ჩესტერის ზოოპარკის ბინადარი, 23 წლის ბადეებიანი პითონი, სახელად „ჯოდი ფოსტერი“, მსოფლიოში პირველი გველი გახდა, რომელსაც ადამიანებისთვის განკუთვნილი ინოვაციური ონკოლოგიური მკურნალობა — ელექტროქიმიოთერაპია ჩაუტარდა.
4.5 მეტრი სიგრძისა და 50 კილოგრამი წონის ქვეწარმავალს ყბაზე ავთვისებიანი სიმსივნე (ფიბროსარკომა) დაუდგინდა. ქირურგიული ჩარევით სიმსივნის ამოკვეთის მიუხედავად, დაავადება მალევე დაბრუნდა და ყბის ძვლის განადგურება დაიწყო.ყბის ძვლის დაზიანებამ პითონს ჭამა იმდენად გაურთულა, რომ დაღუპვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.
რადგან განმეორებითი ქირურგიული ჩარევა საკმარისი აღარ იქნებოდა, ზოოპარკის ვეტერინარებმა და ლივერპულის უნივერსიტეტის ონკოლოგებმა ელექტროქიმიოთერაპიის მეთოდის გველებზე ადაპტირება გადაწყვიტეს. პითონის განსაკუთრებული ზომის გამო, 90-წუთიანი ოპერაციის ჩასატარებლად ექიმებს ორი საოპერაციო მაგიდის გაერთიანება დასჭირდათ. პროცედურის დროს ვეტერინარებმა სიმსივნური მასა და დაზიანებული ძვლის ნაწილი მოხსნეს, რის შემდეგაც დარჩენილი კიბოს უჯრედების გასანადგურებლად უშუალოდ ელექტროქიმიოთერაპია გამოიყენეს.
აღნიშნული მეთოდი ქიმიოთერაპიული პრეპარატისა (ბლეომიცინის) და ზუსტად კონტროლირებადი ელექტრული იმპულსების კომბინაციას გულისხმობს. ეელექტრული იმპულსების ზემოქმედებით სიმსივნური უჯრედის გარსი დროებით იხსნება, რაც წამალს უჯრედის შიგნით მარტივად და მიზნობრივად შეღწევის საშუალებას აძლევს.
მკურნალობიდან რამდენიმე თვის შემდეგ ჩატარებულმა შემოწმებამ დაადასტურა, რომ სიმსივნის დაბრუნების ნიშნები აღარ არსებობს. ზოოპარკის წარმომადგენელთა თქმით, პითონი ჩვეულ ენერგიულ ფორმას დაუბრუნდა და საკვების მიღებას ყოველგვარი სირთულის გარეშე ახერხებს. კლინიკური გუნდი უნიკალური პროცედურის დეტალებს სამეცნიერო ლიტერატურაში ოფიციალურად გამოაქვეყნებს, რათა მსოფლიოს ვეტერინარულმა საზოგადოებამ ინოვაციური პრაქტიკა სამომავლოდაც გამოიყენოს.
წყარო: The Guardian

