MIT-ის ინჟინრებმა წამლის პირდაპირ საყლაპავზე მოსახვედრი გზა შეიმუშავეს

გააზიარე

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) ინჟინრებმა ინოვაციური მეთოდი შეიმუშავეს, რომელიც საყლაპავის დაავადებების მკურნალობაში მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს. ახალი ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, მედიკამენტები პირდაპირ საყლაპავის ლორწოვან გარსზე მოხვდეს და ეფექტურად შეაღწიოს ქსოვილში, რაც აქამდე სამედიცინო პრაქტიკაში დიდ გამოწვევას წარმოადგენდა. საყლაპავი მილის ბიოლოგიური სტრუქტურა და მისი ფუნქცია მკურნალობის პროცესს ბუნებრივ ბარიერებს უქმნის. ვინაიდან ნებისმიერი სითხე თუ საკვები საყლაპავში წამებში გაივლის, მიღებული წამალი ქსოვილთან კონტაქტს თითქმის ვერ ასწრებს. ამას ემატება ისიც, რომ საყლაპავი მილი ამოფენილია მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმით, რომელიც უკიდურესად გაუმტარია გარე მოლეკულების მიმართ. ამ პრობლემის გამო, საყლაპავის ისეთი მძიმე ანთებითი დაავადებების დროს, როგორიცაა კრონის დაავადება ან ეოზინოფილური ეზოფაგიტი, ექიმებს სისტემური მედიკამენტების დანიშვნა უწევთ. ეს უკანასკნელი კი ხშირად სერიოზულ გვერდით მოვლენებს იწვევს მთელ ორგანიზმში. რა თქმა უნდა არსებობს ალტერნატიული გზაც მაგალითად წამლის პირდაპირი ინექცია საყლაპავში, რაც  პაციენტისთვის მტკივნეული და მოუხერხებელია, რადგან კლინიკურ პირობებში სპეციალურ ჩარევას მოითხოვს.

MIT-ის მკვლევართა ჯგუფმა, რობერტ ლანგერისა და ჯოვანი ტრავერსოს ხელმძღვანელობით, შექმნა სპეციალური გელისებრი ზეპირი ფორმულა. სისტემა ორ ძირითად კომპონენტს აერთიანებს: პოლისაქარიდებისგან მიღებულ ჰიდროგელს და ნაღვლის მჟავების მარილებს. ჰიდროგელი თავისი ბლანტი კონსისტენციის წყალობით ყლაპვისას საყლაპავის კედლებს თხელ ფენად ეკვრის და მასზე გარკვეული დროით ყოვნდება. ნაღვლის მჟავების მარილები კი მოქმედებენ როგორც ეფექტური „ექსციპიენტები“ ანუ დამხმარე ნივთიერებები. ისინი დროებით ადუნებენ უჯრედშორის მჭიდრო კავშირებს ეპითელიუმში და ხსნიან უსაფრთხო დერეფანს, რათა წამლის დიდმა მოლეკულებმა ქსოვილში ღრმად შეღწევა შეძლონ.

ამ ახალი პლატფორმის შესამუშავებლად და გამოსაცდელად ინჟინრებმა სპეციალური სკრინინგის სისტემა შექმნეს, რომელიც ზუსტად ბაძავს საყლაპავის ანატომიას. ორ ვერტიკალურ ფირფიტას შორის მოთავსებულ ქსოვილზე მედიკამენტების დასხმით მათ შეძლეს იმის გაზომვა, თუ ზუსტად რამდენი აქტიური ნივთიერება გადიოდა ბარიერში. ცხოველებზე ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ ამ ფორმულით შესაძლებელია ისეთი რთული მონოკლონური ანტისხეულების პირდაპირი მიწოდებაც კი, როგორიც არის ინფლიქსიმაბი (Infliximab), რომელსაც აუტოიმუნური დარღვევების სამკურნალოდ იყენებენ.

ამჟამად მეცნიერები გელის ოპტიმიზაციაზე მუშაობენ, რათა მან ზუსტად იმდენ ხანს გაძლოს საყლაპავზე, რამდენიც წამლის შესაწოვად არის საჭირო, და ამავდროულად პაციენტს დისკომფორტი არ შეუქმნას. მკვლევარების განცხადებით, ეს მიღწევა ქმნის უნიკალურ ბაზას საყლაპავის მიზანმიმართული თერაპიისთვის, რაც აქამდე შესაბამისი ტექნოლოგიური ინსტრუმენტების არარსებობის გამო შეუძლებელი იყო. მომავალში ეს მიდგომა მნიშვნელოვნად შეამცირებს მძიმე მედიკამენტების სისტემურ გვერდით ეფექტებს და გაამარტივებს გასტროენტეროლოგიური პაციენტების მკურნალობის პროცესს.

medicalxpress

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები