ბელგიელი ლუკას ჯემელჯანოვა მხოლოდ ექვსი წლის იყო, როდესაც მას ტვინის ღეროს ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სიმსივნე — დიფუზური ინფილტრაციული თავის ტვინის ღეროს გლიომა (DIPG) დაუდგინდა. ეს დაავადება უმძიმესია თავის ტვინის კიბოებს შორის და დიაგნოზის დასმიდან პაციენტების უმრავლესობა ერთ წელზე მეტს ვერ ცოცხლობს.
დიაგნოზის შემდეგ ლუკასი ოჯახმა საფრანგეთში, გუსტავ რუსის ონკოლოგიური ცენტრში წაიყვანა. სწორედ იქ ჩაერთო ის BIOMEDE- დიფუზური ინფილტრაციული თავის ტვინის ღეროს გლიომის აღმოფხვრისთვის განკუთვინილ ბიოლოგიურ კვლევაში, რომელიც ინოვაციური პრეპარატით, ევეროლიმუსით ტარდებოდა. პრეპარატი მანამდე გამოიყენებოდა სხვადასხვა სიმსივნის სამკურნალოდ (ძუძუს, თირკმლის, კუჭის და პანკრეასის), თუმცა გლიომისთვის პირველად ამ კვლევაში დაიტესტა.
კვლევის ხელმძღვანელი, ცნობილი ფრანგი ექიმი ჟაკ გრილი, ემოციურად იხსენებს, როგორ აუხსნა მშობლებს, რომ მათი შვილი მალე გარდაიცვლებოდა. თუმცა მკურნალობის დაწყების შემდეგ MRI სკანებმა აჩვენა, რომ სიმსივნე თანდათან ქრებოდა, საბოლოოდ კი ლუკასის ორგანიზმიდან სრულიად გაუჩინარდა და დღემდე არ დაბრუნებულა.
მიუხედავად იმისა, რომ სიმსივნე აღარ იკვეთებოდა, ექიმი გრილი მკურნალობას აგრძელებდა, სანამ წლების შემდეგ ლუკასი არ გამოუტყდა, რომ წამლებს უკვე წელიწადნახევარია თვითნებურად აღარ იღებდა. ეს შემთხვევა უპრეცედენტოა, რადგან ლუკასი პირველი ბავშვია მსოფლიოში, რომელიც DIPG-ით სრულად განიკურნა.
DIPG-ის მკურნალობა თითქმის შეუძლებელია. ქირურგიული ჩარევა ტვინის ღრმად მდებარე კრიტიკულ უბანში დაავადების ინვაზიიის გამო არ ხორციელდება, ხოლო მხოლოდ სხივური თერაპია, პალიატიური ეფექტით შემოიფარგლება. BIOMEDE კვლევამ მნიშვნელოვნად შეცვალა მიდგომა. კვლევაში მონაწილე ყველა პაციენტს ჩაუტარდა მოლეკულური ბიოფსია, რამაც 10% შემთხვევაში რადიოლოგიური დიაგნოზის შეცდომაც გამოავლინა.
ლუკასის გარდა კვლევაში კიდევ შვიდი ბავშვი მონაწილეობდა, რომელთაგან ზოგს რემისია ჰქონდა, თუმცა მხოლოდ ლუკასის სიმსივნე გაქრა. ექიმის თქმით, ბიჭის სიმსივნეს ჰქონდა უიშვიათესი მუტაცია, რაც, სავარაუდოდ, განსაზღვრავდა პრეპარატზე უჩვეულოდ დადებით რეაქციას.
დღეს მეცნიერები ლუკასის სიმსივნური უჯრედების ინ ვიტრო შესწავლას ცდილობენ. მათ შექმნეს ხელოვნური ორგანოიდები, რომლებსაც ბიჭის უჯრედების მსგავსი მახასიათებლები აქვთ, და ამ გზით ცდილობენ აღმოაჩინონ, რატომ იმოქმედა ევეროლიმუსმა ასე ეფექტურად.
ექიმი გრილი მიიჩნევს, რომ დასკვნების გასაკეთებლად მინიმუმ 10-15 წელი დაგვჭირდება, თუმცა მისი კოლეგა ზიგლერი ოპტიმისტურად აცხადებს: „ლაბორატორიაში მიღწეულმა პროგრესმა, დაფინანსების ზრდამ და BIOMEDE-ს მსგავსმა კლინიკურმა კვლევებმა დამარწმუნა, რომ მალე შევძლებთ ზოგიერთი პაციენტის განკურნებას“.
წყარო:

