თბილისის მედიცინის ინსტიტუტის (TIM) ენდოკრინოლოგიური დეპარტამენტისთვის 2026 წელი სამეცნიერო თვალსაზრისით ნაყოფიერი აღმოჩნდა – ენდოკრინოლოგთა გუნდმა კვლევები გამოაქვეყნა ავტორიტეტულ საერთაშორისო ჟურნალებში, ასევე მონაწილეობა მიიღო კონფერენციებსა და კონგრესებში.
კერძოდ, 2019 წელს დაფუძნებულმა ენდოკრინოლოგიურმა დეპარტამენტმა 2026 წელს საერთაშორისო ჟურნალებში 6 სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა. როგორც TIM-ის ენდოკრინოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი- ნინო ზავრაშვილი „მედსკრიპტუმთან“ საუბარში განმარტავს, მიმდინარე და გასული წლები გამორჩეული იყო საერთაშორისო თანამშრომლობის მასშტაბებითაც – მათ შორის აღსანიშნავია „მაიოს კლინიკის“ (Mayo Clinic) ენდოკრინოლოგების ვიზიტი საქართველოში და ერთობლივი სამეცნიერო ფორუმი, რომელმაც ასეულობით დელეგატს უმასპინძლა.

როგორც ენდოკრინოლოგი ნინო ზავრაშვილი აღნიშნავს, კლინიკური პრაქტიკისა და სამეცნიერო კვლევების სინთეზით, TIM-ის ენდოკრინოლოგთა გუნდი ისეთ უპრეცედენტო სერვისს ნერგავს რეგიონში, როგორიცაა თირკმელზედა ჯირკვლის ვენების კათეტერიზაცია (AVS) „მაიოს კლინიკის“ პროტოკოლით. როგორც ენდოკრინოლოგმა „მედსკრიპტუმს“ განუმარტა, გუნდის წევრებისა და რეზიდენტების მიერ მომზადებული კლინიკური ქეისები და კვლევები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მაღალ სტანდარტს, რომელიც მიზნად ისახავს როგორც ახალგაზრდა კადრების პროფესიულ ზრდას, ასევე პაციენტებისთვის ხარისხიანი სამედიცინო სერვისის გაწევას.
კვლევების თეზისებსა და მიგნებებზე, საკითხების აქტუალობასა და მათ ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნების მნიშვნელობაზე დეტალურად საუბრობს ენდოკრინოლოგი ნინო ზავრაშვილი:
რა არის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში, კერძოდ კი European Journal of Endocrinology-ში, ქართველი ენდოკრინოლოგების მიერ იშვიათი და კომპლექსური კლინიკური შემთხვევების გამოქვეყნების მთავარი ღირებულება და მნიშვნელობა?
European Journal of Endocrinology ენდოკრინოლოგიის სფეროში ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალია. ჩვენთვის ეს შესაძლებლობაა, საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოებას გავუზიაროთ იშვიათი კლინიკური შემთხვევები, ჩვენი დაკვირვებები და, მკურნალობის პროცესში დაგროვილი გამოცდილება. ამით ვერთვებით თანამედროვე სამეცნიერო დისკუსიებში და წვლილი შეგვაქვს მედიცინის განვითარებაში.
განსაკუთრებით სასიხარულოა, ქართველი სპეციალისტების წარმოჩენა და კლინიკური გამოცდილების გაზიარება საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში . ვფიქრობ, თითოეული ასეთი პუბლიკაცია მხოლოდ ავტორების პირადი პროფესიული მიღწევა არ არის; ის ქართული სამედიცინო საზოგადოების განვითარებისა და საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენის მნიშვნელოვანი ნაწილიცაა.
რა მნიშვნელობა აქვს კლინიკური შემთხვევების გამოქვეყნებასა და საერთაშორისო კონგრესებზე მათ წარდგენას ყოველდღიური კლინიკური პრაქტიკისთვის და როგორ უწყობს ეს ხელს ექიმებისა და რეზიდენტების პროფესიულ განვითარებას?
კლინიკური შემთხვევების გამოქვეყნებას რეზიდენტურის პერიოდშივე აქვს უდიდესი მნიშვნელობა. ყოველდღიურ პრაქტიკაში ექიმებს ხშირად გვხვდება პაციენტები, რომელთა კლინიკური სურათი სრულად არ ემთხვევა კონკრეტული დაავადებისთვის დამახასიათებელ კლასიკურ ნიშნებს, ზოგჯერ ერთდროულად რამდენიმე პათოლოგიური პროცესი მიმდინარეობს.
რეზიდენტებისა და ახალგაზრდა ექიმებისთვის საერთაშორისო სამედიცინო კონგრესებში მონაწილეობა პროფესიული და აკადემიური განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია. კონგრესებზე დასწრება მათ საშუალებას აძლევს, გაეცნონ მედიცინის უახლეს მიღწევებს, თანამედროვე გაიდლაინებს, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ინოვაციურ მიდგომებს, ასევე გაიზიარონ სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი სპეციალისტების გამოცდილება.
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კლინიკური შემთხვევების მომზადებასა და წარდგენას, რაც ხელს უწყობს კლინიკური აზროვნების, კრიტიკული ანალიზისა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უნარის განვითარებას. ამ პროცესში ახალგაზრდა ექიმი სწავლობს კლინიკური პრობლემის სისტემურ გაანალიზებას, დიფერენციული დიაგნოზის ჩამოყალიბებას, მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთებასა და სამეცნიერო მტკიცებულებების პრაქტიკაში გამოყენებას.
პროფესიული აუდიტორიის წინაშე საკუთარი გამოცდილების წარდგენა ასევე ავითარებს აკადემიური კომუნიკაციას, ზრდის პროფესიულ თავდაჯერებულობას და ქმნის გამოცდილ კოლეგებთან აზრთა გაცვლისა და თანამშრომლობის შესაძლებლობას.
რაც შეეხება „მეიოს კლინიკის“ პრაქტიკის დანერგვას საქართველოში, რა როლი აქვს MACS-ის (მსუბუქი ავტონომიური კორტიზოლის სეკრეცია) დიაგნოსტიკას თირკმელზედა ჯირკვლის შემთხვევითი წარმონაქმნების (ინციდენტალომების) მართვაში და რატომ რჩება ეს მდგომარეობა ხშირად შეუმჩნეველი?
თირკმელზედა ჯირკვლის ინციდენტალომა კომპიუტერული ან მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევისას შემთხვევით აღმოჩენილი წარმონაქმნია, რომელიც საკმაოდ ხშირია, განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში. MACS (mild autonomous cortisol secretion) ნიშნავს კორტიზოლის დამოუკიდებელ სეკრეციას (წარმოქმნას) ხშირად აშკარა კლინიკური ნიშნების გარეშე.
MACS-ის დიაგნოსტიკას მნიშვნელოვანი პრაქტიკული ღირებულება აქვს, რადგან ეს მდგომარეობა, ასოცირდება ჰიპერტენზიასთან, ტიპი 2 დიაბეტთან, დისლიპიდემიასთან, სიმსუქნესთან, ოსტეოპოროზთან, მოტეხილობებთან და გაზრდილ კარდიოვასკულურ რისკთან. დიაგნოზის დასმა გვეხმარება, თანმხლები პათოლოგიები უფრო აქტიურად გამოვავლინოთ და ვმართოთ, ხოლო შერჩეულ შემთხვევებში განვიხილოთ ქირურგიული მკურნალობაც.
ხშირ შემთხვევაში MACS არსებობისას პაციენტებს არ აქვთ დამახასიათებელი ნიშნები, ამიტომ ეს მდგომარეობა თავს ჰიპერტენზიის, დიაბეტის ან ოსტეოპოროზის ქვეშ „მალავს“.
შესაბამისად, მნიშვნელოვანია თირკმელზედა ჯირკვლის ინციდენტალომის დეტალური შეფასებისა და მართვის ერთიანი მიდგომა, რადიოლოგებისა და ენდოკრინოლოგების მჭიდრო თანამშრომლობა და ჰორმონული გამოკვლევების ხელმისაწვდომობა.
კვლავ კვლევის თემას რომ დავუბრუნდეთ, რა მრავალპროფილურ, კომპლექსურ მიდგომას და მართვის სტრატეგიას მოითხოვს ისეთი პაციენტი, რომელსაც ერთდროულად აქვს მრავლობითი სისტემური გამოვლინებები (კარდიოვასკულარული, რესპირატორული და მეტაბოლური დარღვევები) და რა მთავარი გართულებების თავიდან აცილებაა შესაძლებელი დროული, კოორდინირებული ჩარევით?
მრავლობითი სისტემური გამოვლინებების მქონე პაციენტი (კარდიოვასკულარული, რესპირატორული და მეტაბოლური დარღვევებით) საჭიროებს მულტიდისცინპლინურ მიდგომას, რაც გულისხმობს სხვადასხვა პროფილის სპეციალისტის (მაგ. ენდოკრინოლოგი, კარდიოლოგი, პულმონოლოგი, ნუტრიციოლოგი, რადიოლოგი, ქირურგი და/ან ზოგადი თერაპევტი) ჩართულობას და პაციენტის მდგომარეობის შეთანხმებულ მართვას. დროული და კოორდინირებული ჩარევით შესაძლებელია სხვადასხვა დაავადებების დიაგნოზირება, ეფექტური მკურნალობა და გართულებების პრევენცია.
TIM-ის სამეცნიერო კვლევები, რომლებიც საერთაშორისო ჟურნალებში გამოქვეყნდა:
გრეივსის დაავადებისა და ატიპიური ქვემწვავე თირეოიდიტის იშვიათი თანხვედრა: დიაგნოსტიკური და თერაპიული გამოწვევები
- ავტორები: მარიამ ბულაშვილი, ია კავთიაშვილი, ნინო ზავრაშვილი.
- European Journal of Endocrinology. 2026;195(Suppl 1):lvag096.1743.
- DOI: https://doi.org/10.1093/ejendo/lvag096.1743
პირველადი ალდოსტერონიზმის ბიოქიმიური თავისებურებები თირკმელზედა ჯირკვლის კომპიუტერული ტომოგრაფიის განსხვავებულ ფენოტიპებში
- ავტორები: ია კავთიაშვილი, მარიამ ბულაშვილი, ნინო ზავრაშვილი.
- European Journal of Endocrinology. 2026;195(Suppl 1):lvag096.753.
- DOI: https://doi.org/10.1093/ejendo/lvag096.753
კორტიზოლის ავტონომიურ მსუბუქ სეკრეციასთან (MACS) ასოცირებული რეზისტენტული ჰიპერტენზია და მძიმე ოსტეოპოროზი
- ავტორები: მარიამ ორჯონიკიძე, ნინო ზავრაშვილი, მარიამ ბულაშვილი.
- European Journal of Endocrinology. 2026;195(Suppl 1):lvag096.732.
- DOI: https://doi.org/10.1093/ejendo/lvag096.732
პერსისტენტული აკრომეგალიის კლინიკური, ბიოქიმიური და რადიოლოგიური მახასიათებლები: მცირე კლინიკური ჯგუფის (ქეისების სერიის) ანალიზი.
- ავტორები: მარიამ ბულაშვილი, ნინო ზავრაშვილი, მარიამ ორჯონიკიძე.
- European Journal of Endocrinology. 2026;195(Suppl 1):lvag096.1521.
- DOI: https://doi.org/10.1093/ejendo/lvag096.1521
აკრომეგალიისა და ჰიპოთირეოზის მქონე პაციენტის კლინიკური სურათი
- ავტორები: მარიამ ორჯონიკიძე, ნინო ზავრაშვილი, ია კავთიაშვილი.
- European Journal of Endocrinology. 2026;195(Suppl 1):lvag096.1491.
„Lp(a): უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ „ცუდი ქოლესტერინი“ – ორმაგი საფრთხე გულ–სისხლძარღვთა სისტემისთვის“
- ავტორი: ქეთევან ჭანტურიშვილი.
- International Atherosclerosis Society, IAS Inflammation Academy.

