ფოკუსირებული ულტრაბგერითი ქირურგია თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური მიმართულებაა. Focused ultrasound surgery წარმოადგენს მეთოდს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ტვინზე ქირურგიული ჩარევა ყოველგვარი ჭრილობისა გარეშე მოხდეს. ეს ტექნოლოგია მნიშვნელოვნად ცვლის ტრადიციულ წარმოდგენას ნეიროქირურგიაზე და პაციენტებისთვის ბევრად უსაფრთხო და ნაკლებად ტრავმულ ალტერნატივას ქმნის.
ამ მეთოდის საფუძვლად მაღალი ინტენსივობის ულტრაბგერითი ტალღების გამოყენება უდევს. ტალღები სხვადასხვა მიმართულებიდან გადის თავის ქალაში და ერთ კონკრეტულ წერტილში კონცენტრირდება. სწორედ ამ ფოკუსირებულ უბანში ტემპერატურა იზრდება, რაც ქსოვილის მიზანმიმართულ დესტრუქციას იწვევს. ამ პროცესს აბლაცია ეწოდება. მნიშვნელოვანია, რომ ზემოქმედება ლოკალიზებულია და მიმდებარე ქსოვილები თითქმის არ ზიანდება. პროცედურა, როგორც წესი, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის კონტროლით ტარდება, რაც ექიმს საშუალებას აძლევს მაღალი სიზუსტით მართოს პროცესი.
ფოკუსირებული ულტრაბგერითი ქირურგია განსაკუთრებით ფართოდ ნევროლოგიური დაავადებების დროს გამოიყენება. ყველაზე გავრცელებული ჩვენებაა ესენციური ტრემორი, რომლის დროსაც პაციენტებში აღინიშნება უნებლიე, რითმული მოძრაობები. ასევე გამოიყენება პარკინსონის დაავადების გარკვეულ ფორმებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტრემორი წამყვანი სიმპტომია. გარდა ამისა, მიმდინარეობს კვლევები მისი გამოყენების შესახებ ტვინის სიმსივნეებისა და ზოგიერთი ფსიქიატრიული დარღვევის მკურნალობაში. აღსანიშნავია, რომ რიგ შემთხვევებში კლინიკური ეფექტი პროცედურის მიმდინარეობის დროსვე ხდება შესამჩნევი.
ამ მეთოდის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა მისი არაინვაზიურობაა. არ ხდება კანის გაჭრა და თავის ქალის ტრეპანაცია, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ინფექციისა და ოპერაციული გართულებების რისკს. ხშირ შემთხვევაში არ არის საჭირო ზოგადი ანესთეზია, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმული ან მაღალი რისკის მქონე პაციენტებისთვის. რეაბილიტაციის პერიოდი მოკლეა და პაციენტებს კლინიკის დატოვება ხშირად იმავე დღეს შეუძლიათ.
მიუხედავად მრავალი უპირატესობისა, მეთოდს გარკვეული შეზღუდვებიც აქვს. იგი არ არის ეფექტური ტვინის ყველა უბნისთვის და შედეგზე შეიძლება გავლენა თავის ქალის ანატომიურმა თავისებურებებმა მოახდინოს, მაგალითად, სისქემ. ზოგიერთ პაციენტში შეიძლება განვითარდეს გვერდითი მოვლენები, როგორიცაა მგრძნობელობის დროებითი დარღვევა ან წონასწორობის პრობლემები. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ტექნოლოგია ჯერ კიდევ არ არის ფართოდ ხელმისაწვდომი და გამოიყენება მხოლოდ სპეციალიზებულ სამედიცინო ცენტრებში.
ფოკუსირებული ულტრაბგერითი აჩვენებს, რომ მომავალში ქირურგიული ჩარევები შეიძლება სულ უფრო ნაკლებად ინვაზიური, უფრო ზუსტი და პაციენტისთვის უსაფრთხო გახდეს. მსგავსი ტექნოლოგიების განვითარება არა მხოლოდ ნეიროქირურგიას, არამედ სხვა სამედიცინო დარგებსაც მნიშვნელოვნად გარდაქმნის.
წყარო:

