კლინიკურ პრაქტიკაში, ორმაგი თერაპიის რეჟიმი, რომელიც აერთიანებს ორალურ ანტიკოაგულანტებსა (OAC) და ასპირინს, რუტინულად გამოიყენება ქრონიკული კორონარული სინდრომის (CCS) მქონე პაციენტებში კორონარული სტენტირების ანამნეზით. თუმცა, მულტიცენტრული კლინიკური კვლევის შედეგები ამ ემპირიულ პრაქტიკას ეჭვქვეშ აყენებს. აღნიშნული კვლევის მიზანია დაადგინოს ანტითრომბოზული მკურნალობის ოპტიმალური რეჟიმი მაღალი რისკის (თრომბოემბოლიური და ჰემორაგიული) მქონე პოპულაციისთვის.
ქრონიკული კორონარული სინდრომი (CCS) არის პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება კორონარული არტერიების შევიწროებით, რაც იწვევს გულის კუნთის სისხლმომარაგების შემცირებას. ამ პაციენტებს რეგულარულად ენიშნებათ ორალური ანტიკოაგულანტები თრომბით გამოწვეული ინსულტის პრევენციისთვის (განსაკუთრებით წინაგულების ფიბრილაციის შემთხვევაში) და ანტიაგრეგანტები (მაგ. ასპირინი) სტენტებში თრომბის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად. პრეპარატების ამგვარი კომბინაციით იზრდება სისხლდენის რისკი, მაშინ როდესაც არ არსებობს მყარი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მსგავსი მიდგომა ზრდის გულის შეტევისა და ინსულტის პრევენციის ეფექტურობას.
AQUATIC კვლევის ძირითადი მიგნებები
AQUATIC კვლევა, რომელიც საფრანგეთის 51 ცენტრში ჩატარდა, მოიცავდა 872 პაციენტს. ეს სუბიექტები კორონარული სტენტირების ანამნეზით და მაღალი ათეროთრომბოზული რისკით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გადანაწილდნენ ორ ჯგუფში:
ორალური ანტიკოაგულანტი ასპირინთან კომბინაციაში (ორმაგი თერაპია).
მონოთერაპია ორალური ანტიკოაგულანტით.
კვლევის მთავარი ამოცანა იყო შეეფასებინათ, გამოიწვევდა თუ არა ასპირინის დამატება პაციენტთა გამოსავლის გაუმჯობესებას (დამატებითი ზიანის გარეშე) საშუალოდ 2.2 წლიანი დაკვირვების (follow-up) პერიოდში.
ძირითადი კლინიკური გამოსავალი: პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ორმაგ ანტითრომბოზულ მკურნალობას (ასპირინისა და ორალური ანტიკოაგულანტის კომბინაციას), მონოთერაპიის ჯგუფთან შედარებით, სტატისტიკურად მნიშვნელოვნად მომატებული სიხშირით დაფიქსირდა როგორც ძირითადი არასასურველი კარდიოვასკულური მოვლენები (MACE) (მაგ. მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი და სხვა;) (16.9% და 12.1%), ისე საერთო სიკვდილიანობა (All-Cause Mortality) (13.4% და 8.4%).
ჰემორაგიული გართულებები: კომბინირებული თერაპიის ჯგუფში მძიმე სისხლდენის შემთხვევების სიხშირე თითქმის გასამმაგდა (10.2% და 3.4% შესაბამისად). რაც ეჭქვეშ აყენებს ამ ორმაგი რეჟიმის უსაფრთხოებას.
ეფექტურობის შეფასება: ასპირინის მიღებით არ დაფიქსირებულა დამატებითი სარგებელი ათეროთრომბოზული მოვლენების (როგორიცაა მიოკარდიუმის ინფარქტი ან სტენტის თრომბოზი) პრევენციის კუთხით.
კვლევა ნაადრევად შეწყდა: იმის გამო, რომ ორმაგი თერაპიის ჯგუფში სიკვდილიანობა საგრძნობლად გაიზარდა.
საბოლოოდ, AQUATIC-ის კვლევა ამყარებს მოსაზრებას, რომ იმ სუბიექტებისთვის, რომლებსაც ქრონიკული კორონარული სინდრომი აქვთ და იღებენ ხანგრძლივ ორალურ ანტიკოაგულაციურ თერაპიას (მათ შორის სტენტირების შემდეგ), ასპირინის შეწყვეტა შეიძლება იყოს უფრო უსაფრთხო არჩევანი თერაპიული ეფექტის შემცირების გარეშე.
წყარო: nejm

