PDRN, იგივე პოლიდეოქსირიბონუკლეოტიდი, ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ინგრედიენტად იქცა როგორც ესთეტიკურ მედიცინასა და კლინიკურ დერმატოლოგიაში, ასევე მასობრივ კოსმეტიკურ ბაზარზე, მათ შორის, საქართველოშიც.
ინგრედიენტი ესთეტიკურ მედიცინაში თავდაპირველად იტალიაში ჩატარებული ფარმაცევტული კვლევების შემდეგ გამოჩნდა, მსოფლიო მასშტაბით მასზე მოთხოვნა კი მას შემდეგ გაიზარდა, რაც სამხრეთ კორეულმა ბრენდებმა განავითარეს. დღეს PDRN, როგორც ინგრედიენტი, გვხვდება სახის შრატების, კრემებისა თუ პოპულარული ჰიდროგელის ნიღბების ფორმულებში.
დერმატოლოგთა ნაწილი ამტკიცებს, რომ PDRN-ის შემცველ გარეგან საშუალებებს მხოლოდ დროებითი ეფექტი აქვს და კანში კოლაგენის სინთეზზე გავლენას ვერ ახდენს. განსხვავებული შეხედულებები არსებობს ინიექციებთან დაკავშირებით.
სანამ PDRN მასობრივი წარმოების კოსმეტიკურ პროდუქტებში მოხვდებოდა, 1950-იანი წლების იტალიაში მას სამედიცინო მიზნით იკვლევდნენ – ნუკლეინის მჟავების ექსტრაქტების შესწავლისას, ქსოვილების რეგენერაციის მიზნით. 90-იან წლებში ინგრედიენტი უკვე იტალიურმა კომპანია Mastelli-მ კლინიკურ პრაქტიკაში დაამკვიდრა, მათ შორის, რთულად შეხორცებადი ჭრილობებისა და წყლულების სამკურნალოდ. 2000-იანი წლებიდან კი ინდუსტრია ორაგულისა და კალმახის დნმ-ის ექსტრაქციაზე გადავიდა, რაც ფართოდ გამოიყენება სამხრეთ კორეულ კანის მოვლის საშუალებებშიც.
PDRN კანის მოვლის ინდუსტრიაში
2014 წლიდან ინგრედიენტზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება, თუმცა ესთეტიკურ მედიცინაში. სამხრეთ კორეაში კომპანია PharmaResearch-ის მიერ შექმნილმა საინიექციო პოლინუკლეოტიდურმა პრეპარატებმა (მაგალითად, Rejuran) ესთეტიკურ დერმატოლოგიაში ახალ მიმართულებას დაუდო სათავე – ე.წ. დნმ-ის გამაახალგაზრდავებელ პროცედურებს, რომლებიც კანის სტრუქტურის გაუმჯობესებაზე იყო ორიენტირებული.
სამი წლის თავზე ინგრედიენტი უკვე გამოჩნდა კანის მოვლის გარეგან საშუალებებშიც. კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდში კი, როდესაც კორეულ კოსმეტიკაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა, PDRN-ის ფრაგმენტირებული, დაბალმოლეკულური ფორმები გაჩნდა კანის მოვლის ისეთ პროდუქტებში, როგორიცაა სახის კრემი, შრატი, ჰიდროგელის ნიღაბი და სხვა.
PDRN-ის მოქმედება ორ ძირითად მექანიზმს ეფუძნება:
- ადენოზინის A2A რეცეპტორების გააქტიურება: PDRN უკავშირდება უჯრედების ზედაპირზე არსებულ A2A რეცეპტორებს, რაც ამცირებს ანთებით სიგნალებს და ასტიმულირებს ქსოვილის აღდგენისა და მიკროცირკულაციის პროცესებს.
- ფერმენტული დაშლისას წარმოქმნილი ნუკლეოტიდები და ნუკლეოზიდები უჯრედებს ეხმარება დნმ-ის სინთეზისთვის საჭირო „სამშენებლო მასალების“ უფრო ეკონომიურად გამოყენებაში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაზიანებული ან სტრესის ქვეშ მყოფი ქსოვილისთვის.
PDRN-ს რეალური ეფექტი შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ შედეგი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ხვდება მოლეკულა ქსოვილში. ამასთან, მტკიცებულებითი ბაზა ინიექციური ფორმებისთვის უფრო მყარია, ვიდრე გარეგანი ფორმულებისთვის. ინიექციების შემთხვევაში, კლინიკურ პრაქტიკასა და კვლევებში PDRN-ის ყველაზე ხშირად აღწერილი შედეგებია: ჭრილობებისა და ქსოვილების შეხორცების დაჩქარება, ნაწიბურების ხარისხის გაუმჯობესება, კანის სიმკვრივისა და ელასტიკურობის გაუმჯობესება და წვრილი ნაოჭების ხილვადობის შემცირება, განსაკუთრებით თვალის ირგვლივ.
კლინიკური მტკიცებულებები გარეგანი PDRN-ისთვის დღემდე უფრო ადრეულ ეტაპზეა, ვიდრე საინიექციო ფორმებისთვის, თუმცა ბოლო პერიოდში ჩნდება პირველი კლინიკური ცდები დაბალ და საშუალომოლეკულურ ფორმებზე.
PDRN-ის გარეგანი მოვლის საშუალებებში ბესტსელერია ჰიდროგელის ნიღბები, რომელიც ქმნის გრილ, ოკლუზიურ და მაღალი ტენიანობის მიკროგარემოს, დროებით ამცირებს ტრანსეპიდერმულ წყლის დანაკარგს. აღნიშნულ პროდუქტებში PDRN-ის ეფექტი უმეტესად სწრაფ, მოკლევადიან დამამშვიდებელ და დამატენიანებელ ეფექტს ემსახურება (მაგალითად, გადაღლილი კანის ან პროცედურების შემდგომი დისკომფორტისას) და არა ღრმა სტრუქტურულ ცვლილებებს, რაც ინიექციის შედეგად მიიღწევა.
რანდომიზებული კლინიკური კვლევების მიმოხილვის შესაბამისად, რომელიც 2026 წლის იანვრამდე გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით არის მომზადებული („Polynucleotides and Polydeoxyribonucleotides for Skin Rejuvenation, Postoperative Scar Prevention, and Wound Healing: A Systematic Review of Randomized Clinical Trials“ (Cureus, 2026; PMID: 42572627)), გაკეთდა დასკვნები, რომლის თანახმადაც, PDRN რეალურად არის ეფექტიანი ჭრილობებისა და პოსტოპერაციული ნაწიბურების შეხორცებისთვის, ასევე შედეგი აქვს წვრილი ნაოჭების შემცირების თვალსაზრისითაც. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დასკვნები ეფუძნება 7 რანდომიზებულ კვლევას და ავტორები თავადაც აღნიშნავენ, რომ, მიუხედავად დამაიმედებელი შედეგებისა, ესთეტიკური მიმართულებით აუცილებელია უფრო მასშტაბური და სტანდარტიზებული კვლევები.
PDRN-ის რეალურ ეფექტზე, კლინიკური კვლევების შედეგებსა და კლინიკურ დერმატოლოგიაში ინგრედიენტის გამოყენებაზე დეტალურად საუბრობს დერმატო-ვენეროლოგი, დერმატოლოგი ნინო ლომსაძე:

დერმატო-ვენეროლოგი, დერმატოლოგი – ნინო ლომსაძე
რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ PDRN-ისა და პოლინუკლეოტიდების გამოყენება კლინიკურ დერმატოლოგიაში დღეს არსებული მტკიცებულებების ფონზე და რა არის მისი ყველაზე რეალისტური, პროგნოზირებადი დანიშნულება?
PDRN-ისა და პოლინუკლეოტიდების გამოყენება კლინიკურ დერმატოლოგიაში დღეს არსებული მტკიცებულებების ფონზე შეიძლება იყოს გამართლებული, მაგრამ შერჩეულ კლინიკურ სიტუაციებში და არა როგორც უნივერსალური გაახალგაზრდავების მეთოდი. PDRN-ისა და პოლინუკლეოტიდების სასარგებლოდ არსებობს სამი ძირითადი მტკიცებულება:
- პრეკლინიკური კვლევები, რომლებიც აღწერს ადენოზინის A2A რეცეპტორებთან დაკავშირებულ სიგნალიზაციას, ანთების მოდულაციასა და ქსოვილის აღდგენის მექანიზმებს;
- კლინიკური კვლევები ჭრილობების შეხორცების, ნაწიბურებისა და კანის ესთეტიკური გაუმჯობესების მიმართულებით;
- მცირე რანდომიზებული კვლევები, რომლებიც მიუთითებს კანის ტექსტურის, ელასტიკურობისა და ნაოჭებთან დაკავშირებული პარამეტრების შესაძლო გაუმჯობესებაზე. თუმცა, ეს მონაცემები ჯერ არ გვაძლევს საფუძველს, რომ PDRN/პოლინუკლეოტიდები განვიხილოთ რეტინოიდების, ფოტოდაცვის ან სხვა კარგად შესწავლილი მეთოდების ალტერნატივად.
ამ ეტაპზე ყველაზე დამაჯერებელია მისი გამოყენება ქსოვილის აღდგენის ხელშეწყობის მიზნით, განსაკუთრებით ჭრილობის შეხორცების გარკვეულ სიტუაციებში. ეს არ ნიშნავს, რომ ინგრედიენტს ყველა ტიპის ჭრილობაზე ან ყველა პაციენტთან ერთნაირი ეფექტი ექნება.
ესთეტიკურ დერმატოლოგიაში კი ყველაზე რეალისტური მიზანია კანის ხარისხის ზომიერი გაუმჯობესება – ტექსტურის, ელასტიკურობის, ჰიდრატაციისა და წვრილი ნაოჭების მიმართულებით. ღრმა ნაოჭების, გამოხატული ფოტოდაბერების ან პიგმენტაციის მკურნალობისთვის PDRN/პოლინუკლეოტიდების ეფექტურობა გაცილებით ნაკლებად დადასტურებულია.
რა პრაქტიკული განსხვავებაა საინიექციო PDRN/პოლინუკლეოტიდებსა და გარეგან კოსმეტიკურ საშუალებებს (შრატებს, კრემებს, ჰიდროგელის ნიღბებს) შორის – რეალურად აღწევს თუ არა გარეგანი ფორმა დერმამდე კანის დაუზიანებელი ბარიერის პირობებში?
პირველ რიგში, აქ მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან განვასხვავოთ ბიოლოგიური ნივთიერების პოტენციალი და კონკრეტული ფორმულაციის უნარი, რომ ეს ნივთიერება სამიზნე ქსოვილამდე მივიდეს.
ინტრადერმული ინიექციისას შეყვანილი ნივთიერება პირდაპირ დერმაში თავსდება და გვერდს უვლის კანის მთავარ ბარიერს – ეპიდერმალურ რქოვანა შრეს, ამიტომ საინიექციო ფორმის შემთხვევაში უფრო რეალისტურია დერმული უჯრედებისა და ექსტრაცელულარულ მატრიქსში პრეპარატის შეღწევა და მათზე მოქმედება. ხოლო გარეგანი მიწოდების შემთხვევაში, განსაკუთრებით დაუზიანებელი კანის პირობებში, მაღალი მოლეკულური მასის მქონე პოლიმერების, მათ შორის PDRN-სა და პოლინუკლეოტიდების, პასიური ტრანსდერმული შეღწევა მნიშვნელოვნად შეზღუდულია. მნიშვნელოვანია, რომ მოლეკულური მასა ერთადერთი ფაქტორი არ არის – გავლენას ახდენს მოლეკულის ზომა, ფორმულაცია, კონცენტრაცია, კანის მდგომარეობა და გამოყენებული მიწოდების ტექნოლოგია, ამიტომ ჰიდროგელის ნიღაბი, როცა PDRN-ს შეიცავს, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ნივთიერება დერმამდე აღწევს ან საინიექციო ფორმის მსგავსი ბიოლოგიური ეფექტი აქვს.
როგორ აფასებთ 2026 წლის Cureus-ის სისტემატური მიმოხილვის შედეგებს, სადაც 7 რანდომიზებულ კვლევაში ყველაზე მკაფიო სარგებელი ჭრილობების შეხორცებასა და ნაწიბურების პრევენციაში გამოჩნდა, ხოლო ესთეტიკურ გაახალგაზრდავებაში შედეგები დამაიმედებელია?
Cureus-ის სისტემური მიმოხილვა მოიცავდა 7 რანდომიზებულ კვლევას, 183 მონაწილეს, და ძიება ჩატარდა 2026 წლის იანვრამდე. მიმოხილვის შედეგების მიხედვით: 4 კვლევა აფასებდა კანის გაახალგაზრდავებას; ერთი – ოპერაციის შემდგომი ნაწიბურების პრევენციას; ორი – ჭრილობის შეხორცებას.
პირველ რიგში, ეს მიმოხილვა აძლიერებს ჰიპოთეზას, რომ PDRN-სა და პოლინუკლეოტიდებს აქვს ქსოვილების აღმდგენი ხელშემწყობი პოტენციალი. მაგრამ, როგორც ამბობთ, ამ კვლევაშიც აღნიშნულია, რომ ეფექტურობა ერთნაირი არ არის.
რაც შეეხება ამ კვლევის მნიშვნელოვან შეზღუდვებს, ესენია: 1. მცირე საკვლევი პოპულაცია; 2. სხვადასხვა პრეპარატის, კონცენტრაციისა და პროცედურული პროტოკოლის გამოყენება; 3. შედეგების შეფასების განსხვავებული მეთოდები; 4. ხანგრძლივი დაკვირვების შეზღუდული მონაცემები; 5. სხვადასხვა კლინიკური ჩვენების ერთ მიმოხილვაში გაერთიანება.
რამდენად დიდია სხვაობა კლინიკურ ეფექტიანობაში PDRN-სა (მოკლე ჯაჭვები, უპირატესად ანთების საწინააღმდეგო მოქმედება) და პოლინუკლეოტიდებს (PN – უფრო გრძელი ჯაჭვები, სტრუქტურული/ვისკოელასტიკური ეფექტი) შორის, როდესაც ექიმი პაციენტს ურჩევს პროცედურას?
PDRN და PN ერთმანეთთან დაკავშირებული, მაგრამ არაიდენტური ტერმინებია. PDRN (პოლიდეოქსირიბონუკლეოტიდი) აღნიშნავს დნმ-ის შედარებით მოკლე ფრაგმენტების ნარევს, PN (პოლინუკლეოტიდები) კი უფრო გრძელი ჯაჭვების მქონე პოლიმერია. თუმცა, მნიშვნელოვანია: მოლეკულური სიგრძე ამ ორ ჯგუფს შორის ერთადერთი განმასხვავებელი არ არის და მათი მახასიათებლები შეიძლება ერთმანეთს ფარავდეს. სხვადასხვა მწარმოებლის პრეპარატები განსხვავდება მოლეკულური მასით, ჯაჭვების განაწილებით, კონცენტრაციითა და ფორმულაციით.
რომელ კლინიკურ სიტუაციებში (მაგალითად, ლაზერული ან მიკრონიდლინგის შემდგომი რეაბილიტაცია, თხელი/დეჰიდრატირებული კანი, როზაცეასადმი ან სიწითლისადმი მიდრეკილება) იძლევა PDRN ყველაზე კარგ პრაქტიკულ შედეგს და როდის არის ის უბრალოდ დამატებითი დამატენიანებელი/დამამშვიდებელი კომპონენტი?
ჭრილობის შეხორცებისა და ნაწიბურების პრევენცია ერთ–ერთი ყველაზე დამაჯერებელი მიმართულებაა არსებული რანდომიზებული კვლევების მიხედვით. თუმცა აქაც საჭიროა კონკრეტული ჩვენების, არსებული პრეპარატის ფორმისა და გამოყენების მეთოდის გათვალისწინება. PDRN არ უნდა განვიხილოთ ჭრილობის სტანდარტული მოვლის, ინფექციის კონტროლის ან საჭირო ქირურგიული ჩარევის შემცვლელად.
მისი გამოყენება უფრო ეფექტურია ლაზერისა და მიკრონიდლინგის შემდგომი რეაბილიტაციისას, რადგან პროცედურა იწვევს კონტროლირებად ქსოვილოვან დაზიანებას, რაც გარეგანი საშუალებების შეყვანისთვის მარტივ და ეფექტურ გარემოს ქმნის.
თხელი ან დეჰიდრატირებული მდგომარეობის შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ კანის ზომიერი გაუმჯობესება, მაგრამ შედეგი რეალისტურად უნდა შეფასდეს. ჰიდრატაციის გაუმჯობესება თავისთავად არ ნიშნავს დერმის სტრუქტურული აღდგენის დადასტურებას. თუ პაციენტის მთავარი პრობლემა კანის სიმშრალე ან დეჰიდრატაციაა, ხშირად უფრო პროგნოზირებადი საწყისი არჩევანია კანის ბარიერის აღდგენა დამატენიანებლებითა და გამღიზიანებელი ფაქტორის გამოვლენითა და მისი გამოყენების შეწყვეტით.
როზაცეისა და სიწითლისადმი მიდრეკილი კანისთვის ჯერ არ არის სათანადო დადასტურებული მონაცემები, მიუხედავად PDRN-ის ანთების საწინააღმდეგო მოქმედებისა. როზაცეის დროს მნიშვნელოვანია დაავადების გამომწვევი მიზეზის, ფენოტიპის შეფასება და შესაბამისი სტანდარტული მკურნალობა.
რამდენად მნიშვნელოვანია ინგრედიენტის წარმომავლობა – ორაგულის/კალმახის დნმ–ზე დაფუძნებული PDRN vs. მცენარეული („ფიტო“) ან ბიოფერმენტირებული ალტერნატივები – როგორც ეფექტურობის, ისე ჰიპოალერგიულობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით?
PDRN-ის წარმომავლობა მნიშვნელოვანია, თუმცა მისი კლინიკური ეფექტურობისა და უსაფრთხოების შეფასებისას მხოლოდ ნედლეულის წყაროთი ხელმძღვანელობა არასწორი იქნება. ტრადიციულად, PDRN მიიღება ორაგულისა და კალმახის დნმ-ისგან. თევზის დნმ-ზე დაფუძნებული PDRN-ის სასარგებლოდ არსებობს პრეკლინიკური და კლინიკური მონაცემები, რაც ამ ეტაპზე მისთვის გარკვეულ მტკიცებულებით უპირატესობას ქმნის. თუმცა ეს უპირატესობები არ უნდა განვაზოგადოთ. სხვადასხვა მწარმოებლის პრეპარატები შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს დნმ-ის მოლეკულური მასის განაწილებით, კონცენტრაციით, ნარჩენი ცილების შემცველობითა და წარმოების პროცესით. შესაბამისად, ერთი კონკრეტული პრეპარატის ეფექტურობის შესახებ არსებული მონაცემები ავტომატურად არ ადასტურებს იმავე ეფექტს სხვა პროდუქტისთვის, თუნდაც მათ მსგავსი წარმოშობა ჰქონდეს.
განსაკუთრებით საინტერესოა მცენარეული წარმოშობისა და ბიოფერმენტაციით მიღებული ნუკლეოტიდური კომპონენტების განვითარება. თუმცა, ამ პროდუქტების შეფასებისას მნიშვნელოვანია განვასხვაოთ, საუბარია დნმ-ის ფრაგმენტებზე, ნუკლეოტიდებზე თუ სხვა ბიოლოგიურად აქტიურ კომპონენტებზე. ტერმინი „ფიტო-PDRN“ თავისთავად არ განსაზღვრავს ნივთიერების ქიმიურ შემადგენლობას, მოლეკულურ მახასიათებლებს ან ბიოლოგიურ აქტივობას. ასევე, ბიოფერმენტაციის გამოყენება არ ნიშნავს, რომ საბოლოო პროდუქტი აუცილებლად იმეორებს თევზის დნმ-ისგან მიღებული PDRN-ის მოქმედებას.
უსაფრთხოების თვალსაზრისით, მცენარეული წარმოშობა ან ბიოფერმენტაცია ავტომატურად არ გულისხმობს ჰიპოალერგიულობას. ალერგიული რეაქციის რისკი დამოკიდებულია არა მხოლოდ ნედლეულის წყაროზე, არამედ საბოლოო პროდუქტში დარჩენილ ცილოვან მინარევებზე, დამუშავების ხარისხსა და სხვა კომპონენტებზე. შესაბამისად, თევზის ცილებზე ალერგიის მქონე პაციენტებში მხოლოდ პრეპარატის დასახელებით ან მისი წარმოშობის შესახებ ზოგადი ინფორმაციით უსაფრთხოების დასკვნის გაკეთება არ არის გამართლებული.
კლინიკური პრაქტიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ისაა, რომ კონკრეტულ პროდუქტზე არსებობდეს სანდო მონაცემები მისი შემადგენლობის, სისუფთავის, წარმოების ხარისხისა და კლინიკური ეფექტურობის შესახებ. ამ ეტაპზე თევზის დნმ-ზე დაფუძნებულ PDRN-ს უფრო მყარი კლინიკური მტკიცებულებები აქვს, ვიდრე მცენარეული ან ბიოფერმენტირებული ალტერნატივების უმეტესობას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა თავისთავად უზრუნველყოფს უკეთეს ეფექტურობას ან უსაფრთხოებას. საბოლოო შეფასება უნდა ეფუძნებოდეს არა მხოლოდ ინგრედიენტის წარმომავლობას, არამედ კონკრეტული ფორმულაციის ხარისხსა და მისთვის არსებულ კლინიკურ მონაცემებს.
რა გვერდით მოვლენებს ან რისკებს უნდა ელოდეს პაციენტი ინიექციური პროცედურებისას (მაგალითად, პაპულები, შეშუპება, სისხლჩაქცევები, იშვიათი რეაქციები)?
ზოგადად, ნებისმიერი ინიექციური პროცედურისას შეიძლება აღინიშნოს ადგილობრივი გვერდითი მოვლენები, რომლებიც პროდუქტთან არ არის კავშირში. ესენია: ინიექციის ადგილზე პაპულები და კვანძოვანი წარმონაქმნები, შეშუპება, ერითემა, ტკივილი, სისხლჩაქცევები, ქავილი და დისკომფორტი. ეს რეაქციები დროებითია და კანი მალევე უბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას.მაგრამ, ზემოთ აღნიშნული რუტინული გვერდითი მოვლენების გარდა, შეიძლება გამოვლინდეს: ინფექცია, ხანგრძლივი ანთებითი და გრანულომატოზური რეაქცია, ასევე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. კონკრეტულად თევზის ცილებიდან წარმოებული PDRN-ის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა შეფასდეს თევზის ცილებზე ალერგიის ისტორია. ამის გარდა, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო და ხშირ შემთხვევაში პროცედურის გადადება კანის სხვადასხვა მდგომარეობისას. ესენია: აქტიური ინფექცია ან ჰერპესული დაზიანება სამკურნალო უბანში; აქტიური ანთებითი დერმატოზის გამწვავებისას; ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, როდესაც კონკრეტული პრეპარატის უსაფრთხოების მონაცემები არასაკმარისია; იმუნოსუპრესიის ან შემაერთებელქსოვილოვანი დაავადებებისას რისკი ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს.
2026 წლის მიმოხილვაში მძიმე გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა, თუმცა კვლევებში პროტოკოლები და დოზირება განსხვავებულია – კლინიკურ პრაქტიკაში რა განაპირობებს კურსის ხანგრძლივობასა და პროცედურების რაოდენობას თითოეულ პაციენტთან?
ამჟამად არ არსებობს უნივერსალურად დადასტურებული PDRN/PN-ის კურსი, რომელიც ყველა პაციენტისთვის ოპტიმალური იქნება. კვლევებში განსხვავდება პრეპარატები, კონცენტრაციები, მიწოდების ტექნიკები, პროცედურის ინტერვალები და დაკვირვების ხანგრძლივობები. ამიტომ კურსის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია: კლინიკური ჩვენება – ჭრილობის შეხორცება, ნაწიბურის პრევენცია თუ კანის გაახალგაზრდავება; კონკრეტული პრეპარატის მახასიათებლები; სამიზნე ქსოვილის მდგომარეობა; პაციენტის ინდივიდუალური რეაქცია; პროცედურის შემდეგ განვითარებული მოვლენები.
ესთეტიკური გამოყენებისას გონივრულია წინასწარ განისაზღვროს მკურნალობის მიზანი და შეფასდეს შედეგი ობიექტური პარამეტრებით, მაგალითად, სტანდარტიზებული ფოტოგრაფიით ან კანის ტექსტურისა და ელასტიკურობის შეფასებით.
როგორ ურჩევდით მკითხველს, გაარჩიოს რეალურად ფორმულირებული, ეფექტიანი პროდუქტი იმ კოსმეტიკური საშუალებებისგან (მათ შორის ჰიდროგელის ნიღბებისგან), სადაც PDRN მხოლოდ მარკეტინგული აქცენტია დაბალი კონცენტრაციით ან დაუმტკიცებელი პენეტრაციით?
PDRN-ის შემცველი პროდუქტის შეფასებისას მხოლოდ ინგრედიენტის დასახელება საკმარისი არ არის, ყურადღება უნდა მივაქციოთ: კონკრეტულად PDRN-ია, PN თუ სხვა ნუკლეოტიდური კომპონენტი; აქტიური ნივთიერების რაოდენობა; კონცენტრაცია საბოლოო პროდუქტში; არსებობს თუ არა მონაცემები მოლეკულური მასისა და ჯაჭვების განაწილების შესახებ; პროდუქტი საინიექციო არის თუ გარეგანი მიწოდების; კონკრეტულად ამ პროდუქტის ფორმულაციაზე ჩატარებული კვლევები არსებობს თუ მხოლოდ ინგრედიენტზე ზოგადი კვლევები; ბოლოს კი, არსებობს თუ არა სტერილობისა და წარმოების ხარისხის შესაბამისი დოკუმენტაცია.
გარეგანი კოსმეტიკური საშუალებები თუ შეიცავს PDRN-ს, მაგრამ არ არსებობს მონაცემები მისი ბიოშეღწევადობის ან კლინიკური ეფექტის შესახებ, არ არის გამართლებული მისი საინიექციო PDRN-ის ეკვივალენტად წარმოდგენა, ასევე პროდუქტზე მარკეტინგული წარწერები „დნმ-ის მაღალი კონცენტრაცია“ ან „ღრმა შეღწევა“ თავისთავად არ არის ეფექტურობის მტკიცებულება.
თუ პაციენტის მთავარი მიზანი ღრმა ნაოჭების შემცირება, პიგმენტაცია ან ფოტოდაბერების კორექციაა, რა ადგილს იკავებს PDRN სხვა, უფრო კარგად შესწავლილ დერმატოლოგიურ ინგრედიენტებთან და პროცედურებთან (რეტინოიდები, ფოტოდაცვა, ენერგეტიკული/ინიექციური მეთოდები) შედარებით?
ღრმა ნაოჭების შემთხვევაში მნიშვნელოვანია განვასხვავოთ დინამიკური ნაოჭები, მოცულობის დაკარგვით გამოწვეული ნაოჭები და ფოტოდაბერებით განპირობებული სტრუქტურული ცვლილებები. PDRN/PN-ის გამოყენება შეიძლება განიხილებოდეს კანის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მაგრამ არ უნდა შეიქმნას მოლოდინი, რომ ის ღრმა ნაოჭებს საიმედოდ გააქრობს. დღეს უფრო მყარად დასაბუთებული მკურნალობის მეთოდებია: ბოტულინოტოქსინი, შესაბამისი ფილერები, ზოგ შემთხვევაში ლაზერული პროცედურები, ხოლო PDRN/PN შეზღუდულად არის შესწავლილი.
PDRN-ის ანტიმელანოგენური მოქმედება აღწერილია პრეკლინიკურ კვლევებში, მაგრამ ეს მონაცემები არ არის საკმარისი მისი მელაზმის ან სხვა პიგმენტური დარღვევების სტანდარტულ მკურნალობად რეკომენდაციისთვის. პიგმენტაციის დროს პირველ რიგში პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს დერმატოლოგის შეფასებას, დიაგნოსტირებას, ფოტოდაცვასა და კონკრეტული პიგმენტური დარღვევისთვის შესწავლილ მკურნალობას.
ფოტოდაბერების მართვისთვის მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან ფოტოდაცვასა და ადგილობრივი რეტინოიდების გამოყენებას გაცილებით მყარ მტკიცებულებებს ეყრდნობა და PDRN/PN შეიძლება იყოს დამატებითი მეთოდი, მაგრამ მან არ უნდა ჩაანაცვლოს ძირითადი მკურნალობა.

