სკოლის პირველი ზარი, ახალი მერხი, უცხო სახეები – ეს ყველაფერი ბავშვის ცხოვრებაში ახალი თავგადასავლის დასაწყისია. მშობლებისთვის ეს სიამაყის მომენტია, თუმცა, ამავე დროს, შესაძლოა, შფოთვისა და სტრესის მიზეზი გახდეს, რადგან ახალი გარემო და უცნობი გამოწვევები ბავშვებში შიშის გრძნობას აჩენს.
ცვლილების წინაშე მდგომ ადამიანს შესაძლოა შფოთვა დაეწყოს, რაც სავსებით ნორმალურია, განსაკუთრებით კი ბავშვებში, რომლებსაც უწევთ დატოვონ მათთვის უსაფრთხო და ნაცნობი გარემო, სახლი.
მნიშვნელობა არ აქვს, ბავშვი პირველად მიდის საბავშვო ბაღში, დაწყებით, საშუალო თუ უმაღლეს სკოლაში, სახლიდან მოშორებით ყოფნამ, შესაძლოა, მას შიში გაუჩინოს. მთავარი კი ისაა, რომ მშობელმა იცოდეს, როგორ უნდა გადააქციოს ეს შფოთვა მოტივაციად და როგორ გაამხნევოს ბავშვი, რომ პირველი ზარი სასიამოვნო მოგონებად დარჩეს.
შფოთვის მიზეზების გაგება და გულღია საუბარი
შფოთვის დასაძლევად პირველი ნაბიჯი მისი გამომწვევი მიზეზების გაგებაა. ესაუბრეთ თქვენს შვილს და ეცადეთ, გაარკვიოთ, კონკრეტულად რა აშინებს მას. შეიძლება ეს მეგობრების შეძენა, მასწავლებლები, სასკოლო დავალებები ან რაიმე სხვა ახალი გამოწვევა იყოს, მაგალითად, სკოლამდე ტრანსპორტით მგზავრობა. ხშირად, მხოლოდ და მხოლოდ ამ შიშებზე საუბარიც კი ბავშვს სიმშვიდის მოპოვებაში ეხმარება.
თქვენი მხრიდან სიყვარულის, მხარდაჭერისა და თანადგომის გამოხატვა უმნიშვნელოვანესია. გაუზიარეთ მას საკუთარი გამოცდილება, როდესაც რაიმე ახლის შიში გქონდათ და უთხარით, როგორ გაართვით თავი ამ გრძნობას. ამ პროცესში უფროსი და-ძმის ჩართვაც შეგიძლიათ, რომ მათაც გაუზიარონ საკუთარი ისტორიები, თუ როგორ დაძლიეს მსგავსი შფოთვები. ეს ბავშვს დაანახებს, რომ ის მარტო არ არის ამ გრძნობებთან, შფოთვა ნორმალურია და მისი გადალახვა სავსებით შესაძლებელია.
წინასწარი მომზადება და რუტინის დანერგვა
იმისათვის, რომ ბავშვი სკოლისთვის მოამზადოთ, ესაუბრეთ იმაზე, თუ როგორი იქნება მისი ერთი სასკოლო დღე. დაათვალიერებინეთ სკოლა, საკლასო ოთახი, სათამაშო მოედანი, შეახვედრეთ მასწავლებლებს. მოძებნეთ სხვა ბავშვები, რომლებიც სკოლაში იმავე წელს მიდიან და მოაწყვეთ შეხვედრა სათამაშო მოედანზე. ეს დაეხმარება თქვენს შვილს, სკოლის დაწყებამდე ახალი მეგობრები შეიძინოს.
სკოლის დაწყებამდე ერთი-ორი კვირით ადრე, დაიწყეთ რუტინის დანერგვა. გაიღვიძეთ ადრე და მოემზადეთ დროულად. ასევე, შეგიძლიათ ივარჯიშოთ საშინაო დავალებების შესრულებაზე. ამ პროცესში უფროსი ბავშვიც ჩართეთ, რათა მან უმცროსს თავისი გამოცდილება გაუზიაროს.
გაატარეთ დრო ცალ-ცალკე
თანდათანობით დაიწყეთ თქვენი შვილისგან განცალკვებით დროის გატარება. თავდაპირველად, შეგიძლიათ ბავშვი მეგობრის სახლში ერთი საათით დატოვოთ, შემდეგ კი ნელ-ნელა გაზარდოთ ეს დრო, რათა სხვებთან ერთად მარტო ყოფნას შეეჩვიოს.
ყველა ეს ნაბიჯი ეფუძნება შფოთვის მკურნალობის ერთ-ერთ ძირითად პრინციპს: როდესაც რაღაცის გეშინიათ, რაც სინამდვილეში საშიში არ არის, საჭიროა, რომ ამ შიშის წყაროსთან შეხების პრაქტიკა გქონდეთ, სანამ ის რუტინული და ნაკლებად შფოთვის გამომწვევი არ გახდება.
თუ ბავშვი ეწინააღმდეგება ამ მცდელობებს, ან თუ მისი შფოთვა არ მცირდება, მიმართეთ პედიატრს ან სხვა პროფესიონალს. შფოთვა ცხოვრების ნორმალური ნაწილია, რომლის სრულად აღმოფხვრა შეუძლებელია, თუმცა მისი შემცირების მრავალი ეფექტური სტრატეგია არსებობს.
წყარო: Mayo Clinics

