულებრივ ყავაზე 3-ჯერ მეტ კოფეინს შეიცავს, ხოლო ვარჯიშის წინ მისაღები ზოგიერთი სპორტული დანამატი (ე.წ. Pre-workout) — 12-ჯერ მეტს. ვინაიდან FDA მათ სურსათად და დიეტურ დანამატებად არეგულირებს და არა მედიკამენტებად, ბაზარზე გამოსვლამდე ისინი უსაფრთხოების მკაცრ წინასწარ ტესტირებას არ გადიან.
„ეს პროდუქტები ყოველდღიურ ენერგიის წყაროდაა პოზიციონირებული და წყლისა და გაზიანი სასმელების გვერდით იყიდება, ამიტომ მომხმარებელთა უმეტესობას ისინი სრულიად უსაფრთხო ჰგონია. ჯანმრთელი ადამიანისთვის, იშვიათი მოხმარებისას, რისკი სავარაუდოდ მცირეა. თუმცა, რეგულარული მომხმარებლები სწრაფად აჭარბებენ კოფეინის დასაშვებ დღიურ ნორმას. ამიტომ მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს კარდიოვასკულური ზიანის რისკების შესახებ“, — აღნიშნავს კვლევის ავტორი, ვირჯინიის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მკვლევარი საი სამაიამანტულა.
კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორის, მედიცინის დოქტორ გრეგორი მარკუსის განმარტებით, მიღებული შედეგები ყურადსაღებია, მაგრამ მეცნიერული სიზუსტისთვის მნიშვნელოვანია კვლევის დიზაინის გათვალისწინება:
„კვლევა აჩენს ეჭვს, რომ დიდი რაოდენობით კოფეინის შემცველი პროდუქტები გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის შესაძლოა საზიანო იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ამ კავშირს ბიოლოგიური საფუძველი აქვს, კვლევა არ ამტკიცებს, რომ კოფეინის პროდუქტები უშუალოდ იწვევს ამ მოვლენებს, რადგან ანალიზის შედეგებზე შესაძლოა სხვა ფაქტორებსაც ემოქმედა. იმის დასადგენად, ნამდვილად არიან თუ არა ეს სტიმულატორები პასუხისმგებელი გულის პრობლემებზე, დამატებითი კვლევებია საჭირო“, — განაცხადა მარკუსმა.
ავტორები ხაზს უსვამენ, რომ კვლევა ობსერვაციულია და FDA-ში მომხმარებლებისა და ექიმების მიერ ნებაყოფლობით გაგზავნილ რეპორტებს ეყრდნობა. შესაბამისად, ის ავლენს ასოციაციას და მიზეზშედეგობრიობას ვერ ადასტურებს. კვლევის სრული, წინასწარი შედეგები ჩიკაგოში, AHA-ს სამეცნიერო სესიებზე 6-9 ნოემბერს იქნება განხილული.
წყარო: heart.org

