ადრეული კლინიკური კვლევის შედეგებით, ყოველდღიურად მისაღებმა აბმა, daraxonrasib, ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში პანკრეასის გვიანი სტადიის კიბოს მქონე პაციენტებში სიმსივნის ზრდა თითქმის ყველა მონაწილეში შეაჩერა, ყოველ მე-12 პაციენტში კი დაავადების ნიშნები კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე საერთოდ აღარ ფიქსირდებოდა.
კვლევაში ახლად დიაგნოსტირებული, მეტასტაზური პანკრეასის კიბოს მქონე 61 პაციენტი მონაწილეობდა, რომლებსაც მედიკოსები საშუალოდ წელიწად-ნახევრის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ევროპის ონკოლოგიურ კონფერენციაზე (EORTC) წარდგენილი მონაცემებით:
-
პაციენტთა 90%-ში სიმსივნის ზრდა შეჩერდა;
-
60%-ზე მეტში სიმსივნური წარმონაქმნები შემცირდა ან გაქრა;
-
დაახლოებით 8%-ში (ყოველ მე-12 პაციენტში) კომპიუტერული ტომოგრაფიით (CT) სიმსივნის კვალი აღარ ჩანდა.
Daraxonrasib-ი KRAS ინჰიბიტორია, რომელიც აშშ-ში უკვე დამტკიცებულია. პრეპარატი პანკრეასის სიმსივნეთა უმეტესობაში არსებულ RAS მუტაციებს უკავშირდება და მათ აქტივობას ბლოკავს, რითაც სიმსივნური უჯრედების გამრავლებას აჩერებს. ვინაიდან მსგავსი მუტაციები სხვა ათეულობით ონკოლოგიურ დაავადებასაც (მათ შორის ფილტვისა და საკვერცხის კიბოს) ახასიათებს, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მედიკამენტი მომავალში სხვა ტიპის სიმსივნეების სამკურნალოდაც გამოდგება.
ორგანიზაცია Cancer Research UK-მა შედეგები პანკრეასის კიბოს მკურნალობაში „ბოლო ათწლეულების უდიდეს ნახტომად“ შეაფასა. ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ სემ გოდფრის თქმით, ახალმა პრეპარატმა შეძლო იმ სამიზნეზე ზემოქმედება, რომელიც აქამდე მედიკამენტებისთვის მიუწვდომლად მიიჩნეოდა.
კვლევაში ჩართული მემორიალ სლოუნ კეტერინგის კიბოს ცენტრის (აშშ) სპეციალისტის, დოქტორ ვუნგკი პარკის განმარტებით, კომბინირებული თერაპია არა მხოლოდ პასუხის მაღალ პროცენტს, არამედ დაავადების კონტროლის ხანგრძლივობის თითქმის გაორმაგებას აჩვენებს, რაც, შესაძლოა, პაციენტთა სიცოცხლის გახანგრძლივებაში გადაიზარდოს. EORTC-ის კონფერენციის თავმჯდომარის, პროფესორ ელენა გარალდას შეფასებითაც, ამ მიდგომას აქვს პოტენციალი, საგრძნობლად გაზარდოს როგორც საერთო გადარჩენადობა, ისე სიმსივნის ხელახალ ზრდამდე არსებული პერიოდი.
ამის მიუხედავად, ექიმები სიფრთხილეს იჩენენ და ხაზს უსვამენ, რომ პრეპარატი დაავადებას სრულად არ კურნავს. ჯერ უცნობია, რამდენ ხანს შეძლებს ის სიმსივნის შეკავებას. მართალია, წელიწად-ნახევრიანი დაკვირვების განმავლობაში პაციენტთა ნაწილს დაავადება არ დაბრუნებია, თუმცა სკანირებაზე სიმსივნის არარსებობა სრულ გამოჯანმრთელებას ავტომატურად არ ადასტურებს. იმის გასარკვევად, რამდენად მყარი და ხანგრძლივია მიღწეული რემისია, უფრო გრძელვადიანი კვლევებია საჭირო.
პანკრეასის კიბო გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებებს შორის გადარჩენადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევა. სტანდარტული ქიმიოთერაპიის ფონზე სიმსივნე ხშირად კვლავ იწყებს ზრდას, დაავადების გვიან სტადიაზე კი პაციენტთა უმეტესობა დიაგნოზის დასმიდან მხოლოდ თვეების განმავლობაში ცოცხლობს. მხოლოდ დიდ ბრიტანეთში ყოველწლიურად პანკრეასის კიბოს 11 500 ახალი შემთხვევა და დაახლოებით 10 200 გარდაცვალება აღირიცხება.
წყარო: BBC

