სტამბოლში გამართულ თამბაქოს კონტროლის მე-11 ევროპულ კონფერენციაზე პალაუს პირველმა ლედიმ და კოალიცია „თამბაქოსგან თავისუფალი პალაუს“ თავმჯდომარემ, ვალერი უიპსიმ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს გაეროს ინიციატივაში ჩართვისკენ მოუწოდა. ინიციატივა ნიკოტინის, როგორც დამოკიდებულების გამომწვევი ფსიქოაქტიური ნივთიერების, საერთაშორისო კონტროლის სიაში შეტანას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ ავრცელებს, რომლის წარმომადგენლობაც კონფერენციას საქართველოდან ესწრებოდა.
მოწევისა და თამბაქოს პრევენციის ევროპული ქსელისა (ENSP) და თურქეთის მწვანე ნახევარმთვარის საზოგადოების (Yeşilay) მიერ ორგანიზებული შეხვედრის მთავარი თემა თამბაქოსა და ნიკოტინის ინდუსტრიის აგრესიული მარკეტინგი იყო. მონაწილეებმა განიხილეს ის ახალი პროდუქტები, ელექტრონული სიგარეტები და ნიკოტინის ბალიშები, რომლებიც მოქმედ რეგულაციებს გვერდს უვლის და მოზარდებზეა გათვლილი.
კონფერენცია „სტამბოლის დეკლარაცია 2026“-ის მიღებით დასრულდა. მანიფესტით მთავრობებს ბავშვთა განვითარებადი ტვინის ნიკოტინისგან დაცვისა და „ტექნოლოგიურად ნეიტრალური“ კანონმდებლობის მიღებისკენ მოუწოდებენ. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ბიზნესის სოციალურ-ეკონომიკური ინტერესები არასდროს უნდა გახდეს ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის გადავადების საფუძველი.
რატომ არ მუშაობს პროდუქტების სათითაოდ აკრძალვა
ვალერი უიპსის თქმით, პალაუმ პრაქტიკაში ნახა, რომ თამბაქოს ინდუსტრიასთან ბრძოლა კონკრეტული პროდუქტების სათითაოდ აკრძალვით უშედეგოა.
„ჩვენ ჯერ ელექტრონული სიგარეტები ავკრძალეთ, თუმცა სულ რაღაც რამდენიმე თვეში ბაზარზე ნიკოტინის ბალიშები გამოჩნდა. ინდუსტრიას აქვს უზარმაზარი რესურსი, რათა კანონის გვერდის ავლით, პერიოდულად ახალი პროდუქტი გამოუშვას. აღარც კი მალავენ, რომ პირდაპირ დამოკიდებულებას ყიდიან და მათი სამიზნე ბავშვები არიან. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ ბრძოლა არა კონკრეტული მოწყობილობების, არამედ თავად მთავარი ნივთიერების, ნიკოტინის მოლეკულის (როგორც ბუნებრივი, ისე სინთეზური ფორმების) წინააღმდეგ დაგვეწყო“, — განაცხადა პალაუს პირველმა ლედიმ.
1971 წლის ფსიქოტროპულ ნივთიერებათა კონვენციის საფუძველზე, პალაუ მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც გაეროს გენერალურ მდივანს ნიკოტინის კონტროლის სიაში შეტანის ოფიციალური მოთხოვნით მიმართა. საკითხი უკვე შეტანილია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტთა კომიტეტის 2027 წლის ოქტომბრის დღის წესრიგში.
უიპსიმ ქართულ მხარეს ორი ძირითადი მიმართულებით მოქმედება ურჩია:
-
გაეროს ინიციატივაში ჩართვა: საქართველოს მთავრობამ გაეროში ანალოგიური ოფიციალური შეტყობინება უნდა გაგზავნოს და 2027 წლის ოქტომბრამდე სამეცნიერო მტკიცებულებების შეგროვების პროცესში ჩაერთოს. უიპსის შეფასებით, რაც მეტი ქვეყანა გაგზავნის მიმართვას, მით მეტი წონა ექნება ჯანმო-ს გადაწყვეტილებას, საერთაშორისო სიაში ნიკოტინის მოხვედრა კი საქართველოს ეროვნული პოლიტიკის გასატარებლად გაცილებით ძლიერ ბერკეტებს მისცემს.
-
პოლიტიკური ნება და კანონმდებლობა: პალაუს გამოცდილებით, წარმატება პარლამენტში აქტიური მხარდამჭერების არსებობამ, სამოქალაქო სექტორის ჩართულობამ და კანონმდებლობაში თამბაქოს სრული აღმოფხვრის მიზნის ჩადებამ განაპირობა.
„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ მოთხოვნები
„თამბაქოს კონტროლის ალიანსში“ იმედოვნებენ, რომ საქართველოს პარლამენტი უახლოეს პერიოდში განიხილავს ახალ საკანონმდებლო წინადადებებს, რომლებიც ბავშვებსა და ახალგაზრდებს ნიკოტინის ახალი პროდუქტებისგან დაიცავს.
„სტამბოლის დეკლარაცია 2026“-სა და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ საქართველოში დაუყოვნებლივ უნდა გადაიდგას შემდეგი ნაბიჯები:
-
აიკრძალოს ბავშვებზე გათვლილი ელექტრონული სიგარეტები და ნიკოტინის ბალიშები;
-
აიკრძალოს არომატები ყველა სახის თამბაქოსა და ნიკოტინის ნაწარმში;
-
გაიზარდოს გადასახადები და ყველა ახალ ნაწარმზე დაინერგოს სადა შეფუთვა;
-
გამკაცრდეს კვამლისა და აეროზოლებისგან თავისუფალი გარემოს, აგრეთვე ინტერნეტში რეკლამისა და პოპულარიზაციის აკრძალვის კონტროლი.
წყარო: geoecohub

