კიბოს იმუნოთერაპიულმა ვაქცინამ მწვავე მიელოიდური ლეიკემიის მქონე პაციენტებში სიკვდილის რისკი 41%-ით შეამცირა

გააზიარე

ბიოფარმაცევტულმა კომპანია SELLAS Life Sciences-მა მესამე ფაზის კლინიკური კვლევის (REGAL) წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც იმუნოთერაპიულმა ვაქცინამ, Galinpepimut-S (GPS), მწვავე მიელოიდური ლეიკემიის (AML) მქონე პაციენტებში სიცოცხლის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად გაზარდა.

სტანდარტულ, ხელმისაწვდომ თერაპიასთან შედარებით, ვაქცინამ სიკვდილის რისკი 41%-ით შეამცირა (HR = 0.59; p = 0.035). GPS-ის ჯგუფში საერთო გადარჩენადობის საშუალო მაჩვენებელმა 24.0 თვე შეადგინა, საკონტროლო ჯგუფში კი — 14.7 თვე.

გლობალურ, რანდომიზებულ კვლევაში 126 პაციენტი მონაწილეობდა. ისინი მწვავე მიელოიდური ლეიკემიის მეორე ან მომდევნო სრულ რემისიაში (CR2+) იმყოფებოდნენ და სხვადასხვა მიზეზის გამო ღეროვანი უჯრედების ალოგენური ტრანსპლანტაციის ჩატარება არ შეეძლოთ. ვაქცინა სწორედ ამ მაღალი რისკის ჯგუფში, შემანარჩუნებელი მონოთერაპიის სახით გამოიცადა.

Galinpepimut-S (GPS) მემორიალ სლოუნ კეტერინგის კიბოს ცენტრში (Memorial Sloan Kettering Cancer Center) შემუშავებული პრეპარატია. ის WT1 ცილისგან მიღებული ოთხი პეპტიდისგან შედგება და ორგანიზმში CD4+ და CD8+ T-უჯრედების იმუნურ პასუხს ააქტიურებს. ვაქცინა იმუნურ სისტემას ორგანიზმში დარჩენილი WT1-ექსპრესირებადი ლეიკემიური უჯრედების ამოცნობასა და განადგურებაში ეხმარება, რაც რემისიას ახანგრძლივებს.

პრეპარატი პაციენტებმა კარგად აიტანეს და უსაფრთხოების ახალი რისკები არ გამოვლენილა. მკურნალობასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები უმეტესად მსუბუქი ან ზომიერი (1–2 ხარისხის) იყო და ძირითადად ინიექციის ადგილას ადგილობრივი რეაქციებით შემოიფარგლებოდა.

კვლევის სამეცნიერო კომიტეტის წევრების შეფასებით (რომელსაც MD Anderson-ის კიბოს ცენტრის პროფესორი ჰაგოპ კანტარჯიანი ხელმძღვანელობს), მეორე რემისიაში მყოფ პაციენტებს, რომლებსაც ტრანსპლანტაცია არ უტარდებათ, მკურნალობის უკიდურესად შეზღუდული არჩევანი და მძიმე პროგნოზი აქვთ. მათი თქმით, GPS-ს პოტენციალი აქვს, AML-ის შემანარჩუნებელი თერაპიის სტანდარტი ძირეულად შეცვალოს.

SELLAS Life Sciences-ი აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციასთან (FDA) შეხვედრას გეგმავს, რათა პრეპარატის დაჩქარებული რეგისტრაციის გზები განიხილოს. კომპანია ბიოლოგიური პრეპარატის ლიცენზირების განაცხადის (BLA) წარდგენას 2027 წლის პირველ ნახევარში აპირებს. კვლევის სრული მონაცემები და მეორადი მაჩვენებლების დეტალური ანალიზი მომავალ საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციაზე გამოქვეყნდება და რეცენზირებად ჟურნალში დასაბეჭდად გაიგზავნება.

წყარო: SELLAS Life Sciences

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები