mRNA-თერაპიის ინტრანაზალური გზით შეყვანამ დაბერებისა და ალცჰაიმერის დროს თაგვებში კოგნიტიური ფუნქცია აღადგინა და ტვინში წამლის მიწოდების არაინვაზიური გზა გამოკვეთა.
COVID-19-ის პანდემიამ mRNA ვაქცინები წინა პლანზე წამოსწია და მათი დამცავი გარსის – ლიპიდური ნანონაწილაკების (LNPs) როლიც გამოკვეთა. სწორედ ეს გარსი ეხმარება mRNA-ს, რომ უჯრედებში უსაფრთხოდ მოხვდეს.
ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით, „სიდნეის უნივერსიტეტის“ ფუნქციური გენომიკის მკვლევარმა გრეგორი ნილიმ და მისმა გუნდმა შექმნეს ინტრანაზალური mRNA-LNP თერაპია, რომელმაც დაბერებისა და ალცჰაიმერის დაავადების მქონე თაგვებში კოგნიტიური მაჩვენებლები გააუმჯობესა. კვლევის შედეგები, რომელიც ჟურნალ Advanced Science-ში გამოქვეყნდა, პრეპარატების ტვინამდე მიწოდების ახალ შესაძლებლობას ქმნის და ასაკთან დაკავშირებული თუ ნეიროდეგენერაციული დაავადებების მკურნალობის შესაძლებლობას აჩენს.
მკვლევრებმა BioNTech-ის კლინიკურად გამოცდილი COVID-19-ის mRNA-ს საფუძველზე, in vitro ტრანსკრიბირებით, ფლუორესცენტული ცილის „შემქმნელი“ მოდიფიცირებული mRNA მიიღეს.
„mRNA ვაქცინების წარმატებამ აჩვენა, რომ ამ სისტემებს უჯრედებში გენეტიკური ინსტრუქციების უსაფრთხოდ მიტანა შეუძლია“, – აღნიშნა კვლევის თანაავტორმა, ნილის ლაბორატორიის პოსტდოქტორანტმა მარია ბერგამასკომ, – „გვინდოდა გვენახა, შეგვეძლო თუ არა ამ ტექნოლოგიის მორგება ისე, რომ ტვინისთვის სასარგებლო ცილები სრულიად არაინვაზიური გზით მიგვეღო.“
ამ მიზნით მკვლევრებმა ნაწილაკების შესაყვანად ინტრანაზალური მეთოდი აირჩიეს, რადგან ცხვირის ღრუს ყნოსვითი ნეირონები აქსონებს პირდაპირ ცენტრალურ ნერვულ სისტემაში (ცნს) აგზავნის. ეს გზა მეცნიერებს ჰემატოენცეფალური ბარიერის გადალახვის სირთულის დაძლევაში ეხმარება – ბარიერისა, რომელიც ბევრ პრეპარატს ტვინში მოხვედრაში უშლის ხელს.
ცხვირის გზით შეყვანისას ფლუორესცენტურმა სიგნალმა აჩვენა, რომ LNP-ში მოთავსებული mRNA ცხვირის ღრუს სასუნთქ და ყნოსვით ეპითელიუმში რჩება, საიდანაც ყნოსვითი ეპითელიუმი ცილებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში გადასცემს, – „ესძალიან საინტერესო დადასტურებაა იმისა, რომ mRNA-ის მიერ კოდირებული ცილები ნერვულ სისტემაში პირდაპირ ცხვირის გავლით ხვდება“, – აღნიშნა მკვლევარმა გრეგორი ნილიმ.
მეხსიერების აღდგენა ალცჰაიმერის დაავადების მქონე თაგვებში
ამ შედეგებმა მკვლევრებს უბიძგა, სისტემა ტვინისთვის განკუთვნილ პრეპარატებზეც გამოეცადათ. მათ შექმნეს mRNA მოლეკულები, რომლებიც ტვინის ნეიროტროფულ ფაქტორს (BDNF) ქმნის – ეს არის ცილა, რომელიც ნერვულ სისტემას აღადგენს და სინაფსურ კავშირებს აძლიერებს. მისი კლინიკური ეფექტიანობა კი შეზღუდულია, რადგან BDNF ჰემატოენცეფალურ ბარიერს ვერ კვეთს.
მკვლევრებმა BDNF-ის წარმომქმნელი mRNA (mBdnf) ლიპიდურ ნანონაწილაკებში მოათავსეს და ხანდაზმულ თაგვებს ინტრანაზალური გზით შეუყვანეს. ქცევითმა ტესტებმა აჩვენა, რომ ამ გზით ნამკურნალებ თაგვებს საკონტროლო ჯგუფზე უკეთესი მეხსიერება ჰქონდათ და შედეგებით ახალგაზრდა თაგვებს არ ჩამორჩებოდნენ.
მსგავსი შედეგი დაფიქსირდა ალცჰაიმერის მქონე თაგვებშიც: მათი მეხსიერება იმავე ასაკის საკონტროლო თაგვებისას აღემატებოდა და კოგნიტიური ფუნქციით ჯანმრთელ თანატოლ თაგვებს შეესაბამებოდა.
ჰისტოლოგიურმა ანალიზმა აჩვენა, რომ მკურნალობამ ტვინის ფუნქცია ამილოიდური ფოლაქების – ალცჰაიმერთან დაკავშირებული ცილოვანი გროვების შემცირების გარეშეც შეინარჩუნა.
მკვლევარმა ნილიმ ხაზი გაუსვა, რომ ჯერჯერობით ნაადრევი დასკვნებისგან თავის შეკავებაა საჭირო და კლინიკურ კვლევებამდე დიდი გზაა გასავლელი, თუმცა პერსპექტივა რეალურია.
„წინა კლინიკური კვლევების მიხედვით, ამ კომპონენტების უსაფრთხოება ადამიანებში უკვე ცნობილია. იმედი გვაქვს, უსაფრთხოების საჭირო კვლევებს მალე დავასრულებთ და მეთოდს ადამიანებზე მომდევნო ორ წელიწადში გამოვცდით“, – აღნიშნა მან.
წყარო: The Scientist

