ხელოვნური ინტელექტით მართული იარაღის დარეგულირება მალე დაგვიანებული იქნება — წითელი ჯვარი

გააზიარე

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა (ICRC) და უფლებადამცველი ორგანიზაციების გაფრთხილებით, ავტონომიური იარაღის განვითარება მისი რეგულირების მცდელობებს უსწრებს და მალე პროცესის კონტროლი შეუძლებელი გახდება.

ეს განცხადება ჟენევაში, გაეროს კონვენციის წევრი 120-ზე მეტი სახელმწიფოს ერთკვირიანი კონფერენციის დასრულებას მოჰყვა. შეხვედრაზე ქვეყნები მხოლოდ იმაზე შეთანხმდნენ, რომ მარეგულირებელ მექანიზმზე მომდევნო ორი წლის განმავლობაში იმსჯელებენ, რაც უფლებადამცველების შეფასებით მზარდ საფრთხეს ვერ პასუხობს.

ავტონომიური იარაღი სამხედრო სისტემაა, რომელიც ადამიანის ზედამხედველობის გარეშე, ხელოვნური ინტელექტის ან რობოტიკის მეშვეობით მოქმედებს. „უკვე ვხედავთ, რომ ხელოვნურ ინტელექტს ბრძოლის ველზე და, შესაძლოა, უშუალოდ იარაღის სისტემებშიც იყენებენ“, — განაცხადა ICRC-ის საერთაშორისო სამართლის დირექტორმა კორდულა დროეგემ და აღნიშნა, რომ რეგულაციების გარეშე პროცესის შეჩერება გაცილებით გართულდება. მისი თქმით, საერთაშორისო შეთანხმებით უნდა გაევლოს მკაფიო „წითელი ხაზები“, რომელთაგან ერთ-ერთი მანქანების მიერ ადამიანების მიზანში ამოღების აკრძალვაა.

ICRC-ის პრეზიდენტი მირიანა სპოლიარიჩ ეგერი და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების მიღებას ითხოვენ. წითელი ჯვარი კონკრეტულად ადამიანების წინააღმდეგ ავტონომიური იარაღის გამოყენების აკრძალვას და მათი მოქმედების მხოლოდ სამხედრო ობიექტებით შეზღუდვას მოითხოვს. უფლებადამცველები შიშობენ, რომ დაგვიანების შემთხვევაში თამაშის წესებს თავად კერძო ინდუსტრია და სამხედროები დაადგენენ.

წყარო: The Guardian

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები