საქართველოში 2026 წლის 1-ელი მაისიდან ფუნქციონირებს „კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრუწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრი“, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ექვემდებარება და ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
მმართველმა პარტიამ ცენტრის შექმნა 14 წლამდე მოზარდების მხრიდან კანონდარღვევების შემთხვევების ზრდით ახსნა, რადგან ამ ასაკის ბავშვებზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ ვრცელდება. თუმცა უფლებადამცველები და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე სპეციალისტები დაწესებულების არსებობაში ხედავენ არასრულწლოვანთა იზოლაციისა და სტიგმატიზების საფრთხეებს, რაც, მათი განმარტებით, კიდევ უფრო გააღრმავებს არსებულ პრობლემებს.
10-14 წლის ბავშვი ცენტრში პროკურატურის მიმართვის შემდეგ, მოსამართლის გადაწყვეტილებით ხვდება, რაშიც სპეციალისტები საფრთხეს ხედავენ არასრულწლოვნის ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუარესების კუთხით. მიუხედავად კრიტიკისა, 2026 წლის ბოლომდე ამგვარი დახურული ტიპის დაწესებულებების შექმნისთვის 3 445 000 ლარი დაიხარჯება.
რეალურად, რა საფრთხეები არსებობს კანონთან წინააღმდეგობაში მყოფი ბავშვის დახურული ტიპის დაწესებულებაში მოხვედრასთან დაკავშირებით, რა ფსიქოსოციალური გარემო შეიძლება არსებობდეს ასეთ დაწესებულებებში და რა მიდგომებით ხელმძღვანელობენ ევროპული ქვეყნები ბავშვის საუკეთესო ინტერესების დასაცავად, ფსიქოსოციალური მხარდაჭერის ცენტრ “აისის” ფსიქოთერაპევტი, კლინიკური სუპერვიზორი, ფსიქოლოგი – მაია ცირამუა საუბრობს:
როგორია ის ფსიქოსოციალური გარემო რომელშიც დღეს ჩვენს ქვეყანაში არასრულწლოვნები იზრდებიან? ასევე, რა რისკები იკვეთება მოზარდების ქცევაში ფსიქოსოცოალური კუთხით და რა ხელშემწყობი სტრესული ფაქტორები იკვეთება, როდესაც კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისკენ არიან მიდრეკილი?
ეს ძალიან კომპლექსური საკითხია. როდესაც არასრუწლოვნების მხრიდან დანაშაულებრივი ქმედებების ზრდაზე იყო საუბარი, ჩვენ ყოველთვის აღვნიშნავდით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მიზეზების გამოძიება. კანონმდებლობაში კარგი ძვრები მოხდა და მართლმსაჯულება ბავშვზე ორიენტირებული გახდა, თუმცა მნიშვნელოვანია დაისვას კითხვა, ხომ არ იყენებენ გარკვეული ჯგუფები აღნიშნულ კანონს თავიანთი ინტერესებისთვის?
ჩვენ მტკიცებით ფორმაში ვერ ვიტყვით, თუმცა ეს კითხვის ნიშანი ჩნდება. ფაქტებიც მომისმენია, სრულწლოვანი პირი როგორ იყენებს არასრულწლოვანს და ავალებს გარკვეული კრიმინალური ქმედებების ჩადენას იმის გამო, რომ მას ამაზე პასუხი არ მოეთხოვება. სახელმწიფო მსგავსი ფაქტების გამოძიებით უნდა იყოს დაინტერესებული.
მეორე ფაქტორი არის ის, რომ თუ ბავშვს ოპოზიციური ქცევის ადრეული ნიშნები აქვს, უნდა მოხდეს ჩარევა, რათა შემდეგში მდგომარეობა არ გართულდეს და ანტისოციალურ ქცევაში არ გადაიზარდოს. ასეთებად ბავშვები არ იბადებიან, უბრალოდ შეიძლება არსებობდეს ბიოლოგიური ფაქტორი (არ ვგულისხმობ მხოლოდ გენეტიკურ ფაქტორს). მაგალითად, არსებობს შემთხვევები, როდესაც ბავშვს დოპამინისა და ნორადრენალინის დეფიციტი აქვს ანუ მას სჭირდება ბევრი სტიმულაცია იმისათვის, რომ აქტიური იყოს. არის მოძრავი, როგორც ეძახიან ხოლმე – ცელქი, მოუსვენარი, ხშირად აფუჭებს რაღაცებს და ა.შ. ეს შეიძლება ბიოლოგიური ფაქტორებით იყოს განპირობებული, ამიტომ დროულად შემჩნევა, დიაგნოსტირება და შემდეგ სწორი ჩარევა სჭირდება. სინამდვილეში ჩვენ ასეთ ბავშვებს მაგალითად, სკოლამდელ დაწესებულებებში ვაკრავთ იარლიყს, რომ „რთულები“ არიან, შემდეგ მშობელს უწევს მისი გადაყვანა. სკოლაში მდგომარეობა უფრო მწვავდება. იმის გამო, რომ არ არსებობს ნება და ცოდნა სწორად იქნას გამოკვლეული ბავშვი და გაეწიოს დროული დახმარება, მისი ქცევა უფრო და უფრო რთულდება. იმ ქვეყნებში, სადაც ზოგადად ფსიქიკური ჯანმრთელობის თუ საგანმანათლებლო მიმართულება განვითარებულია, ასეთი საკითხები ძალიან პრიორიტეტულია, რათა მდგომარეობის დროული იდენტიფიცირება და ბავშვისთვის დახმარების გაწევა მოხდეს.
არსებობს სხვა ტიპის ბიოლოგიური ფაქტორებიც. ბავშვს შეიძლება ჰქონდეს ტრავმული გამოცდილება – იყოს ოჯახში ძალადობის შემსწრე ან მსხვერპლი, უგულებელყოფილი. ამგვარ, ბავშვის შემთხვევაში, საფრთხისშემცველ გარემოში განვითარება ტიპურად არ ხდება, რადგან მისი ტვინის მთავარი ფუნქცია არის გადარჩენა. ეს იწვევს ოპოზიციური ქცევის ჩამოყალიბებას ან ინტერნალიზებულ პრობლემებს, როდესაც ბავშვი უფრო ჩაკეტილობისკენ არის მიდრეკილი და ნაკლები სოციალური უნარები აქვს. როცა ექსტერნალიზებულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე ანუ ბავშვის გამოცდილება რთულ ქცევით გამოვლინებებში ვლინდება, არ ხდება კვლევა, არის თუ არა ის სარისკო გარემოში, არ ხდება მისი სიტუაციის აღქმა ან ბავშვის მოძალადისგან იზოლირება თუ სხვა.
ერთ-ერთ რისკის ფაქტორად უნდა განვიხილოთ უგულებელმყოფი დამოკიდებულება უშუალოდ სახელმწიფოს მხრიდან. ბავშვი სანამ ქუჩაში გავა და წესრიგს დაარღვევს, იქამდე ხომ სადღაც არის. ვინმემ უნდა დაინახოს, მაგრამ როგორც წესი, ამ ბავშვებს ვერავინ ვერ ხედავს იქამდე, სანამ წესრიგს დაარღვევენ. შესაბამისად, უგულებელყოფილი რჩება მისი საჭიროება.
ბავშვებში კანონსაწინააღმდეგო ქცევას მთელი რიგი სოციალური ფაქტორები უწყობს ხელს: ძალადობრივი გარემო; სკოლამდელ და სასკოლო სისტემაში დროული იდენტიფიცირებისა და ჩარევის სწორი მექანიზმების არარსებობა; სიღარიბე და კრიმინალური სუბკულტურა, რომელიც ჰუმანურ კანონს არასრულწლოვნის საწინააღმდეგოდ იყენებს და ბავშვების რეკრუტირებასა და ჩათრევას ახდენს თავის სისტემაში.
ამიტომ იმაზე საუბარი, რომ ბავშვებში იმატა დანაშაულმა, არ ნიშნავს ავტომატურად იმას, რომ ისინი 10 წლის ასაკში საპატიმროში უნდა მოხვდნენ. პირიქით, ადრეული ასაკიდანვე უნდა ხდებოდეს სარისკო ნიშნების იდენტიფიცირება და ბაღიდან და სკოლიდან გარიყვა და გარიცხვა კი არა – მდაშობლების და ბავშვის შესაბამისი პროფესიული დახმარება და ძალადობისგან დაცვა.
ჩვენს ქვეყანას არ აქვს ადრეული პრევენციის მექანიზმი, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის, ყველა სპეციალისტი, რომელიც ჩართული იყო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის საქმეში, განმარტავდა, რომ ამის გარეშე კანონი იქნება იარაღი გარკვეული ჯგუფების ხელში და ახლა ასეთი რეალობა გვაქვს.
როგორც აღნიშნეთ, ქვეყანას მნიშვნელოვანი გამოწვევები აქვს პრევენციის ნაწილში, თუმცა ბავშვთა დაცვის თემებზე მომუშავე სპეციალისტები და ფსიქოლოგები მნიშვნელოვან საფრთხეებს ხედავენ დახურულ სარეაბილიტაციო ცენტრებშიც, სადაც 10-14 წლის მოზარდები სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხვდებიან. როგორ ფიქრობთ, რეალურად რამდენად პასუხობს არსებული მხარდაჭერის ცენტრები დღეს არსებულ გამოწვევას კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრუწლოვნებთან დაკავშირებით?
ეს სარეაბილიტაციო ცენტრია თუ საპატიმროა?! – პირდაპირ ვთქვათ, რადგან მე ვერ წარმომიდგენია, რომ 10 წლის ბავშვის ქმედება სასამართლომ განიხილოს. ეს თავიდან ბოლომდე ზრუნვის სააგენტოს და განათლების სისტემის ერთობლივი საქმიანობის სფეროა. ეს ძალიან დიდი შეცდომა და არასწორი მიდგომაა, რადგან სტიგმატიზებას იწვევს სწორედ ის, თუ ვინ არის ჩართული ამ საქმეში, ვისი ხელით და გადაწყვეტილებით ხდება ყველაფერი. ერთადერთი შემთხვევა, როცა შეიძლება, ბავშვი გადაიყვანო სახელმწიფო სისტემაში, თუნდაც სარეაბილიტაციო სამსახურში, როდესაც ანტისოციალურ ქცევასთან გვაქვს საქმე, არის როდესაც არასრულწლოვანი მიუსაფარია და არ ჰყავს მზრუნველი პირი. აქ შეიძლება შემოვიდეს სახელმწიფოს და მცირე საოჯახო ტიპის სახლების მოდელი, ოღონდ არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს დახურული, იზოლირებული დაწესებულება. სხვა შემთხვევაში, როდესაც ბავშვს ჰყავს ბიოლოგიური მშობელი, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ იმუშაოს მასთან, ბავშვის გარემოსთან.
რა გავლენას მოახდენს აღნიშნულ დაწესებულებებში მოხვედრა ბავშვის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე?
ბავშვის გაყვანა დასჯის მიზნით დიდი შეცდომაა მისი განვითარებისთვის, რადგან მთავარი ტრავმა, რომელსაც იღებს, მისი ოჯახიდან მოწყვეტაა. ჩვენ არ ვიცით კონკრეტულად რა პროგრამებითა და მექანიზმებით მუშაობენ ასეთ დაწესებულებებში. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოხდება შეფასება და ა.შ.; მაგრამ კონკრეტულად რა რისკების გამოვლენა მოხდება, როგორია დაწესებულების შინაგანაწესი, როგორი რეჟიმია, ვინ მუშაობს, უცნობია. ეს არის საზოგადოებისთვის აბსოლუტურად უცნობი დაწესებულება, რომელზეც ჩვენ ვიცით ორი რამ: პირველი – ბავშვი იქ ხვდება პროკურატურისა და სასამართლოს გადაწყვეტილებით და მეორე – ეს არის მცირე საოჯახო ტიპის დაწესებულება. ასევე, ჩვენთვის არ არის ცნობილი, არის თუ არა ეს ყველა ბავშვისთვის, რომელსაც მძიმე ქცევითი გამოვლინებები აქვს, თუ მხოლოდ მათთვის, რომელთაც საერთოდ არ ჰყავთ მზრუნველი პირი. ამ შემთხვევაშიც კი, ზრუნვის სააგენტო და სახელმწიფო უნდა იყოს მთავარი კონტრიბუტორი და ამ ასაკის ბავშვთან არანაირი შეხება არ უნდა ჰქონდეს პროკურატურასა და სასამართლოს.
რამდენად პასუხობს საქართველოში არსებული არასრულწლოვანთა მხარდაჭერის სისტემა კანონთან წინააღმდეგობაში მყოფი ბავშვების რეალურ ფსიქოლოგიურ საჭიროებებს?
მე ბევრ უცხო ქვეყანაში მინახავს დღის ცენტრები, რომლებიც ასეთი საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის იქმნება. შეიძლება ბავშვს ჰყავს ოჯახი, მაგრამ მშობლებს სხვადასხვა მიზეზის გამო არ შეუძლიათ მასზე ზრუნვა. მათთან სახელმწიფო დებს კონტრაქტს და სკოლის შემდგომ ბავშვი მთელს დროს ასეთ ადგილებში ატარებს, სადაც მას ამეცადინებენ, კვებავენ და მეთვალყურეობენ. ასევე ხორციელდება მონიტორინგი, დადის თუ არა ბავშვი სკოლაში. ასეთ რთულ ბავშვებს ხშირად სჭირდებათ სპეციალისტის მხარდაჭერა, სწავლება, რა გააკეთონ, როგორ გააკეთონ, ცნობიერების ამაღლება და ხშირად უცხოეთში სახელმწიფოები ამაში ძალიან დიდ რესურსს დებენ.
მაგალითად, მახსოვს, პოლონეთში განგვიმარტეს, რომ პრევენციაში დახარჯული ფინანსები ძალიან დიდი დანაზოგია, რადგან თუ სახელმწიფომ ასეთ რთულ არასრულწლოვანს არ მიხედა, შეიძლება მდგომარეობა დამძიმდეს და ზრდასრულ ასაკში სერიოზულ დანაშაულამდე და საპატიმრომდე მივიდეს საქმე. ზოგადად, დანაშაულის შემცირებისთვის ბავშვზე ზრუნვა და პრევენცია საუკეთესო მექანიზმად მიიჩნევა. არსებობს დღის ცენტრები, მუნიციპალური დაწესებულებები, რომელთა მმართველობაში ჩართულია ბიზნესი, ადგილობრივი თვითმმართველობები. სისტემა არ არის ცენტრალიზებული და არ იმართება რომელიმე სამინისტროს მიერ, არამედ მათ ფუნქციონირებას ქალაქები და რეგიონები უზრუნველყოფს. ცენტრების ნაწილი გახსნილია ისეთ ადგილებთან, სადაც ბავშვები ხშირად იყრიან თავს, მაგალითად, ბაზრობებთან, სავაჭრო ცენტრებთან და სხვა. პრობლემის არსებობის შემთხვევაში ბავშვი მიმართავს დაწესებულებას, სადაც ხვდება სოციალური მუშაკი და შემდეგ მისი საჭიროების მიხედვით მიიღება გადაწყვეტილება გადამისამართებასთან დაკავშირებით.
ასეთი შემთხვევა, რომ მცირეწლოვან ბავშვებთან დაკავშირებით, რომელსაც მშობლები ჰყავს, სასამართლო იღებდეს მის იზოლირებულად გადაყვანის გადაწყვეტილებას, არცერთ ქვეყანაში არ მინახავს, სადაც პროგრამები შემისწავლია. არსებობს სოციალური და ემოციური უნარების განვითარების მრავალფეროვანი პროგრამები, რომლებშიც ქცევითი თერაპევტები არიან ჩართულები. ისინი ანალიზის საფუძველზე ქმნიან შესაბამის ინდივიდუალურ პროგრამას, მუშაობენ მშობლებთან, მასწავლებლებთან, თუ როგორი რეაგირება უნდა ჰქონდეთ ასეთი ბავშვის ქმედებებზე.
ერთი შეხედვით ჩვენთანაც არსებობს ასეთი პროგრამები, მაგრამ როგორ მუშაობს, ახერხებს ჩვენი განათლების სისტემა ასეთი ბავშვებისთვის ისეთი გარემო შექმნას, რომ მისი განვითარება არ შეფერხდეს და ქცევა არ გართულდეს?
რა მეთოდოლოგიებს უნდა იყენებდნენ სპეციალისტები ასეთ ბავშვებთან აგრესიისა და ემოციური რეგულაციის დარღვევის მართვისთვის?
შექმნილია მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომები და ევროპის ქვეყნებში ბევრი მსგავსი პროგრამაა ხელმისაწვდომი. არსებობს კოგნიტურ-ბიოჰევიორულ თერაპიაზე დაფუძნებული მტკიცებულებები, ჩატარებულია კვლევები და მიღებულია კონკრეტული შედეგები, რომ აღნიშნული მიდგომები ეფექტიანია. არსებობს ბრაზის მართვისა და სოციალური უნარების განვითარების პროგრამები. მახსოვს, ჩვენმა ორგანიზაციამ, როდესაც არასამთავრობო სექტორი არსებობდა, ნიდერლანდელი კოლეგებისგან შეისწავლა და შეისყიდა პროგრამა EQUIP, რომელიც ზუსტად კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისთვის იყო. უფრო კონკრეტულად, პროგრამა ორიენტირებული იყო სოციალური უნარების განვითარებაზე, კრიმინალური ქცევის ან ანტისოციალური ქცევის მიზეზების გაცნობიერებაზე, მორალურ ზრდაზე და ა.შ.
მის დანერგვას ვცდილობდით ავჭალის დაწესებულებაში. იმ პერიოდში გადამზადდა კიდეც აღნიშნული დაწესებულების ფსიქოლოგი და გადაეცა შესაბამისი სახელმძღვანელოები. პროგრამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო ბრაზის მართვის მოდული. ამ ბავშვებს შორის არიან ისეთები, ვისაც უჭირს თვითრეგულირება და განსაკუთრებით ხშირად კანონსაწინააღმდეგო ქმედების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს არის.
პროგრამა 2011 წელს არის დანერგილი და მას შემდეგ ჩატარდა ბევრი ახალი კვლევა და ახალი მიდგომები შეიქმნა. მე არ ვიცი, ასეთ დაწესებულებებში რა პრინციპებზე დაფუძნებული პროგრამებით ხელმძღვანელობენ, მაგრამ არ მგონია, რომ რომელიმე ჩვენმა ევროპელმა კოლეგამ, რომელსაც კარგად ესმის ბავშვის რთული ქცევითი ემოციური პრობლემების წინაპირობები და ქცევის ანატომია მიზანშეწონილად ჩათვალოს ასეთი ტიპის პროგრამით მუშაობა იქ, სადაც ბავშვი მოწყვიტეს ოჯახს და ასეთი გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო.

