17 ნოემბერი საშვილოსნოს ყელის კიბოს ელიმინაციის საერთაშორისო დღეა

გააზიარე

17 ნოემბერს მსოფლიო საშვილოსნოს ყელის კიბოს ელიმინაციის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს არის პირველი ონკოლოგიური დაავადება, რომლის პრევენცია და სრულად დამარცხება თანამედროვე მედიცინას უკვე შეუძლია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) დაავადების ელიმინაციის გლობალური სტრატეგია 2020 წელს დაამტკიცა. ორგანიზაციის მთავარი სამიზნე 2030 წლისთვის ე.წ. „90-70-90“ მოდელის მიღწევაა, რაც გულისხმობს:

  • 15 წლამდე გოგონების 90%-ის სრულ ვაქცინაციას ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) წინააღმდეგ;

  • ქალების 70%-ის სკრინინგს მაღალტექნოლოგიური მეთოდებით 35, ხოლო შემდგომ 45 წლის ასაკში;

  • საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის (კიბოსწინა მდგომარეობა ან ინვაზიური კიბო) მქონე ქალების 90%-ის სათანადო მკურნალობასა და მართვას.

საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა 95%-ზე მეტს სწორედ ადამიანის პაპილომავირუსი იწვევს. შესაბამისად, ელიმინაციის მთავარი იარაღი დროული ვაქცინაცია და რეგულარული სკრინინგია (პაპ-ტესტი და HPV დნმ ტესტი). ონკოლოგები ხაზს უსვამენ, რომ სკრინინგის შედეგად კიბოსწინა მდგომარეობის დროული აღმოჩენისა და მკურნალობის შემთხვევაში, ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების რისკი პრაქტიკულად ნულამდე მცირდება.

საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი და HPV ვაქცინაცია სახელმწიფო პროგრამით სრულად ფინანსდება. ჯანდაცვის ექსპერტების განმარტებით, გლობალური მიზნის მისაღწევად კრიტიკულად მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სკრინინგ-პროგრამებში ჩართვიანობის გაზრდა, რათა დაავადებამ, რომლის თავიდან აცილებაც მეცნიერულად უკვე შესაძლებელია, ქალების სიცოცხლე აღარ შეიწიროს.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები