ცნობადობის მძიმე ფსიქოლოგიური ტვირთი: რატომ კვდებიან სახელგანთქმული მომღერლები ადრე?

გააზიარე

ჟურნალ Journal of Epidemiology & Community Health-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, სახელ-დიდება, შესაძლოა, პროფესიასთან დაკავშირებულ რისკებთან ერთად, კრიტიკული ფაქტორი იყოს მომღერლების სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებაში, განსაკუთრებით დიდ ბრიტანეთში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.

კვლევის შედეგები ვარაუდობს, რომ ცნობილი მომღერლები, საშუალოდ, ოთხი წლით ადრე კვდებიან, ვიდრე მათი ნაკლებად ცნობილი კოლეგები. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ცნობადობის გავლენა სიკვდილის მაღალ რისკზე სხვა გავრცელებული რისკ-ფაქტორების, მაგალითად, სიგარეტის მოწევის ტოლფასია.

საზოგადოდ გავრცელებული მოსაზრებით, ცნობილი მომღერლები ადრე კვდებიან, თუმცა აქამდე გაურკვეველი იყო, ეს რისკი თავად სახელგანთქმულობას, მუსიკალური ინდუსტრიის მოთხოვნებს თუ უბრალოდ მუსიკოსობის ცხოვრების წესს უკავშირდებოდა.

ამ საკითხის გასარკვევად, მეცნიერებმა რეტროსპექტულად შეადარეს 648 მომღერლის შემთხვევები, რომელთა ნახევარმაც მიაღწია “ცნობილის სტატუსს”, ხოლო მეორე ნახევარი ნაკლებად ცნობილი იყო. თითოეული ცნობილი შემსრულებელი შეადარეს ნაკლებად ცნობილ კოლეგას დაბადების წლის, სქესის, ეროვნების, ეთნიკურობის, მუსიკალური ჟანრისა და სტატუსის (სოლო/ბენდის წევრი) მიხედვით.

  • მონაწილეთა პროფილი: მომღერლების უმეტესობა (83.5%) მამაკაცი იყო. უმრავლესობა (61%) ჩრდილოეთ ამერიკიდან, ხოლო 77% თეთრკანიანი.
  • ჟანრები: როკი (65%), R&B (14%) და პოპი (9%).

მონაცემთა ანალიზის თანახმად, ცნობილი მომღერლები საშუალოდ 75 წლამდე ცოცხლობდნენ, ხოლო ნაკლებად ცნობილი მომღერლები – 79 წლამდე.

ეს ნიშნავს, რომ სახელგანთქმული მომღერლები 33%-ით უფრო მეტად იყვნენ მიდრეკილნი ადრეული სიკვდილისკენ, ვიდრე მათი ნაკლებად ცნობილი კოლეგები.

მეცნიერები განმარტავენ, “ცნობილი ადამიანების სიკვდილის რისკი იზრდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი სახელგანთქმულები ხდებიან. სახელგანთქმულობა ჯანმრთელობისთვის რისკ-ფაქტორია.”

მიუხედავად იმისა, რომ კვლევა ვერ ადგენს უშუალო მიზეზ-შედეგობრივ კავშირს, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს ეფექტი შესაძლოა გამოწვეული იყოს „სახელგანთქმულობასთან დაკავშირებული უნიკალური ფსიქოსოციალური სტრესით“, როგორიცაა:

  • ინტენსიური საზოგადოებრივი კონტროლი;
  • შესრულების (პერფორმანსის) წნეხი;
  • პირადი ცხოვრების დაკარგვა.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ეს სტრესორები აძლიერებს ფსიქოლოგიურ დისტრესს და დაძლევის მავნე ქცევებს, რაც სახელგანთქმულობას ქრონიკულ ტვირთად აქცევს.

კვლევა აჩვენებს, ცნობადობა იმდენად დამღუპველია, რომ ის უგულვებელყოფს მაღალ სოციო-ეკონომიკურ სტატუსთან დაკავშირებულ ნებისმიერ პოტენციურ სარგებელს. კვლევის მიგნებები ხაზს უსვამს ცნობილი პირების გაზრდილ მოწყვლადობას და მიუთითებს, რომ მათ სჭირდებათ მიზანმიმართული დაცვა და მხარდაჭერა.

წყარო: BMJ

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები