სისხლის ერთი ანალიზით კიბოს რამდენიმე სახეობის ამოცნობა — ინგლისში ახალ ტესტს გამოცდიან

გააზიარე

ინგლისის ჯანდაცვის ეროვნული სისტემა (NHS) პირველადი ჯანდაცვის 200 კლინიკაში სისხლის ახალ, მულტისადიაგნოსტიკო ტესტს გამოცდის. ინიციატივის მიზანი რთულად სადიაგნოსტიკო სიმსივნეების (ღვიძლის, საკვერცხისა და პანკრეასის კიბო) ადრეულ ეტაპზე გამოვლენაა.

ახალი ტესტი სისხლში სიმსივნისთვის დამახასიათებელ პროტეინებსა და დნმ-ის ფრაგმენტებს ეძებს. დადებითი პასუხის შემთხვევაში, მან ორგანიზმში სიმსივნის ლოკაციაც უნდა აჩვენოს. ბირმინგემის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით დაგეგმილ კლინიკურ კვლევაში (STRIDE-RCT) 45 წელს ზემოთ ასაკის 20 000-ზე მეტი პაციენტი ჩაერთვება, რომლებსაც არასპეციფიკური სიმპტომები — ტკივილი ან მუცლის მუდმივი შებერილობა აწუხებთ.

მუცლის ღრუსა და მენჯის ორგანოების სიმსივნეების ადრეული დიაგნოსტირება კლინიკურად რთულია, რადგან მათი სიმპტომები ხშირად ნაკლებად სერიოზულ დაავადებებს ჰგავს. შესაბამისად, სიმსივნის აღმოჩენა მეტწილად უკვე მეტასტაზირების ეტაპზე ხდება. სტატისტიკის მიხედვით, ინგლისში ყოველწლიურად პანკრეასის, კუჭის, ღვიძლის, საკვერცხისა და ნაწლავის კიბოს 71 000 ახალი შემთხვევა რეგისტრირდება, საიდანაც თითქმის 35 000 ლეტალურად სრულდება.

მკვლევრები განმარტავენ, რომ ტესტის დადებითი პასუხი სიმსივნის უპირობო დიაგნოზს არ ნიშნავს, ისევე როგორც უარყოფითი შედეგი არ იძლევა ჯანმრთელობის სრულ გარანტიას. მეთოდის მთავარი დანიშნულება ოჯახის ექიმების დახმარებაა, რათა დროულად გამოავლინონ, რომელ პაციენტს ესაჭიროება გადაუდებელი და სიღრმისეული კვლევები.

აღსანიშნავია, რომ NHS-მა მსგავსი კონცეფციის ტესტი (Galleri) ადრეც გამოსცადა, მაგრამ კვლევამ შორსწასული კიბოს დიაგნოზების შემცირების მთავარ მიზანს ვერ მიაღწია. მიმდინარე STRIDE-RCT კვლევა კიბოს 10-ზე მეტ (მათ შორის შარდის ბუშტის, პროსტატის, თირკმლისა და ენდომეტრიუმის) ფორმაზე ფოკუსირდება და უნდა შეაფასოს, რამდენად ზუსტია ტესტი ჯანდაცვის ეროვნულ სისტემაში ფართოდ დასანერგად.

წყარო: BBC

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები